კოლეჯ “იბერიას” პირველი და მეორე მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის წევრები კოლეჯის დირექტორს ირაკლი ავალიანს და სტუდენტურ თვითმმართველობას მიმართავენ და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პოზიციის მკაფიოდ გამოხატვისკენ მოუწოდებენ.
მათი თქმით, ეს ნაბიჯი არამხოლოდ კოლეჯის პრინციპების დაცვისა და ღირებულებების გამოხატულება იქნება, არამედ იმის დასტური, რომ “იბერია” მუდამ ზრუნავს ახალგაზრდების განვითარებასა და ქვეყნის მომავალზე.
“ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების ფონზე, ჩვენ, კოლეჯი “იბერიას” პირველი და მეორე მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის წევრები გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას და ვიმედოვნებთ, რომ კოლეჯი, როგორც განათლებისა და განვითარების მნიშვნელოვანი ცენტრი, თავის წილ პასუხისმგებლობას იტვირთავს და საზოგადოებაში მკაფიოდ დააფიქსირებს თავის პოზიციას.
კოლეჯი “იბერია” მრავალი წლის განმავლობაში სტუდენტებს განვითარებისა და ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობებს აძლევდა. სხვადასხვა პროექტი, რომლებიც განხორციელდა ევროკავშირის და USAID-ის მხარდაჭერით, გვეხმარებოდა როგორც პიროვნულ, ისე პროფესიულ ზრდაში. ეს პროექტები არა მხოლოდ ჩვენი ინდივიდუალური განვითარების საფუძველი გახდა, არამედ ხელი შეუწყო კოლეჯის საერთო წინსვლას და ახალი შესაძლებლობების შექმნას, რასაც დღესაც აქტიურად ვიყენებთ.
ამ განცხადების ხელმომწერები მკაცრად ვგმობთ ძალადობას, რომელიც ხორციელდება ჩვენი თანატოლების და საქართველოს თითოეული მოქალაქის მიმართ. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ იმ ღირებულებების გვერდით, რომლებიც ადასტურებს ჩვენი არჩევანის სისწორეს – საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილი იყო, არის და უნდა დარჩეს. ევროპული ღირებულებები და განვითარება ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის საწინდარია, ამიტომ მტკიცედ მივისწრაფვით ამ გზისკენ. გვჯერა, რომ ევროინტეგრაცია არის ერთადერთი სწორი გზა ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის.
დღეს, კოლეჯი “იბერია” საგანმანათლებლო ცენტრია. ამიტომ მიგვაჩნია, რომ კოლეჯს განსაკუთრებული მისია აკისრია, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს, რომელიც ახლა, როგორც არასდროს, გაერთიანებული ძალებით იბრძვის მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებისთვის.
გთხოვთ, კოლეჯის სახელით მკაფიოდ გამოხატოთ პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და გამოხატოთ სოლიდარობა ქართველ ხალხთან. ეს ნაბიჯი არამხოლოდ კოლეჯის პრინციპების დაცვისა და ღირებულებების გამოხატულება იქნება, არამედ დასტური იმისა, რომ ჩვენი კოლეჯი მუდამ ზრუნავს ახალგაზრდების განვითარებასა და ქვეყნის მომავალზე”, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ კოლეჯ “იბერიას” პირველი და მეორე მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის წევრები:
პირველი მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ნიკა ომანაძე;
პირველი მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი თემო ივანეიშვილი;
მეორე სტუდენტური თვითმმართველობის მოწვევის ვიცე-პრეზიდენტი ანელი კაპანაძე;
ლევანი დავითულიანი;
სოფი მურღვლიანი;
გიორგი გორგოძე;
გიორგი ანდრიაძე;
გოჩა ბენიძე;
გურანდა გოცირიძე;
ნატო კობახიძე;
ლიზი ცქიფურიშვილი;
ნანი მოწონელიძე;
მერი ჩიკვილაძე;
აკაკი თავაძე.
კომენტარები