8 ნოემბერს თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელიც ომის დროსა და ომის შემდგომ პერიოდში გენდერული ძალადობის (GBV) პრევენციასა და რეაგირებას მიეძღვნა.
კონფერენციის ორგანიზატორი იყო ქსელი WAVE და ეუთოს გენდერული საკითხების პროგრამა/WIN პროექტი.
ქალთა ფონდი “სოხუმი” შეირჩა ეუთო-ს მიერ მხარდაჭერილი პროექტის ერთ-ერთ პარტნიორად და ჩაერთო პრაქტიკული სახელმძღვანელოს შემუშავების პროცესში, რომელშიც აღვწერეთ ორგანიზაციის მიერ კონფლიქტით დაზარალებული და დევნილი ქალების მიმართ ძალადობის პრევენციისა და რეაგირების მიმართულებით განხორციელებული სტრატეგიები და გამოცდილება გაჭიანურებული კონფლიქტების პირობებში.
მოცემული სახელმძღვანელო ასევე მკითხველს წარმოუდგენს პერსპექტიულ პრაქტიკულ გამოცდილებას, კონკრეტული მაგალითებითა და რეკომენდაციებით.
კონფერენციას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: ლარა სკარპიტამ, ეუთოს უფროსი მრჩეველი გენდერულ საკითხებში და სტეფანი ფატერ-ორელმა, WAVE ქსელის აღმასრულებელი მენეჯერი.
მოხსენებით ასევე გამოვიდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საკითხით დაინტერესებული, საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირები: პარლამენტის გენდერული თანსწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი, წევრი თეონა აქუბარდია და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსი მაკა ფერაძე.
კომენტარები