მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ებრაელი რაბინის მიერ გადახდილი თანხა ქუთაისის მთავარანგელოზთა ტაძრის დახურვისგან გადარჩენისათვის

ებრაელი რაბინის მიერ გადახდილი თანხა ქუთაისის მთავარანგელოზთა ტაძრის დახურვისგან გადარჩენისათვის

მეცხრამეტე საუკუნის ოცდაათიან წლებში ცნობილმა მოგზაურმა დიებუა დე მონპერემ, ქუთაისის ერთ-ერთ ისტორიულ უბანში, მწვანეყვავილაზე ოთხი ტაძარი (ზოგიერთის ნაშთები) და ციხე-კოშკი დააფიქსირა.

გაენათელი მიტროპოლიტის (შემდგომ დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი) ზაქარიას (ქვარიანი) მიერ აგებული წმიდა მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი ემსახურებოდა აქაურ მრევლს მეოცე საუკუნის დასაწყისამდე. აღნიშნული ტაძარი, რომელიც მწვანეყვავილას პანთეონის გალავანში მდებარეობს, მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებიდან სიძველისა და სიმცირის გამო მრევლს ჯეროვნად ვეღარ იტევდა. სწორედ, ამიტომ 1860 წელს ტაძარი განაახლეს.

1873 წელს მრევლმა ახალი ტაძრის აგება ითხოვა. 1889 წელს ინჟინერმა ტარასევიჩმა შეადგინა ახალი ტაძრის პროექტი, რომლის მიხედვითაც იქნა აგებული ეკლესია. მშენებლობას ხელმძღვანელობდა სამშენებლო კომიტეტი ფილიპე მგალობლიშვილისა და ეკლესიის სამრევლო საბჭოს, დეკანოზ ნესტორ გიორგაძის თავმჯდომარეობით. ეკლესია იჯარით ააგო ამბაკო იამანიძემ. მშენებლობა ძირითადად 1909-1913 წლებში მიმდინარეობდა. 1914 წელს ტაძარი წმიდა მთავარანგელოზთა მიქაელისა და გაბრიელის სახელზე აკურთხა იმერეთის ეპისკოპოსმა (შემდგომში მიტროპოლიტი) გიორგიმ (ალადაშვილი). ტაძრის პირველი წინამძღვარი გახდა დეკანოზი ნესტორ გიორგაძე.

ხსენებული ტაძარი 1941 წლის ოქტომბრიდან 1944 წლის აგვისტომდე დაკეტილი იყო. 1944-1946 წლებში მწვანეყვავილას წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი იყო ქუთაის-გაენათის ეპარქიის საკათედრო ტაძარი, სადაც მოღვაწეობდა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ეფრემი (სიდამონიძე; შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი). ტაძრის წინამძღვრები იყვნენ: დეკანოზი ნაომ შავიანიძე (შემდგომში ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი) და დეკანოზი ტერენტი ობოლაძე. მოგვიანებით კი, 1999 წლამდე, ტაძარს წინამძღვრობდა დეკანოზი ინდისი ნუცუბიძე.

მეოცე საუკუნის ორმოცდაათიან წლებში ქუთაისის წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი იყო დეკანოზი ნაომ შავიანიძე (შემდგომში ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი).

კომუნისტური რეჟიმი, ყოველ მხრივ უმძიმეს მარწუხებს უწესებდა ქრისტეს ეკლესიას. ერთხელ, საგადასახადო სამსახურიდან მისდგომიან დეკანოზ ნაომს და დიდი რაოდენობით თანხის გადასახადი დაუკისრებიათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ტაძრის დახურვით დამუქრებიან. წამოსულა მამა ნაომი ძალზედ დამწუხრებული, იმ ფიქრით, რომ იგი ვერ შეძლებდა ამ გადასახადის გადახდასა და მთავრობა ტაძარს დაკეტავდა. გზად მიმავალს, ქუთაისის ერთ-ერთ სინაგოგასთან შეხვედრია ებრაელი რაბინი, (ხახამ) იაკობ დავარაშვილი, რომელსაც სახეზე მწუხარება შეუტყვია მამა ნაომისთვის და უკითხავს (რაბინს) მისთვის, თუ რა დაემართა, რაზეც მამა ნაომმა მიუგო მომხდარის შესახებ და დანანებით დასძინა, ამ რაოდენობის თანხას ვერ გადავიხდი და ტაძარს დაკეტავენო… რაბინს უთქვამს დეკანოზისთვის, აქ დამელოდე, ახლავე გამოვალო… შესულა თავის საცხოვრისში და იქედან ზუსტად ის თანხა გამოუტანია, რაც მთავრობამ მოითხოვა, მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის დაკეტვის ასარიდებლად… მამა ნაომს გაჰკვირვებია რაბინის საქციელი… იუდეველ რაბინ იაკობს კი ამგვარად მიუმართავს ქრისტიანი დეკანოზი ნაომისთვის: “დაგენაცვლე, დღეს შენ მოგადგნენ, ხვალ მე მომადგებიან, ამიტომ, აიღე და გადაუხადე”.

მართლაც, რაბინისგან მიცემული თანხა, გადასახადის სახით შეიტანა მთავრობაში დეკანოზმა ნაომმა და ამგვარად გადარჩა ქუთაისის მწვანეყვავილას წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი დახურვას.

ეს გასაოცარი ისტორიული ფაქტი, რომელიც 1952 წელს მოხდა, ერთ-ერთი ძვირფასი გამოვლინებაა ქართველი და ებრაელი ხალხის მრავალსაუკუნოვანი და თვისობრივად განსხვავებული მეგობრობისა, რომელშიც ქუთაისის ებრაელობას ერთ-ერთი უპირველესი და განსაკუთრებული ადგილი უკავია.

 

ფოტო: დეკანოზი ნაომ შავიანიძე (შემდგომში ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი; +1969)

მთავარი ფოტო: ქუთაისის მწვანეყვავილას წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი

 

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

კომენტარები