მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ელეონორა არჩაია – ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესება არის ჩემი პირველი მიზანი, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ რაც შემიძლია

ელეონორა არჩაია – ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესება არის ჩემი პირველი მიზანი, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ რაც შემიძლია

– გვიამბეთ თქვენ შესახებ? როგორი ბავშვობა გქონდათ, სად დაიბადეთ, განათლება სად მიიღეთ? როდის შექმენით ოჯახი? რამდენი შვილი გყავთ – თქვენი” გზა” პოლიტიკამდე?

– მე ვარ ელეონორა არჩაია, ხუთი შვილის დედა, ქუთაისის საკრებულოს წევრი და “გახარია-საქართველოსთვის” ქუთაისის პარტიის ხელმძღვანელი. დავიბადე სამეგრელოს რეგიონში, პედაგოგის ოჯახში. ვიყავი მესამე ოთხი ქალიშვილიდან.

ბავშვობა ძალიან კარგად მახსენდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მშობლები შეძლებული ოჯახებიდან არ იყვნენ და ყველაფერს საკუთარი შრომით მიაღწიეს, ვთვლი, რომ ბავშვობაში არაფერი მაკლდა. სოფლის ცხოვრება არ იყო მარტივი, დილას ადრიანად გაღვიძება, სწავლა და შრომა ჩემი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.

განათლება ჩემს დებთან ერთად ქუთაისში მივიღე. 1984-1988 წლებში ვსწავლობდი ალექსანდრე წულუკიძის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, სკოლამდელი აღზრდის პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის მეთოდისტის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის დამთავრებიდან მალევე შევხვდი ჩემს მეუღლეს, ზაალ ცირეკიძეს და რამდენიმეწლიანი ურთიერთობის შემდეგ დავოჯახდით. თანაცხოვრების დაწყებიდან მოკლე დროში, ე.წ “პერესტროიკის” პერიოდში გადავწყვიტეთ ქვეყანა დაგვეტოვებინა და სამეწარმეო ბიზნესსაქმიანობა დაგვეწყო. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება არ იყო მარტივი ჩვენი ოჯახებისთვის, თუმცა ჩვენ მაინც გავრისკეთ და სრულიად გამოუცდელებმა ახალგაზრდა ასაკში გავხსენით ნახევარფაბრიკატების საწარმო სრულიად უცხო ქვეყანაში. ეს იყო ჩვენი, როგორც ოჯახის პირველი წარმატება. უამრავი დაბრკოლების და სირთულის მიუხედავად, მოკლე დროში ვფლობდით წარმატებულ და შემოსავლიან ბიზნესს ყაზახეთში.

თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლამ და ეკონომიკურმა არასტაბილურობამ გვაიძულა დაგვეხურა ჩვენი საწარმო და გვეფიქრა თუ რა იქნებოდა სწორი ჩვენი ოჯახისთვის. სწორედ ამ დროს მივიღეთ ასევე რთული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, დავბრუნებულიყავით საქართველოში და აქ გაგვეგრძელებინა ჩვენი საქმიანობა. როდესაც პირველი შვილი კონსტანტინე შემეძინა, ქვეყანა გახვეული იყო სიღარიბესა და სამოქალაქო დაპირისპირებაში. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ შეგვიწყვეტია ბრძოლა ჩვენი და ჩვენი შვილების მომავლისთვის. ამავე პერიოდში გავხსენით ჩვენი პირველი ობიექტი მომსახურების სფეროში. პატარა საცხობით დაწყებული ბიზნესი ნელ-ნელა წარმატებულ სარესტორნო ქსელად ვაქციეთ, რომელიც უშუქობის და უპერსპექტივობის პირობებშიც კი, პირნათლად ემსახურებოდა მის მომხმარებლებს და ქმნიდა სამუშაო ადგილებს.

