მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“გარდა მცირე დაზიანებებისა, ძეგლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”

“გარდა მცირე დაზიანებებისა, ძეგლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ სოფელ ნიკორწმინდაში წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მისივე ინფორმაციით, ვიზუალური დათვალიერებით კედლის მხატვრობის მდგომარეობის გაუარესება არ შეინიშნება

“ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდაში მდებარე წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძრის სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია სააგენტოს დაკვეთით 2018 წელს განახორციელა შპს „ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრმა“ (ნანა კუპრაშვილი).

ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო შემდეგი სამუშაოები: ტაძრის სახურავიდან თუნუქის ბურულის მოხსნა და ჩანაცვლება სპილენძის ფურცლებით, სარკმლების და კარების შეცვლა, ქვის საკონსერვაციო სამუშაოები, ინტერიერში ნალესობის და ფერწერის რესტავრაცია, ელექტრო სამონტაჟო სამუშაოები და სამრეკლოს რეაბილიტაცია.

ხსენებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 946175 ლარი.

სააგენტოს თანამშრომლების მიერ ობიექტის მონიტორინგი ბოლოს განხორციელდა 2023 წლის აგვისტოში. შემოწმებულ იქნა ტაძრის როგორც გადახურვის, ასევე ექსტერიერის და ინტერიერის მდგომარეობა. მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ გარდა მცირე დაზიანებებისა, ძეგლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ტაძარს არ აქვს სტრუქტურული პრობლემები, ინტერიერში არ ხდება წყლის ინფილტრაცია და ვიზუალური დათვალიერებით კედლის მხატვრობის მდგომარეობის გაუარესება არ შეინიშნება. შესაბამისად გავრცელებული ინფორმაცია, რომ ძეგლს საფრთხე ემუქრება და არის განადგურების რისკის ქვეშ არ შეესაბამება სიმართლეს.

სააგენტო კვლავაც გააგრძელებს ძეგლის მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში გაატარებს შესაბამის ღონისძიებებს”, – აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.

ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლიას” დამფუძნებლის თორნიკე ბარათაშვილის ინფორმაციით, ნიკორწმინდის უნიკალური ტაძრის ფასადის ქვის მდგომარეობა სასწრაფოდ საყურადღებოა.

მისივე თქმით, ტაძრის სახურავი, რომლის რეაბილიტაცია 2017 -2019 წლებში ჩატარდა, რამდენიმე ადგილზე ნალექის სახურავიდან გადატანას ვერ უზრუნველყოფს და ქვა ზიანდება.

კომენტარები