ნოემბერში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 351 სამართალდარღვევა გამოვლინდა, მათ შორის 55 ქუთაისში.
“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2024 წლის 1 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 351 სამართალდარღვევა გამოავლინეს.
ყველაზე მეტი – 183 დარღვევა დაფიქსირდა თბილისში, 57 – რუსთავში, 56 – ბათუმში, 55 კი ქუთაისში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაჯარიმებული 351 სამართალდამრღვევიდან 310 ფიზიკური პირია, ხოლო 41 – იურიდიული პირი.
216 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი, 121 – მიკროავტობუსის, 14 – სატვირთო ავტომობილის მძღოლების სახელზე.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, საქართველოს 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან ახორციელებენ.
კანონის ამოქმედებიდან 2024 წლის ნოემბრის ჩათვლით, დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟების მიერ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ჯამში 8216 ფიზიკური და იურიდიული პირი დაჯარიმდა.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე – 300 ლარი, მესამე ჯერზე – 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება”, – აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციაში.
კომენტარები