საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, 2022 წლის პირველი იანვრიდან, საქართველოს მასშტაბით პენსიონერები და სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული პირები მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის სპეციალური ვადებით ისარგებლებენ.
“მოქალაქეთა მიმართვის საფუძველზე სემეკის მიერ შემუშავებული ახალი წესის მიხედვით, დარიცხული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა პენსიონერებს ყოველი თვის 16 რიცხვამდე შეეძლებათ, ხოლო ყოველი თვის 22 რიცხვამდე გადახდის საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული პირები.
გადახდის სპეციალური ვადებით სარგებლობისათვის პენსიონერებმა და სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულმა პირებმა საკუთარი გარემოებების შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდონ ელექტროენერგიის მიმწოდებელ კომპანიებს, ქ. თბილისში – „თბილისის ელექტრომიმწოდებელ კომპანიას“ (თელმიკო), ხოლო რეგიონებში – „ეპ ჯორჯია მიწოდებას“.
ყველა სხვა საყოფაცხოვრებო მომხმარებელი, რომელიც არ მიეკუთვნება პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული პირების კატეგორიას, ელექტროენერგიის საფასურს გადაიხდის დარიცხვიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.
მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვადის პენსიისა და საარსებო შემწეობის მიღების ვადებზე მორგების მიზნით მრიცხველების წაკითხვა განხორციელდება ერთიანი სისტემით, ყოველი თვის ბოლო ოთხ დღეში. შესაბამისად, 2022 წლიდან მოხმარებული ელექტროენერგიის ქვითარს მომხმარებლები თვის დასაწყისში მიიღებენ, სადაც ასახული იქნება წინა თვის ელექტროენერგიის ხარჯი (არაუმეტეს 30 დღისა)”,- აცხადებენ სემეკში.
კომენტარები