დღეს, 24 ნოემბერს, გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ, თბილისში რამდენიმე აქციაა დაგეგმილი.
15:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე ქალთა მარში გაიმართება. ქალთა მოძრაობისა და “საფარის” ორგანიზატორობით დაანონსებული აქციის მონაწილეები მსვლელობას გამართავენ ივანიშვილის შუშის სასახლის მიმართულებით, სადაც პერფორმანსი მოეწყობა.
აქციას აანონსებენ ხელოვანებიც. 17:00 საათზე მონაწილეები რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბებიან და თსუ-მდე მსვლელობით მივლენ. აქციის ორგანიზატორები Full Stop/წერტილი და კულტურა დემოკრატიისთვის არიან.
ასევე 17:00 საათზე, “ილიაუნიდან” თსუ-მდე დაანონსებულია პროფესორ-მასწავლებლების მარში;
21:00 საათზე კი ოპოზიციის მასშტაბური აქცია გაიმართება. პროდასავლური ოპოზიციური კოალიციები და მოქალაქეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან, მათ შეუერთდებიან რეგიონებიდან წამოსული კოლონებიც, რის შემდეგაც ფეხით მსვლელობა გაიმართება რუსთაველის გამზირის მიმართულებით.
აქცია პარლამენტის შენობასთან გაგრძელდება. მომიტინგეები ღამეს საკანონმდებლო ორგანოსთან გაათევენ და 25 ნოემბერს დანიშნულ პარლამენტის სხდომას პროტესტით შეხვდებიან.
“ქართული ოცნება” მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებას 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გეგმავს.
კომენტარები