მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“გეტყვით რა ხდება პოლიციაში”- სამართალდამცველი სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს

“გეტყვით რა ხდება პოლიციაში”- სამართალდამცველი სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს

ჩვენ აღარ ვართ პოლიციელები, ჩვენ ვართ დარაჯები, რომლებიც ვყარაულობთ მაღაზიებს, – ასე იწყება წერილი, რომელიც იმერეთის ახალი ამბების სააგენტო infoimereti.ge-ს სამართალდამცველმა მიაწოდა.

ძალოვანი უწყების წარმომადგენელი წუხს, რომ პოლიციელის როლი საქართველოში დაკნინდა და ისინი საკუთარ ფუნქციას ვეღარ ახორციელებენ.

“გეტყვით რა ხდება პოლიციაში. სამწუხაროა, თუმცა მიწევს იმის თქმა, რომ ჩვენ აღარ ვართ პოლიციელები, ჩვენ ვართ დარაჯები, რომლებიც ღამეს მაღაზიებთან, ჩვენივე მანქანებით, ან უკეთეს შემთხვევაში სამსახურის მანქანით ვათევთ, რომ კომერციული დაწესებულება არ გაქურდონ. კრიმინალთან საბრძოლველად, ერთადერთი პრევენციული ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროდან ისაა, რომ ღამით, დაკეტილ ობიექტებს, უბრალოდ ვდარაჯობთ და ვაფრთხობთ კრიმინალებს, რომლებთან ერთადაც არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებთან ვიყავით გადანაწილებული.

როგორ უნდა იყოს სამინისტრო შეუვალი კრიმინალებთან, როცა საარჩევნოდ ისინი იყვნენ ჩართული სახელისუფლებო პარტიის კამპანიაში, რომ მოეგოთ. ორცეცხლშუა გვიწევს მუშაობა, ერთის მხრივ ფორმალურად თითქოს უნდა დავიცვათ წესრიგი და მეორეს მხრივ, ვაითუ ის დამნაშავე დააკავე შემთხვევით, რომელსაც რომელიმე მაღალჩინოსანი “კრიშავს“.

ბიჭები მასიურად ტოვებენ სისტემას, საოცარი გადინებაა, მიდიან ამერიკაში და ოჯახებს ისე არჩენენ. ძალიან სამწუხაროა, როდესაც კვალიფიციური, გადამზადებული და პროფესიონალი კადრები მიდიან სისტემიდან და ამერიკაში მუშაობენ სკვერებში მებაღეებად, მაკდონალდსში ურნების გამცლელად და მოხუცი ბაბუების გამრთობებად”, – ამბობს პოლიციელი, რომელიც სისტემის დატოვებას მალე აპირებს და აცხადებს, რომ როგორც კი ეს მოხდება, ამ ყველაფერზე შემდეგ უკვე ღიად და დაუფარავად ისაუბრებს.

კომენტარები