საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ინტენსიური თოვის, ქარბუქის, ზვავსაშიშროებისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების სხვადასხვა მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული.
ინტენსიური თოვის გამო, მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ50-კმ158 მონაკვეთზე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე.
“საავტომობილო გზები იწმინდება და იყრება ტექნიკური მარილი. თუმცა, მეტეოროლოგიური პირობები რჩება ჯერ კიდევ რთული, რის გამოც, ვთხოვთ მძღოლებს იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით, ზამთრის სეზონური საბურავებით და გამოიჩინონ მაქსიმალური ყურადღება”, – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.
კომენტარები