მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“დაიბადა იმერეთში” – დავით V (დევდარიანი) (კათოლიკოს-პატრიარქი)

“დაიბადა იმერეთში” – დავით V (დევდარიანი) (კათოლიკოს-პატრიარქი)

დავით V (დევდარიანი) – (ერისკაცობაში — ხარიტონ ჯიბოს ძე დევდარიანი) – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1972–1977 წლებში.

დაიბადა 1903 წლის 6 აპრილს სოფელ მირონწმინდაში (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი).

პირველდაწყებითი განათლება მიიღო სოფელ მირონწმინდაში. 1917 წელს დაამთავრა სოფელ სარგვეშის არასრული სასწავლებელი, შემდეგ სწავლა განაგრძო ჭიათურის მღვიმეს მონასტერში. 1918 წლის 1 აგვისტოს ქუთათელმა მიტროპოლიტმა ანტონმა (გიორგაძემ) დაადგინა მირონწმინდის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მედავითნედ. 1921 წლის 25 თებერვლის ბოლშევიკური საოკუპაციო ხელისუფლების დამკვიდრების შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია და სასულიერო პირები კანონგარეშედ გამოცხადდნენ; აგრესიული ათეიზმი ცნობილი იყო ეკლესია მონასტრების დაწიოკებით და ნგრევით. ასეთ ვითარებაში მედავითნე დავითი ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს. მიუხედავად ყველაფრისა, მას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ გამხდარიყო სასულიერო პირი და თხოვნით მიმართა მარგველ ეპისკოპოს ვარლაამს (მახარაძე), ეკურთხებინა დიაკვნად და განეწესებინა ნებისმიერ ეკლესიაში.

1927 წლის 26 თებერვალს საჩხერის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში მარგველმა ეპისკოპოსმა ვარლაამმა (მახარაძე) დიაკვნად აკურთხა, ხოლო მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელნი და სარგვეშის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1928 წელს მამა ხარიტონი, როგორც გამორჩეული სასულიერო პირი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ქრისტეფორეს ლოცვა-კურთხევით დაინიშნა ხარაგაულის ოლქის მთავარუხუცესად. ერთი წლის შემდეგ 1929 წლის 4 მარტს იგი გადაყვანილ იქნა მცხეთა-თბილისის ეპარქიაში, ჯერ სიონის, ხოლო 1932 წლიდან ქაშუეთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მსახურად. 1945–1947 წლებში იგი კუკიის წმინდა ნინოს ეკლესიის მღვდელმსახურია. 1947 წლის 20 ნოემბერს დაინიშნა ქაშუეთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრის მოადგილედ, 1949 წლის 6 მაისიდან კი წინამძღვრად.

1955 წლის 17 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკ III-ის ბრძანებით აღდგომის დღესასწაულზე დაჯილდოვდა მიტრის ტარების უფლებით. 1956 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III-მ ბერად აღკვეცა და დავითი უწოდა. 27 აგვისტოს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა, 28 აგვისტოს კი ეპისკოპოსად აკურთხეს (განაგებდა მარგვეთისა და ურბნისის ეპარქიებს). ამ დროს 1957 წლის 26 აგვისტოდან 1 ოქტომბრამდე ურბნისის ეპარქიის ხაშურის წმ. იოანე ნათლისმცემელის ეკლესიაში მოღვაწეობდა მღვდელ-მონაზონი გაბრიელ ურგებაძე. 1959–1972 წლებში იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი. 1959 წლის 24 ივლისს უწმინდესი და უნეტარესი მელქისედეკ III-ის ბრძანებით მარგველი ეპისკოპოსი დავითი დაჯილდოვდა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით და გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ. 1960 წლის 11 იანვარს უწმინდესი მელქისედეკ III-ის გარდაცვალების მეორე დღეს შეკრებილი სინოდის სხდომაზე ურბნელმა ეპისკოპოსმა დავითმა სპეციალური წერილობითი განცხადებით უარი თქვა მოსაყდრეობაზე მიტროპოლიტ ეფრემის სასარგებლოდ. 1962 წლის 18 თებერვალს უწმინდეს და უნეტარეს ეფრემ II-ის ლოცვა-კურთხევით იგი აყვანილ იქნა მიტროპოლიტის პატივში. 1962–1965 წლებში მიტროპოლიტი დავითი დაჯილდოვდა წმ. ნინოს და წმ. გიორგის ორდენებით, 1970 წელს მეორე პანაღიის ტარების უფლებით.