მაშინ, როდესაც მე და ჩემი მეუღლე შვილებს ვზრდიდით და ბიზნესსაქმიანობით ვიყავით დაკავებული, მე მაინც არ შემიწყვეტია საკუთარ განვითარებაზე ზრუნვა. 1998 წელს 30 წლის ასაკში, როდესაც სამი მცირეწლოვანი შვილი მყავდა, ჩავაბარე აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე, რადგან ვთვლიდი, რომ ბიზნესსაქმიანობასთან ერთად, აუცილებელი იყო მქონოდა პროფესიული განათლება და ახალი შესაძლებლობები. უნივერსიტეტის დამთავრებიდან მალევე დავიწყე მუშაობა იუსტიციის სამინისტროში, სადაც მივიღე ძალიან დიდი პროფესიული და პიროვნული გამოცდილება. ამავე პერიოდში გავაჩინე ჩემი მეოთხე შვილიც.

2005 წლიდან, როდესაც მე-5 შვილი შემეძინა, გადავწყვიტე ჩემი ყურადღება შვილების აღზრდასა და საოჯახო ბიზნესის განვითარებისთვის დამეთმო.

– როგორც ვიცით საოჯახო ბიზნესი გაქვთ, სადაც მთელი ოჯახი ჩართული იყავით საქმიანობაში. მოგვიყევით, როგორ გახდა საოჯახო ბიზნესი წარმატებული, რა სირთულეებს გაუმკლავდით?

– როგორც ვახსენე, ჩვენი საოჯახო ბიზნესი 1990-იანი წლებიდან დაიწყო. 2000-იანების დასაწყისში, ჩვენი სარესტორნო ბიზნესი აერთიანებდა 5 რესტორანს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. ეს იყო ურთულესი, შრომატევადი პროცესი, რომელიც ერთ ღამეში არ შექმნილა. ბიზნესის შენების პირველ წლებში, მე და ჩემი მეუღლე ფიზიკური ძალებით ვცდილობდით ბიზნესის შექმნას და შენარჩუნებას. ვთვლი, წარმატების საიდუმლო ჩვენს სამუშაო ეთიკაშია. გარდა დაუღალავი ძალისხმევისა, ჩვენ ყოველთვის ვმუშაობდით პატიოსნად, ჩვენთვის ორიენტირი იყო მაღალი ხარისხის პროდუქტის შექმნა. ამას ყოველთვის გრძნობდნენ ჩვენი სტუმრები და სწორედ ამიტომ ინარჩუნებდა რესტორანი “ბარაქა” ნდობასა და აქტუალობას წლების მანძილზე. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ იყო მარტივი გზა. აგვისტოს რუსულმა აგრესიამ, მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა და პოლიტიკურმა არასტაბილურმა გარემომ მძიმე დარტყმები მოგვაყენა.

თუმცა, სწორედ ამ გამოწვევებმა გაგვაძლიერეს და როდესაც ჩემი შვილები გაიზარდნენ, თავადაც აქტიურად ჩაერთნენ ბიზნესსაქმიანობაში. ჩემთვის, როგორც მშობლისთვის მნიშვნელოვანი იყო, შვილებს ეგრძნოთ საკუთარი შრომით და ძალისხმევით მიღებული შემოსავლის ფასი. ამ გამოცდილებამ, პანდემიის პერიოდში თავისი შედეგი გამოიღო და ერთიანი ძალისხმევით შევძელით შეგვენარჩუნებინა ჩვენი საოჯახო ბიზნესი.

უნდა აღვნიშნო, რომ უკანასკნელი წლები, რაც პოლიტიკაში ვარ, ნაკლებად ვარ ჩართული ოჯახის ბიზნესსაქმიანობაში, თუმცა ვხედავ, თუ როგორ წარმატებით აგრძელებენ მშობლების დაწყებულ საქმეს უკვე ზრდასრული შვილები. 2 წლის წინ, პრაღაში გახსნილი ჩვენი რესტორნის ფილიალი ჩეხური “ფორბსის” საუკეთესო უცხოურ რესტორნების სიაში მოხვდა. ეს, როგორც ჩვენი ბიზნესის წარმატება, ისე იმ დაუღალავი ერთიანი ძალისხმევის შედეგია, რაშიც მე და ჩემი ოჯახი უკვე მესამე ათწლეულია, ჩართულები ვართ.

– რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკოსობა?

