მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“დაიბადა იმერეთში” – გიორგი ახვლედიანი

“დაიბადა იმერეთში” – გიორგი ახვლედიანი

გიორგი ახვლედიანი – თსუ-ის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მსოფლიოში ცნობილი ენათმეცნიერი, ოსოლოგი, აკადემიკოსი.

დაიბადა 1887 წლის 13 აპრილს სოფელ დერჩში, ახლანდელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი.

1908 წელს დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია. 1910 წელს ჩააბარა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტში საფუძვლიანი განათლება მიიღო, როგორც ინდოევროპულ ენათმეცნიერებაში, ისე კლასიკურ ფილოლოგიაში, შეისწავლა ძველი ინდური, ძველი სპარსული, ძველი გერმანული, სლავური ენები.

1914 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტი, სადაც ახვლედიანის გამოკვლევას „ნარნარა და ცხვირისმიერი თანხმოვნების ისტორიისათვის სანსკრიტში, ბერძნულში, ლათინურსა და სლავურ ენებში“ ოქროს მედალი მიენიჭა. პეტერბურგის უნივერსიტეტში მუშაობდა ინდოლოგიაში, ირანისტიკასა და ზოგად და ექსპერიმენტული ფონეტიკაში. შედიოდა თბილისის უნივერსიტეტის პირველ პროფესორთა კოლეგიაში, გამოსცა პირველი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები („ენათმეცნიერების შესავალი“, 1918-1919; „სანსკრიტი“, 1920), შექმნა ექსპერიმენტული ფონეტიკის ლაბორატორია, სხვადასხვა დროს კითხულობდა საუნივერსიტეტო კურსებს: ენათმეცნიერების შესავალს, ზოგად და ექსპერიმენტული ფონეტიკას, სანსკრიტს, ბერძნულს, ოსურს, რუსული ენის ისტორიასა და დიალექტოლოგიას, ინდოევროპული ენების შედარებით გრამატიკას, დასავლეთ ევროპის ლიტერატურის ისტორიას და სხვა.

ახვლედიანმა იოსებ ყიფშიძესთან და აკაკი შანიძესთან ერთად საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ენათმეცნიერების კვლევა-ძიების საქმეს. 1923 წელს მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა “ქართული საენათმეცნიერო საზოგადოება“. ახვლედიანის სახელთანაა დაკავშირებული ახალი კადრების აღზრდა ზოგად საექსპერიმენტულ ფონეტიკაში, ზოგად ენათმეცნიერებაში, გერმანისტიკაში, რომანისტიკაში, ინდოლოგიაში, ირანისტიკაში, ოსოლოგიაში.

გიორგი ახვლედიანი იყო პირველი მეცნიერი, რომელმაც ოსური ენისა და კულტურის კვლევა დაიწყო და მის მეცნიერულ შესწავლას ჩაუყარა საფუძველი.

მისი ნაშრომები „ზოგადი და ქართული ენის ფონეტიკის საკითხები“ (ტ. 1, 1938), „ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები“ (1949), „ზოგადი ფონეტიკის შესავალი“ (1956), გამოირჩევა ორიგინალობით და საკვანძო საკითხების ახლებურად გაშუქებით. ქართულ-ქართველური სპეციფიკური თანხმოვნების, თანხმოვანთა კომპლექსებისა და, საერთოდ, ბგერითი სისტემის შესწავლით მან მრავალი ახალი დებულება შემატა ზოგად ფონეტიკას. ქართული საენათმეცნიერო ტერმინოლოგიაში დამკვიდრდა ახვლედიანის შემოღებული არაერთი ტერმინი. ახვლედიანის ფონეტიკის პრაქტიკული გამოყენების – ლოგოპედიის მამამთავარია საქართველოში.

ახვლედიანმა გამოკვლევა მიუძღვნა ქართულ ენაზე მხატვრული თარგმნის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს. თარგმნიდა და გამოაქვეყნა ძველი ინდურიდან “დასაბამი ნივთთა” (ჰიმნი რიგვედიდან), ავესტურიდან „ავესტა“ (17 გათა); ქართულ ზღაპრებში მიაკვლია ინდურ სიუჟეტს („ავესტის თრაეტაონა და ქართული ზღაპრების თრითინო“, 1914).

ახვლედიანმა დიდი ამაგი დასდო ქართული საენათმეცნიერო ტერმინოლოგიის დადგენის საქმეს. თანამშრომლობდა „ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დამდგენ კომისიაში“ (1920-იდან); თავმჯდომარეობდა საქართველოს თეატრალური საზოგადოების სასცენო მეტყველების მეთოდურ საბჭოს. ახვლედიანის რედაქტორობით გამოიცა ოსური ენის აკადემიური გრამატიკა (ტ. 1-2, ორჯონიკიძე, 1963).

გარდაიცვალა 1973 წლის 7 ივლისს, 86 წლის ასაკში.

 

კომენტარები