მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“დაიბადა იმერეთში” – იოსებ ოცხელი

“დაიბადა იმერეთში” – იოსებ ოცხელი

იოსებ ოცხელი – ქართველი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. დაიბადა 1865 წლის 28 სექტემბერს ქუთაისში.

აღმსარებლობით კათოლიკემ დაწყებითი სწავლა კათოლიკურ სასწავლებელში მიიღო, საშუალო განათლება ვაჟთა გიმნაზიაში. ოდესის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი მან პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა 1885 წელს.

საქართველოში დაბრუნებულს, როგორც პოლიტიკურად “არაკეთილსაიმედოს”, მასწავლებლობა აუკრძალეს. 1892 წელს ქუთაისში დააარსა კერძო “ქართული საჩვენებელი საბავშვო ბაღი მოსამზადებელი კლასით”; 1900 წელს დაინიშნა “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორად; 1905 წელს მისი ძალისხმევით ეს სკოლა გადაკეთდა ქუთაისის კერძო ქართულ გიმნაზიად. ქართულ გიმნაზიაში დაარსდა საკვირაო სკოლა, რომელიც 1910 წელს სახალხო უნივერსიტეტად გადაკეთდა.

ნებისმიერ საქმეს, რომელიც მას ებარა, ყოველთვის უდიდესი პასუხისმგებლობით აკეთებდა. ზრუნავდა მოსწავლეებზე, ღარიბ მოსწავლეებს გადასახადებისაგან ათავისუფლებდა და მატერიალურად ეხმარებოდა მათ.

1915 წელს ქუთაისში შეიქმნა საზოგადოება “სინათლე”, რომელსაც მიზნად ჰქონდა ქართული საქალაქო სასწავლებლის დაარსება. სკოლა პირველი სასწავლებელი იყო, სადაც ყველა საგანს ქართულ ენაზე ასწავლიდნენ, მაგრამ წიგნები არ არსებობდა ქართულ ენაზე, ამიტომ ოცხელის რჩევითა და ინიციატივით დაარსდა წიგნის გამომცემლობა, რომელმაც შედარებით მოკლე დროში სასწავლებელი მოამარაგა ქართული სახელმძღვანელოებით.

იგი იყო ჟურნალ “სკოლა და ოჯახის” დამაარსებელი, ქართული ტერმინოლოგიის დადგენის მოამაგე; აქტიურად ედგა მხარში ქართული პედაგოგიკის პატრიარქს იაკობ გოგებაშვილს.

1919 წელს საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებში კენჭს იყრიდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სიით, იყო სიის 29-ე ნომერი, თუმცა ვერ გახდა დამფუძნებელი კრების წევრი.

იოსებ ოცხელის აღზრდილთა რიგებს ეკუთვნიან: აკადემიკოსები დიმიტრი უზნაძე, კონსტანტინე ერისთავი და ალექსანდრე ჯანელიძე, პროფესორი სევერიან ბუაძე, პროფესორი ვიქტორ ნოზაძე, მწერალი-აკადემიკოსი კონსტანტინე გამსახურდია და სხვა მოღვაწენი.

იოსებ ოცხელის სახელს ატარებს ქუთაისის მეორე საჯარო სკოლა, რომელიც საკუთარი ინიციატივით ააგო და რომელსაც თვითონვე ედგა სათავეში.

იოსებ ოცხელი გარდაიცვალა 1919 წლის 9 აპრილს 53 წლის ასაკში, დაკრძალულია ქუთაისში, მწვანეყვავილას პანთეონში.

კომენტარები