მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“მესამე პრეზიდენტს რომ ასეთ დღეში აყენებენ, მე რისი იმედი უნდა მქონდეს, უბრალო მოკვდავს?!”

“მესამე პრეზიდენტს რომ ასეთ დღეში აყენებენ, მე რისი იმედი უნდა მქონდეს, უბრალო მოკვდავს?!”

ქუთაისში მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი სოლიდარობის აქცია გაიმართა.

ადგილობრივები სიმბოლურად იმ ადგილზე შეიკრიბნენ, სადაც ყოფილმა ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით საკანონმდებლო ორგანო და მთავრობის სახლი გადაიტანა.

“დღეს როგორც არასდროს მიხეილ სააკაშვილს სჭირდება ჩვენი გვერდით დგომა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, ვუცხადებთ სოლიდარობას და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყონ მისი საზღვარგარეთ გადაყვანა”, – განაცხადა ქუთაისის საკრებულოს წევრმა “ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი კილაძემ.

“ჩვენი ერთადერთი, განუმეორებელი, თანამედროვე სახელმწიფოს დამფუძნებლის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე არის საფრთხეში და მე როგორც ერთ-ერთმა მოქალაქემ მივმართო ხელისუფლებას, გადაიყვანონ სააკაშვილი სამკურნალოდ”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

“მთავრობა ისე გვესაუბრება, თითქოს საზოგადოება გონებაშეზღუდულია და მტერი და მოყვარე ვერ გაგვირჩევია. გარედან უფრო კარგად ჩანს მთავრობის პოლიტიკა. კაცს, რომელიც ჯანმრთელი შევიდა საავადმყოფოში, ახლა 15 დაავადება აქვს. ერი ვერ გუობს ჭკვიან კაცს”, – განაცხადა აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ.

“ქვეყნის მესამე პრეზიდენტს რომ ასეთ დღეში აყენებენ, მე რისი იმედი უნდა მქონდეს, უბრალო მოკვდავს”, – აღნიშნა აქციის მონაწილემ.

აქციაზე იმყოფებოდნენ სამტრედიიდან ჩასული მოქალაქეებიც. მათი თქმით, აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანა, რათა მისი სიცოცხლე გადარჩეს.

ქუთაისში გამართულ აქციაზე იმყოფებოდა უკრაინაში მებრძოლი ქართველიც. მისი თქმით, არ შეიძლება მესამე პრეზიდენტს ციხეში წამებით კლავდნენ. როგორც ქართველმა მებრძოლმა აღნიშნა, უკრაინაშიც ყველა მიხეილ სააკაშვილის მადლიერია.

კომენტარები