თავდაცვის სამინისტროში არსებულ პრობლემებზე, ბოლო დროს ინფორმაცია, არც თუ იშვიათად ვრცელდება.
უწყების ქვედანაყოფებში არასათანადო პირობებზე თავად სამხედრო მოსამსახურეები საუბრობენ. ერთ-ერთი რეზერვისტი, საინფორმაციო სააგენტო “ინფო იმერეთს” დაუკავშირდა და არსებულ ხარვეზებზე ისაუბრა.
“რეზერვში ადამიანები ანაზღაურების გამო არ მიდიან, მთავარი, რისთვისაც ამ კურსს გავდივართ, სათანადო ცოდნის და გამოცდილების მიღებაა, თუმცა რეალობა სხვაგვარია. თითქმის ყველა მიმართულებით პრობლემაა, თუმცა მთავარზე ვისაუბრებ.
თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობებისთვის განკუთვნილი დროის 100%-ს საკლასო ოთახში (ზაფხულს ბაზასთან ახლოს ტყეში ვატარებთ, კონდიცირების სისტემის არარსებობის გამო). ამასთან, არ სრულდება სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული არც თეორიული და მითუმეტეს, არც პრაქტიკული მეცადინეობები. გვიხარია, თუ ქვედანაყოფში უცხოელი სტუმრები არიან, რადგან ეს იშვიათი გამონაკლისი, როცა რამეს ვაკეთებთ.
ზედმეტია საუბარი საველე, ტაქტიკურ და სიტუაციურ სწავლებებზე. ეს ყველაფერი არ არის, სასწავლო პროგრამა საბრძოლო სროლებს ითვალისწინებს წელიწადში ორჯერ: სასწავლო წლის დასაწყისში და სასწავლო წლის ბოლოს. დიდი ხანია, საბრძოლო სროლები საერთოდ არ ტარდება. ერთადერთი, აგზავნიან ფუჭ (საწავლო) ვაზნებს, რომლებსაც მარტო ხმა აქვს, ფუჭ ვაზნებსაც კი არასაკმარისი რაოდენობით აგზავნიან და მთელს ქვედანაყოფს არ უწევს, თუნდაც ფუჭი ვაზნებით სროლა.
საბრძოლო სროლის ფუფუნება, მხოლოდ ახალწვეულებს აქვთ და ისიც მხოლოდ, რამდენიმე თვე. რაც ყველაზე აუცილებელია, არ გვაქვს პერსონალური დაცვის საშუალებები, არ არის ჩაფხუტი და ჯავშანჟილეტი, არ იცვლება დახეული ფორმები და თავად გვიწევს მოწესრიგება. ეს მდგომარეობა, მოტივაციას ამცირებს. ისედაც არაერთი სამხედრო მოსამსახურე ტოვებს ჯარს და თუ პრობლემები არ მოგვარდება, ეს გადინება გაგრძელდება.
ჯარისკაცებს ხელშეკრულების შეწყვეტა და ჯარიმის გადახდა ურჩევნიათ, დროის ფუჭად კარგვას. ჩემი მიზანი, უწყების დისკრედიტაცია არაა, ჩემი მიზანი ამ პრობლემების მოგვარებაა, ამიტომ გადავწყვიტე მესაუბრა, იქნებ, შედეგიც იყოს”, – აცხადებს რესპონდენტი, რომელსაც ამ ეტაპზე ანონიმურად დარჩენა ითხოვა.
კომენტარები