1972 წლის 7 აპრილს, დილის 6 საათზე და 30 წუთზე გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II. იმავე დღის 13 საათსა და 45 წუთზე საპატრიარქოში შეიკრიბნენ მიტროპოლიტი დავითი, ეპისკოპოსები: ზინობი, გაიოზი, დეკანოზები: პ. ობოლაძე, გ. ჩაჩუა, პ. კოსაჩი, საერო პირნი: ი. ჭეიშვილი, ლ. საღლიანი, ი. სამჭკუაშვილი. გახსნეს პატრიარქის სეიფი, სადაც ინახებოდა 1972 წლის 17 მარტს შედგენილი წერილობითი ანდერძი კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის ხელმოწერით, რომელშიც ეწერა: „ჩემი გარდაცვალების შემდეგ ჩემს მოსაყდრედ დატოვებული მყავს 1 წლის ვადით ურბნელი მიტროპოლიტი დავითი“. 1972 წლის 1 ივლისს საქართველოს XI საეკლესიო კრებამ, რომელსაც ესწრებოდა 58 დელეგატი იგი კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია. ინტრონიზაცია შედგა 2 ივლისს სვეტიცხოვლის ტაძარში. ინტრონიზაციას ესწრებოდნენ: ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია, თეთრიწყაროელი მიტროპოლიტი ზინობი, ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტი რომანოზი, ეპისკოპოსი გაიოზი, მოსკოვისა და კრასნოდარის მთავარეპისკოპოსი ალექსი (შემდგომში რუსეთის პატრიარქი), ყოველთა სომეხთა პატრიარქ-კათალიკოზი ვაზგენ I.

უწმინდესს და უნეტარესს დავით V-ს ურთულეს პირობებში მოუხდა მოღვაწეობა. 1972-1973 წლებში საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მოქმედი იყო 50-მდე ეკლესია-მონასტერი და სამლოცველო სახლი, სადაც ღვთისმსახურებას ეწეოდა 60-მდე სასულიერო პირი, მათ შორის: 4 მღვდელმთავარი, 50 არქიმანდრიტი, დეკანოზი, მღვდელი, 5 დიაკონი. პატრიარქ დავით V-ის ლოცვა-კურთხევით მღვდელმთავრებად იკურთხნენ: დიდუბის ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი ღონღაძე 1974 წლის 13 იანვარს და ეწოდა მანგლელი; 1976 წლის 22 მაისს თელავის წმ. გიორგის ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი ცერცვაძე, რომელსაც ეწოდა სახელად გრიგოლი და ჩაბარდა ალავერდი ეპარქია; წმ. ბარბარეს ეკლესიის წინამძღვარი ავთანდილ სამხარაძე დაინიშნა ბოდბელად 1975 წლის 24 მაისს, რომელსაც სახელად ილარიონი ეწოდა.

პატრიარქი დავით V 1976 წელს ოფიციალურად იმყოფებოდა მოსკოვში, ერევანში. 1976 წელს თბილისში ჩამობრძანდა ბულგარეთის პატრიარქი უწმინდესი მაქსიმე. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილიას (შიოლაშვილი) ხელმძღვანელობით, იმყოფებოდა ინდოეთში, შეხვდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ინდირა განდის.

1977 წლის 9 ნოემბერს, დილის 9 საათზე, ხანგრძლივი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი დავით V (დევდარიანი). იმავე საღამოს 19 საათზე შედგა წმინდა სინოდის სხდომა, რომელმაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ აირჩია ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი). სინოდმა განაჩინა: 1. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი დავით V-ის დამკრძალავი კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტი ილია; 2. უწმინდესი და უნეტარესი დავით V დაიკრძალოს სიონის საპატრიარქო ტაძარში 1977 წლის 15 ნოემბერს; 3. წმინდა სინოდის სხდომის გადაწყვეტილებანი ოფიციალურად ეცნობოს მსოფლიოს მართლმადიდებელ და არამართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებს, საერო ხელისუფლებას.

უწმინდესი და უნეტარესი დავით V დაკრძალეს 1977 წლის 15 ნოემბერს სიონის საპატრიარქო ტაძარში. განსვენებულ პატრიარქს წესი აუგო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა ილიამ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წევრების: მიტროპოლიტ ზინობის, ეპისკოპოს გიორგის, ეპისკოპოს გრიგოლის თანამწირველობით.

დაკრძალულია თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში.

კომენტარები