“სამწუხაროდ, დღეს ისევ უკონტროლოა მედიკამენტების გამოწერის პრაქტიკა”,- ამის შესახებ ჯანდაცვის სპეციალისტი, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ანდრია ურუშაძე საუბრობს.
მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში, ექიმი ვერ უძლებს იმ ცდუნებას, რასაც ფარმაცევტულ კომპანიასთან აღებული საკომისიო ჰქვია და ცდილობს, რაც შეიძლება მეტი და ძვირიანი წამალი გამოწეროს.
“ზოგადად, რეცეპტის ინსტიტუტი უნდა დამკვიდრებულიყო და ძალიან დიდი მოლოდინები იყო ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ რეცეპტი აუცილებელი პირობაა იმ მედიკამენტების ჯგუფებისთვის, სადაც ექიმის დანიშნულება აუცილებელია, როგორც დოზირების, ხანგრძლივობის, ისე კონკრეტული მედიკამენტების დასახელებისთვის, მაგრამ როგორ იყო მართული ეს პროცესი?! ალბათ, ყველას დაგვრჩა განცდა, რომ ვერ მოახერხა ამის მართვა ვერც სამინისტრომ და არც ექიმებისგან იყო ამ მიმართულებით მხარდაჭერა. სამწუხაროდ, დღეს ისევ უკონტროლოა, მედიკამენტების გამოწერის პრაქტიკა. მათ შორის ჭარბი, ან არა რაციონალური მოხმარება მედიკამენტების. ეს პრაქტიკა, სამწუხაროდ, გრძელდება და ეს არამარტო ფინანსური, ჯანმრთელობის პრობლემაც არის, როდესაც ექიმი ვერ უძლებს იმ ცდუნებას, რასაც ფარმაცევტულ კომპანიასთან აღებული საკომისიო ჰქვია და ცდილობს, რაც შეიძლება მეტი და ძვირიანი წამალი გამოწეროს. ამ შემთხვევაში მხედველობაში მაქვს არა მხოლოდ ერთი წამლის ღირებულება, არამედ, როდესაც რამდენიმე წამალი ინიშნება, მათ შორის, წამლები რომლებიც, შესაძლოა, თერაპიული შინაარსის იყოს და შედეგი არ ჰქონდეს, მაგრამ ეს ყველაფერი ჯიბეზე აისახება და ეკონომიკურად აზარალებს პაციენტს.
ჯობია ხოლმე, რომ ჩვენ ვიმსჯელოთ შედეგებზე და არა ინიციატივებსა თუ სურვილებზე. ვინ არის წინააღმდეგი, რომ რეცეპტი მუშაობდეს?! პირიქით, ძალიან მისასალმებელია, მაგრამ ამას მომზადება და მართვა სჭირდება, შემდეგ შედეგების ანალიზი, იმ პრობლემების ანალიზი, რომელიც ხელს უშლის. ამაზე უარის თქმა კი არ უნდა მოხდეს, წინ უნდა გავაგრძელოთ, იმიტომ რომ აუცილებელია ეს კულტურა, პაციენტსა და ექიმს შორის დამკვიდრდეს, რომელიც თავისუფალი იქნება ფარმაცევტული კომპანიების ზეგავლენისგან”,- განაცხადა ანდრია ურუშაძემ რადიო “პალიტრისა” და “პალიტრანიუსის” გადაცემაში.
კომენტარები