– პოლიტიკაში ჩართვა არ იყო მარტივი გადაწყვეტილება. უძღვებოდე საკუთარ ბიზნესს და ზრდიდე 5 შვილს, მარტივი არ არის. გაცნობიერებული მქონდა, რომ თუ პოლიტიკაში ჩავერთვებოდი, ბევრი რაღაცის დათმობაც და ცხოვრების წესის შეცვლაც მომიწევდა. თუმცა, როდესაც პირველად მივიღე ეს შემოთავაზება, ეს არ იყო მხოლოდ შესაძლებლობა, არამედ გამოწვევა, რომელიც უნდა დამეძლია. რომ არა არაკომფორტული და სარისკო გადაწყვეტილებები, იქ არ ვიქნებოდი, სადაც ახლა ვარ. სწორედ ამ პრინციპით მივიღე ეს გამოწვევა და ჩავერთე პოლიტიკაში. გარდა ამისა, ვხედავდი, თუ როგორ გაიზარდნენ ჩემი შვილები, მიიღეს საუკეთესო განათლება ქართულ და უცხოურ უნივერსიტეტებში და ჰქონდათ ცხოვრების ის ხარისხი, რაც სამწუხაროდ, ბევრს არ აქვს საქართველოში. ჩავთვალე, რომ ჩემი გამოცდილება და ძალისხმევა სხვისი შვილების მომავლისთვისაც დამეთმო და გამეკეთებინა ყველაფერი ადამიანების ცხოვრების გასაუმჯობესებლად. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ პოლიტიკას, რადიკალური ცვლილებები არ მოაქვს, ერთი ადამიანის პოლიტიკურ ნებას და ძალისხმევას ბევრი ადამიანის ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია. ამის მჯეროდა მაშინ და ამ რწმენით ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას 7 წლის შემდეგაც.

ამასთან, არ შეიძლება არ აღვნიშნო ის მხარდაჭერა, რაც ჩემი მეუღლისგან და შვილებისგან მივიღე. გააზრებული ჰქონდათ, რომ მათი ცხოვრება შესაძლოა, შეცვლილიყო. მიუხედავად ამისა, ისინი ბოლომდე დამიდგნენ გვერდში და დღემდე აქტიურად მიჭერენ მხარს.

– როგორია ქალი პოლიტიკოსი და რამდენად სჭირდება ჩვენ ქვეყანას ქალი პოლიტიკოსების სიმრავლე?

– ბევრი თვლიდა, რომ 50 წლის ასაკში 5 შვილის დედის ადგილი პოლიტიკაში არ იყო. თუმცა, მე პირიქით ვთვლიდი, რომ ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება იყო ჩემი ყველაზე დიდი ძალა, როგორც ქალი პოლიტიკოსის. მარტივი არ არის იყო ქალი იმ სფეროში სადაც აბსოლუტური უმრავლესობა კაცია, განსაკუთრებით ადგილობრივ პოლიტიკაში. როგორც ქალს, დიდი დრო და ძალისხმევა გჭირდება, რომ სერიოზულად და თანასწორად აღგიქვან. ერთია, პატივს გცემდნენ როგორც ქალს, თუმცა რეალური ძალაუფლების გარეშე პოლიტიკაში ცვლილებების მოხდენა შეუძლებელია. სწორედ ამ ძალაუფლების სადავეებთან დგანან კაცები და მისი გაზიარების სურვილი დიდად არ აქვთ. სწორედ ამ მოჯადოებული წრის გასარღვევად არის საჭირო მეტი ქალი ჩაერთოს პოლიტიკაში და ვიხილოთ მეტი ქალი მნიშვნელოვან პოლიტიკურ პოზიციებზე.

გარდა ამისა, რეალური ცვლილებისთვის მნიშვნელოვანია განსხვავებული პერსპექტივების არსებობა. პოლიტიკური ელიტა უნდა ასახავდეს ჩვენი ქვეყნის რეალურ სურათს. როდესაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქალია, პოლიტიკაში უნდა ვხედავდეთ მეტ ქალს, შშმ პირს, სხვადასხვა სოციალური ფენის, ეთნიკურ, რელიგიურ თუ სხვა ტიპის უმცირესობის წარმომადგენლებს. სწორედ ეს ქმნის დემოკრატიულ და სოლიდარულ საზოგადოებას. ჩემი პოლიტიკური კარიერის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქალების აქტიური ჩართვაა პოლიტიკაში.

