მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ყავა და სიგარეტი“ ქუთაისურად და ქუჩის პერსონაჟები

“ყავა და სიგარეტი“ ქუთაისურად და ქუჩის პერსონაჟები

ნიტამ და მისმა  მეგობრებმა განსაკუთრებული როლი ითამაშეს ჩვენს თეატრალურ ფანტაზიებში. ყველა, ვისაც ხელოვნების სიყვარული ჰქონდა, ბუნებრივად გადმოდიოდა ჩვენს ყოველდღიურ ურთიერთობაში. ეს “ბუზებამდეც“, „ანტიგონეს“ ჩაფიქრების პროცესში დაიწყო და გაგრძელდა. ეს ბლოგიც ერთ-ერთი მათგანის ინსპირაციითაა. ქუთაისური რომანტიკის მკაფიო სახით. მკაფიო თუ დასამახსოვრებელი, ან უბრალოდ შთამბეჭდავით.

გიორგი

.. ვიდრე „თეატრალური იმერეთის“ ფესტივალი დაიწყება და ისევ სხვების შემოქმედებაზე ვილაპარაკებ აღფრთოვანებით, თუ გულისწყვეტით, იმ თემას დავუბრუნდი, რაზეც „გოდოს მოლოდინში“ გვინდოდა მე და თეატრის ბიჭს, მკრთალი საავტორო ხაზის დამატება.  ბეკეტის პერსონაჟების – ვლადიმერის  და ესტრაგონის „გოდოს მოლოდინამდე“ მისული გზის წარმოდგენას ვცდიდით. ამ ისტორიასაც ნინო ჭოლაძის Coffee Bean- ის არომატი ასდის. იქ დაგროვილ შავ-თეთრ ემოციებს ვახარისხებდით საინტერესო სახეებთან ერთად. ჰოდა, გიოსთან გავაგრძელე ეს დიალოგი:

-რა არის შენთვის ქუთაისის  რომანტიკა?

-ქუჩის რომანტიკით ვცხოვრობთ. ქუთაისური ქუჩა – ესთეტიკაა ეს. ესთეტიკა და ურთიერთობები.

-რა არის ეს ურთიერთობები?

-ხანდახან შეიძლება არაფერი იყოს. უბრალოდ მოცემულ სიტუაციაში კონტაქტს ნიშნავს. „ყავა და სიგარეტს“ ჰგავს, ფილმს, რომელსაც ახლა ვუყურებ. 11 ნოველაა. ოთხკუთხედ მაგიდასთან სხედან და უბრალოდ, ლაპარაკობენ. ყველაფერზე ლაპარაკობენ. თან ეწევიან და ყავას სვამენ. ესაა ჩვენი ყოველდღიურობაც.

-და ამ შავ-თეთრ ფილმში, ოღონდ შენს ნამდვილ ფილმში, რა არის ის, რასაც ფერი შემოაქვს?

-ადამიანები. პერსონები. შეიძლება საერთოდ არ გქონდეს ურთიერთობა,  ახლო, ან შორი, ან საერთოდ არ იცნობდე, მაგრამ შეხედავ და გებადება შეგრძნებები. ქუთაისში ბევრია ასეთი ადამიანი, რომელიც აღარ გავიწყდება მერე.

გიო არ ჰგავს ბევრს. მაგრამ ბევრი თვისება, ინტერესი, ქუთაისური ატმოსფერო აერთიანებს თაობასთან. თაობასთან  არა ასაკით, არამედ ყოველდღიური რიტუალით, -ყავის სმის და სიგარეტის მოწევის Coffee Bean-თან. არადა ამ დროს ბევრი ფიქრია. შექმნის ცდა, იდეის წვალება. ადამიანს გააჩნიაო..  მართალია.

-ქუთაისი ხომ ფიქრის საშუალებას სულ გაძლევს, ესეცაა მისი რომანტიკა და სევდა. როცა ვამბობ, რომ ამ ქალაქში „ქუჩის ნაწილი“ შეიძლება იყო, ეს არ ნიშნავს უსაქმურობას. ეს უფრო სიახლოვეს ნიშნავს ამ ისტორიასთან, ამ ეგზოტიკასთან, რომელიც იქნებ მარტო ჩვენ გვგონია განსხვავებული და განსაკუთრებული, მაგრამ ხომ გვგონია? ქუჩის სიყვარულში გამვლელის სიყვარულსაც ვგულისხმობ. აქაურის და აქაურობის აღქმის სიყვარულს – სულიერია ეს, თუ უსულო, მნიშვნელობა არ აქვს.

გიოსნაირი პერსონაჟები საოცარი სულის სიფაქიზით დადიან ქუთაისში. ტკივილიანი სიყვარულით და საკუთარი შემოქმედებით. ხანდახან პოულობენ საკუთარი სულის მოზიარეს, ხან ვერა. ხან არეული გონებით, ხან კრისტალურად დაწმენდილი ფიქრებით. წვიმიანი ამინდები უყვართ. ფრენაზე ოცნებობენ, რიონის ნაპირებზე საკუთარ ნაფეხურებს აჩენენ, პროფესიაზეც ხელოვნების ენით ლაპარაკობენ.

აქვს ამ ქალაქს რაღაცნაირად გამორჩეული სახეები და უხდება. გაფანტული დროც და მიზიდულობაც ამ გაფანტვისკენ. თითქოს დროს აჩერებს, ხანდახან სიცოცხლესაც. ვერ ხვდები ახალს  მეტი ძალა აქვს ამ ქალაქში თუ ძველს, მოძრაობას თუ გაჩერებას. მგრძნობიარე ადამიანისთვის უთუოდ დამატყვევებელია და საშიშიც. შემოქმედებისთვის საოცარი ენერგეტიკის ტბაა, მაგრამ მაინც უნდა გაცურო. მოახერხო და გაცურო.

ერთ გიოზე მინდოდა დამეწერა და მაინც საზოგადო გიო გამომივიდა. ეს არის ხიბლიანი ქუთაისის ირონიულობა. ხიბლიანი და მდორე. სევდით სავსე ღიმილიანი ფიქრებით – გაბრიაძის პროზის მაგვარი.. აქედან გაქცეულებს იქნებ ჩვენზე მეტად უყვარდათ ეს ქალაქი და უბრალოდ, ამ სიყვარულის ჯადოსგან დაიხსნეს თავი (ისევ გაბრიაძის გავლენაა).. და ვინც რჩება, რჩება – „გოდოს მოლოდინში“…

 

ავტორი: ზეკო ხაჩიძე

დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე

კომენტარები