პროტესტის 228-ე დღეს, სახელმწიფოს, კომპანიასა და შუქრუთის მოსახლეობას შორის მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულების შემდეგ, შუქრუთელებმა თბილისი დატოვეს.
შუქრუთელების თქმით, თბილისში პროტესტს ისე წყვეტენ, პასუხი ვერც მთავრობისგან და ვერც კომპანიისგან ვერ მიიღეს.
“43 დღე ისე გვაშიმშილეს, პასუხის ღირსიც კი არ გაგვხადეს, ისე ავიყარეთ და მივდივართ, ისიც არ ვიცით რა პასუხი გაგვცა ან კომპანიამ და ან მთავრობამ. ასეთი უპასუხისმგებლობა არჩევნების წინ თავისი ხალხი ფეხებზე დაიკიდოს ჩემ ცხოვრებაში არ გამიგონია”, – აცხადებს აქციის მონაწილე.
პროტესტის მონაწილეების თქმით, კომპანია შუქრუთში, ადგილზე ცდილობს, სამუშაო პროცესი აღადგინოს.
“ვხედავთ, რომ დროის გაყვანის გარდა რეალური ქმედითი ნაბიჯი კომპანიამ არაფერი არ გადადგა. ვერც ის დავინახეთ, რომ კომპანიას პრინციპულად დაუყენა საკითხი სახელმწიფოს წარმომადგენელმა რატი იონათამიშვილმა.
სამწუხაროდ, ბოლოს დაგეგმილი შეხვედრაც აღარ ჩანიშნულა, მოლოდინის რეჟიმში კი იქაც ირევა სიტუაცია. აქედან გამომდინარე, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ წავსულიყავით, დავბრუნებულიყავით იქ, სადაც მაღაროების და ვახტების შესასვლელებია, რათა კომპანიამ სამუშაო პროცესი არ აღადგინოს”, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
შუქრუთელები უკვე 228 დღეა, უწყვეტი პროტესტის რეჟიმში იმყოფებიან და კომპანია “ჯორჯიან მანგანეზისგან” მათთვის მიყენებული ზიანის სამართლიან ანაზღაურებას ითხოვენ.
კომენტარები