ჩვენს პოლიტიკურ გუნდში ქალებს თანაბარი პოზიციები უკავიათ პარტიული საქმიანობის ყველა რგოლში, რაც ძალიან მეამაყება. ამასთან, ყოველთვის ვცდილობ, ვიპოვო ისეთი ქალები, რომელთა პოლიტიკური ტალანტი არ ან ვერ არის რეალიზებული. დავეხმარო მათ საკუთარი უნარების პოვნასა და განვითარებაში.

– რა არის თქვენი პოლიტიკური მიზანი?

– როგორც უკვე ვახსენე, ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესება არის ჩემი პირველი მიზანი. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ რაც შემიძლია. ვიყენებ ჩემს პოზიციას, როგორც საკრებულოს მოქმედ წევრ, ისე ჩემს სოციალურ კაპიტალს, როგორც ქუთაისის რიგითი მოქალაქე. როგორც ყველა პოლიტიკოსს, მეც მაქვს პრიორიტეტები, რომელშიც განსაკუთრებულ ძალისხმევას ვდებ. როგორც მრავალშვილიან დედას, ჩემთვის მნიშვნელოვანია ქალთა სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური უფლებები. წლებია, ვმუშაობ მარტოხელა, მრავალშვილიანი, ძალადობის მსხვერპლ და სოციალურად დაუცველი დედების ინტერესებისთვის. აქტიურად ვითხოვ მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამასთან, პირადი რესურსებითაც ვცდილობ დავეხმარო მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ამასთან, ჩემთვის პრიორიტეტულია ახალგაზრდების ცხოვრების გაუმჯობესება. ჩემი აქტიური ძალისხმევის შედეგად, წლების მანძილზე არაერთი რეფორმა გატარდა, მათ შორის უფასო გახდა სპორტული დარბაზები ქუთაისელი სკოლის მოსწავლეთათვის, გაიზარდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების ყოველთვიური დახმარება და სულ ახლახან დაინერგა ახალგაზრდული სტუდენტური სტაჟირების პროგრამა ქუთაისში. ამასთან, პირადი ჩართულობით განახლდა და აშენდა არაერთი სპორტული თუ რეკრეაციული ზონები ქუთაისელი ახალგაზრდებისთვის. გარდა ამისა, ვიყავი პირველი, ვინც დააყენა უფასო სასკოლო ლანჩის საკითხი ქუთაისის საკრებულოში.

ასევე, დიდ ყურადღებას ვუთმობ სოციალურად დაუცველი ოჯახების და განსაკუთრებით ასაკოვანი მოქალაქეების პრობლემებს. აქტიურად ვარ ჩართული მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში. ვცდილობ აქტიურად დავაყენო საკითხი სოციალური საცხოვრისის და იმ მძიმე პირობების შესახებ, სადაც ათასობით ქუთაისელს უწევს ცხოვრება და არსებობა. ასევე აქტიურად ვარ ჩართული ქუთაისის კულტურულ და საგანმანათლებლო საკითხებში. წლებია, ვთანამშრომლობ ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკებთან და კულტურულ დაწესებულებებთან. ვითხოვ მათი ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესებას და მოდერნიზაციას.

გარდა ამისა, გარემოს დაცვის საკითხები და ნარჩენების სწორი გადამუშავება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჩემთვის. ვცდილობ, ყურადღება მივაპყრო ქუთაისის ეკოლოგიურ პრობლემებსა და გამოწვევებს. მაგალითად, როდესაც მეტალურგიული ქარხნის გამონაბოლქვის პრობლემის შესახებ დავიწყე აქტიურად საუბარი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის საქმიანობა დროებით გააჩერა. ასეთივე პოზიტიური შედეგი ჰქონდა ქუთაისში ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობის მოთხოვნას, რომელიც მოსახლეობის ძალისხმევით სულ ახლახან დაიწყო. ამასთან, წლებია, ვითხოვ ნარჩენების გადასამუშავებელი ქარხნის მშენებლობას. სულ ცოტა ხნის წინ, პირადად ვესტუმრე ნარჩენების გადამმუშავებელ ქარხანას ჩეხეთში, ქალაქ პრაღაში.

