ბორი – სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (კიცხის თემი). მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ მთისწინეთზე. მდინარე ბორიმელას (ჩხერიმელას შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 400 მეტრი. ხარაგაულიდან 10 კილომეტრი. სოფელში შემორჩენილია ფეოდალური ხანის ეკლესია. სოფელში არის საჯარო სკოლა-პანსიონი.
ბორში გვიანდელი ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული ადამიანის უწყვეტი ცხოვრების კვალი ჩანს. 1902–1903 წწ. და 1907–1909 წწ. აქ აღმოჩნდა არქეოლოგიური ნივთები. 1938 წელს არქეოლოგიურმა ექსპედიციამ დაადგინა, რომ ეს სამარხეული ინვენტარი იყო. 1963 წლის არქეოლოგიური გათხრებით გაირკვა, რომ ბორის მიდამოებში ათიოდე ჰექტარზე ბუდეებადაა გაფანტული ძვ. წ. I ს. – ძვ. წ. III ს. საგვარეულო და საოჯახო სამაროვნები. მათ შორის II-III სს. 2 მდიდრული ნეკროპოლი. სამარხები ორი სახისაა: ქვევრსამარხები და ორმოსამარხები. აღმოჩნდა ოქროს სამკაული, ვერცხლის, ბრინჯაოსა და მინის ჭურჭელი.
III საუკუნის ერთ–ერთ თასზე გამოსახულია საკურთხევლის წინ მდგარი ცხენი. თასზე არმაზული წარწერაა: „ბუზმიჰრ, კეთილი პიტიახში, სული მარადი“. სავარაუდოა, რომ სოფელი ბორი პიტიახშთა ერთ–ერთი რეზიდენცია იყო. ნივთები დაცულია ერმიტაჟში, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში და საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.
ფოტო: chkh.org
კომენტარები