მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ადგილობრივ დონეზე ქალთა/ოჯახში ძალდობის მსხვერპლთა დახმარების სერვისების ხელმისაწვდომობა

ადგილობრივ დონეზე ქალთა/ოჯახში ძალდობის მსხვერპლთა დახმარების სერვისების ხელმისაწვდომობა

“ადგილობრივ დონეზე ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების სერვისების ხელმისაწვდომობა“ – ეს იყო ონლაინ მრგვალი მაგიდის თემა, რომელსაც იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნლები, ასევე ადგილობრივ დონეზე ცენტრალური და არასამთავრობო სერვისების მიმწოდებლები, ბენეფიციარები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.

შეხვედრა ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით, კანადის თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით გაიმართა.

ონლაინ შეხვედრაზე ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელმა ლინდა ჩიხლაძემ მონაწილეებს ვებგვერდი – ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურცენტრი (http://gbvdigitalresourcecenter.ge/ngo) გააცნო. ეს პლათფორმა ფონდი „სოხუმის“ პროექტის მთავარი მიზნის ერთი სიმბოლური სახეა, რომელიც უსასრულოდ ბევრ ინფორმაციას და რჩევას ერთ განზომილებაში იტევს: სიახლეებს, თემატურ ლიტერატურას, კვლევებს, სტატისტიკას, ქალთა მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამებს, ქალთა მხარდაჭერის ცენტრალურ, მუნიციპალურ და არასამთავრობო სერვისების გრძელ ნუსხას, რომელიც ერთნაირად საინტერესოა, როგორც ძალადობის მსხვერპლისთვის, ასევე მსხვერპლის თანადგომით დაინტერესებული ადამიანისთვის.

ღონისძიებაზე სენაკის, თერჯოლისა და ქობულეთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა ისაუბრეს ადგილობრივ დონეზე ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების სერვისებზე ხელმისაწვდომობის კუთხით ქალებისთვის არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე.

“მთავარია, სახელმწიფომ ცნო, რომ ოჯახური ძალადობის საქმე არის სახელმწიფოს საქმე. ქალებმა, რომლებთანაც მე ურთიერთობა მქონია, თავიდან არც კი იცოდნენ რომ ძალადობის მსხვერპლები იყვნენ. დღეს სურათი შეცვლილია. ეს ჩემი გამოცდილებაა და ფონდი „სოხუმის“ პროექტის ეფექტია. კიდევ ბევრია სამუშაო ადგილობრივი მუნიციპალიტეტების და არასამთავრობო სტრუქტურების კოორდინაციით იმისთვის, რომ გრძელვადიანი დახმარებების მოდელზე მივიდეთ. უმნიშვნელოვანესია დაფინანსების გაზრდა თვითმმართველობის ეგიდით“ – განაცხადა თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორმა რუსუდან კოვზირიძემ.

მუნიციპალიტეტებში არსებული საუკეთესო პრაქტიკასა და გამოწვევებზე ქალთა მხარდაჭერის სერვისების კუთხით (საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამები და სხვ.) საკუთარი გამოცდილება გააზიარეს ზუგდიდისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა.

“როცა საკრებულოში ფეხი შემოვდგი, პირველი რაც გავიგონე, ქალთა ფონდი „სოხუმი“ იყო. მე თვითონ აქტიური ადამიანი ვარ, წარმატებული მეწარმე და დიდი სურვილი მაქვს ჩემი მუნიციპალიტეტი მოწინავე იყოს ქალთა გაძლიერების საკითხში. გვაქვს ბევრი სერვისი, მაგრამ მეტი გამოცდილება გვინდა და თქვენთან ურთიერთობით აუცილებლად სრულვყოფთ. გვაქვს ქალთა ოთახი, ერთჯერადი დახმარებები და საბინაო გადასახადებით უზრუნველყოფაც, მაგრამ მთავარი, ცნობიერების ამაღლება და განათლების ხელისაწვდომობაა ძალადობის მსხვერპლთათვის, რომ გვერდით დგომა ერთჯერადი და ფრაგმენტული არ იყოს“ – განაცხადა ნინო ჭანიშვილმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ.

“თქვენი საიტი ოცნების ახდენაა, სრულყოფილი ელექტრონული სამაგიდო წიგნი ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ქალთა თემაზე მუშაობს“, – აღნიშნა დისკუსიისას რუსუდან პაჭკორიამ, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის – ასოციაცია „მერკურის“ იურისტმა.

კომენტარები