გარდა ამისა, ქუთაისის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ეკონომიკური გაძლიერება რჩება ჩემს მთავარ პრიორიტეტად. აქტიურად ვითხოვ ქუთაისის ცენტრალური სარკინიგზო სადგურის რეაბილიტაციას. ასევე, არაერთხელ დავაყენე აეროპორტისა და ქუთაისს შორის საზოგადობრივი ტრანსპორტის დამატების საკითხი. საბედნიეროდ, დღეს ქუთაისსა და აეროპორტს შორის მუდმივ მოქმედი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობს. ეს არის ის მცირე ჩამონათვალი, თუ რატომ ვარ პოლიტიკაში და რა მიზნები მამოძრავებს.

– რატომ გახარია?

– ბევრი მიზეზი მქონდა იმისათვის, თუ რატომ უნდა გავერთიანებულიყავი გახარიას გუნდთან. პირველ რიგში, გახარიასა და მისი გუნდის ურყევი, პროდასავლური და ევროატლანტიკური ორიენტირი იყო. ამასთან, პარტია “გახარია-საქართველოსთვის” იზიარებს ჩემს შეხედულებებს სოციალური სახელმწიფოს შესახებ, სადაც სახელმწიფო იცავს ყველას ინტერესებს, მიუხედავად მისი სოციალური თუ პოლიტიკური კუთვნილებისა. მჯერა, რომ გახარია და მისი გუნდი, არის ერთადერთი, ვისაც შეუძლია ქვეყანა არსებული ჭაობიდან გამოიყვანოს და განვითარების სწორი ორიენტირი მისცეს. გარდა პოლიტიკური თანხვედრისა, ჩემთვის მნიშვნელოვანია ვიყო ისეთი გუნდის წევრი, რომელიც დაკომპლექტებულია, წარმატებული, მშრომელი, მებრძოლი, პრინციპული და ღირსეული ადამიანებით. ერთი წუთით არ მეპარება ეჭვი, რომ გახარიას გუნდს მხოლოდ ქვეყნისთვის საუკეთესო ინტერესები ამოძრავებთ. სწორედ ასეთ ადამიანებთან ერთად მინდა საქმიანობა, სადაც ვიცი, რომ ჩემი ძალისხმევა არ დაიკარგება.

– როგორ საქართველოში იცხოვრებდით?

– მინდა ვიცხოვრო საქართველოში, სადაც ხელისუფლება მის მოქალაქეზე ზრუნავს. იცავს მის ინტერესებს, არ არღვევს მის უფლებებს და პატივს სცემს მას. მინდა ვიცხოვრო საქართველოში, სადაც მოქალაქე არ იდევნება მისი რელიგიური, პოლიტიკური, გენდერული, თუ სექსუალური იდენტობის გამო. სადაც სასამართლო, პროკურატურა და სამართალდამცავი სტრუქტურა დამოუკიდებელი და თავისუფალია. მინდა ვიცხოვრო ქვეყანაში, სადაც მუშებს ღირსეული სამუშაო გარემო, ხელფასი და ბენეფიტები აქვთ. გარემო, სადაც ჰაერი სუფთაა და სასმელი წყალი უსაფრთხო. ქვეყანა, სადაც მშიერი ბავშვები არ არიან, ყველას აქვს განათლების, ჯანდაცვის, უსაფრთხოების და ბედნიერებისკენ სწრაფვის შესაძლებლობა. ქვეყანა, სადაც ქალებზე და ბავშვებზე მოძალადე ადამიანები მკაცრად ისჯებიან, სადაც ტარდება თავისუფალი და ღია არჩევნები. მინდა, ჩემს სიცოცხლეში საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი, თავისუფალი, განვითარებული, დემოკრატიული და პერსპექტიული სახელმწიფო.

კომენტარები