მთავარიახალი ამბებისლაიდი

სამართალდამცველების ქუჩური გარჩევა – ქუთაისის მთავარი სამმართველოს უფროსმა კოლეგა პოლიციელებს სცემა

სამართალდამცველების ქუჩური გარჩევა – ქუთაისის მთავარი სამმართველოს უფროსმა კოლეგა პოლიციელებს სცემა

აბაშის რაიონში მოსალხენად ჩასული პოლიციის მაღალჩინოსნები ტყეში ქუჩურ გარჩევაზე აღმოჩდნენ.

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთის” ინფორმაციით, დაპირისპირების მთავარი ფიგურანტი ქუთაისის მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი ჩორგოლაშვილია, რომელმაც კოლეგა პოლიციელებს სცემა.

“ქუთაისის პოლიციის სამმართველოს უფროსმა გიორგი ჩორგოლაშვილმა, რომელიც მანამდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოში მუშაობდა, აბაშის რაიონის სოფელ მარანში დაპატიჟა თბილისელი და ქუთაისელი პოლიციელები. ალკოჰოლის მიღების შემდეგ პოლიციელებს შორის მოხდა ჩხუბი, რა დროსაც ქუთაისის პოლიციის მე- 4 განყოფილების უფროსმა, გაგა სულამანიძემ მხარეების გაზავება სცადა, რაზეც პოლიციის უფროსი გიორგი ჩორგოლაშვილი გაბრაზდა, შენ თბილისელი სტუმრების საწინააღმდეგო მხარე დაიკავეო და ტყეში წაიყვანა გაგა სულამანიძე და სასტიკად სცემა.

ეს კაცი უწესიერი ბიჭია და გამეტებით ჰყავდა ნაცემი, ხელს უფროსს ვინ შეუბრუნებს, ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ბედოიძის ნათლულია. ნათლიით და მისი გავლენებით ძალიან ტრაბახობს. ჩხუბის და დაპირისპირების შემდეგ ნასვამ მდგომარეობაში დარბოდნენ ავტომობილებით და მანქანა, რომელსაც პოლიციის უფროსის მოადგილე ალექსანდრე კენჭოშვილი მართავდა, მოხვდა ავარიაში. მძიმედ დაშავდა მე- 2 განყოფილების უფროსი. ალექსანდრე კენჭოშვილმა იმის გამო, რომ ძალიან ნასვამი მართავდა მიატოვა დაშავებული თანამშრომლებიც და ასევე დალეწილი მანქანაც”, – გვიყვება თვითმხილველი პოლიციელი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გიორგი ჩორგოლაშვილი მედიის ყურადღების ცენტრში ექცევა. მინისტრის მოადგილის შალვა ბედოიძის ნათლული, წინასაარჩევნო პერიოდში დაუმორჩილებელი პოლიციელების დისკრედიტაციის კამპანიასა და მათი განეიტრალების საქმეს ხელმძღვანელობდა.

სწორედ ბედოიძის კლანის გავლენების გამო, ქუთაისში ვარაუდობენ, რომ არც დაპირისპირების საქმე იქნება გამოძიებული, ისევე როგორც ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელიც ერთ-ერთი განყოფილების უფროსს აბაშიდან ქუთაისში დაბრუნებისას შეემთხვა.

 

კომენტარები