მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“დაიბადა იმერეთში” – ნანა მჭედლიძე

“დაიბადა იმერეთში” – ნანა მჭედლიძე

ნანა მჭედლიძე – ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი, საქართველოს რესპუბლიკის ღირსების ორდენის მფლობელი.

დაიბადა 1926 წლის 20 მარტს ხონში. დედა — ბარბარე ფარცხალაძე, პეტერბურგის ბესტუჟევის უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული, რუსულ ენას ასწავლიდა სკოლაში. მამა — ავტოსაგზაო ინჟინერი, რომლის დაპროექტებული და აშენებულია არაერთი მნიშვნელოვანი ობიექტი საქართველოში. ნანა მჭედლიძის პაპა მამის მხრიდან არის ახალმოწამე მღვდელი სიმონ მჭედლიძე, წმინდანად შერაცხილი საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ. იმის გამო, რომ 1937 წელს პოლიტიკური რეპრესიების შედეგად დედა გადაასახლეს, ნანა და მისი უმცროსი ძმა, ბიძინა, მამამ საცხოვრებლად თბილისში გადმოიყვანა.

დაასრულა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო (1956) და სარეჟისორო (1960) ფაკულტეტები.

ნანა მჭედლიძის მოთხრობები წლების განმავლობაში იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ–გაზეთებში. იგი არის მის მიერ გადაღებული რამდენიმე ფილმის სცენარის ავტორიც. 1981 წელს გამომცემლობა „მერანმა“ გამოსცა კრებული მისი მოთხრობებისა: „მხიარული მოთხრობები“. 2016 წელს გამოვიდა მისი მოთხრობების კიდევ ორი წიგნი: „იმერული ესკიზები“ და “შემოქმედებითი დავიდარაბა“.

არის შემდეგი ფილმების დამდგმელი რეჟისორი – „ჩქარი მატარებელი“; „აღმაფრენა“; „გზაში“; „ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება“; „დიდედები და შვილიშვილები“; „გელა“; “პირველი მერცხალი”; “გასეირნება თბილისში (ნამდვილი თბილისელი და სხვები)“; “იმერული ესკიზები“; „უკვდავების თეთრი ვარდი“; „პლაჟის ავაზაკი“; “დანაშაული მოხდა“. იყო არაერთი ფილმის სცენარის ავტორი.

ნანა მჭედლიძეს მიღებული ჰქონდა არაერთი ჯილდო, პრემია და პრიზი, მათ შორის იყო თეირანის IV მსოფლიო კინოფესტივალის 2 “ოქროს ვერძის” მფლობელი, ფრუნზეს საკავშირო კინოფესტივალის მთავარი პრიზი; სოხუმის კინოფესტივალის გრანპრი; ბათუმის კინოფესტივალის გრანპრი; მინსკის საკავშირო კინოფესტივალის გრანპრი;
ობერჰაუზენის მსოფლიო კინოფესტივალის გრანპრი; ფლორენციის საერთაშორისო კინოფესტივალის გრანპრი.

ნანა მჭედლიძე 90 წლის ასაკში, 2016 წლის 28 მარტს გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, რეჟისორი ხონში დაკრძალეს.

კომენტარები