“ჭიათურიდან ბუნებრივი რესურსი არ გავა“, – ამის შესახებ მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ ისაუბრა.
დღეს, ჭიათურელმა მაღაროელებმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნეს, რომლის თანახმადაც ხანგრძლივი პროტესტის შემდეგ, მაღაროელებმა საპროტესტო აქციები შეწყვიტეს და ჭიათურის ბლოკირებაზე გადავიდნენ.
როგორც მიქაცაძე BM.GE-სთან საუბრისას აცხადებს, იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლებასთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და რაიმე ხელშესახები ცვლილებები არ მოხდა, მათ გადაწყვიტეს, რომ პროტესტის ამ ფორმისთვის მიემართათ.
მისივე ცნობით, არა მხოლოდ გათავისუფლებული ადამიანები, არამედ მთელი ჭიათურა იბრძვის რეგიონის გადასარჩენად.
„კომუნიკაცია რომ არ შედგა ხელისუფლებასთან და მათ ჩვენთვის სასიკეთოდ და ხელშესახები არაფერი გააკეთეს, ამიტომ, დღეიდან მივმართეთ ამ ფორმას. მთელი ჭიათურა იბრძვის და აპროტესტებს.
დღევანდელი დღიდან, 30 მარტიდან გადავდივართ ჭიათურის საზღვრებზე. საპროტესტო აქცია აღარ იქნება ქალაქის ცენტრში. გადავდივართ ქალაქის უვადო ბლოკირებაზე, რომელიც გულისხმობს ჭიათურიდან ბუნებრივი რესურსის და რკინის, ჯართის და ა.შ არ გატანას“, – ამბობს ტარიელ მიქაცაძე.
“ჯორჯიან მანგანეზმა” ჭიათურაში საწარმოო პროცესს ნოემბრიდან სრულად შეაჩერა. 7 მარტს „ჭიათურ მენეჯმენტს კომპანიმ“ განაცხადა, რომ „ჯორჯიან მანგანეზთან” შეთანხმებით, მაღაროებში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდება. ჭიათურის მაღაროების მმართველი კომპანია ასევე განმარტავს, რატომ ვერ გადაუხადეს თებერვალში დასაქმებულებს ხელფასი.
14 მარტს ცნობილი გახდა, რომ შპს „ჭიათურის მენეჯმენტ კომპანიმ“ და მასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გაკოტრების რეჟიმით გადახდისუუნარობის საქმის დაწყების მოთხოვნით მიმართა. პროფკავშირების ცნობით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ შპს ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის განცხადება დაახარვეზა.
კომენტარები