მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

პერევისა – სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში

პერევისა – სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში

პერევისა – სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: შუქრუთი, კალაური, სკინდორი, წინსოფელი და ჭილოვანი).

მდებარეობს მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს, ჭიათურის პლატოზე, ჭიათურიდან 7 კილომეტრი. სოფელს ჩრდილოეთით ესაზღვრება ქალაქი ჭიათურა, რომლისგანაც მდინარე ყვირილა გამოყოფს. სამხრეთით ესაზღვრება სოფლები: ცხრუკვეთი, სვერი და გუნდაეთი, დასავლეთით – სკინდორი და წინსოფელი, აღმოსავლეთით – შუქრუთი, კალაური და მერევი. პერევისის საერთო ფართობი შეადგენს 700 ჰექტარს. სოფლის ყველაზე დაბალი ადგილია მდინარე წილთოს ხეობა, ხოლო ყველაზე მაღალი — პერევისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია – 980 მეტრი ზღვის დონიდან.

პერევისის ისტორიული ძეგლებიდან აღსანიშნავია პერევისის წმინდა გიორგის სახელობის, ეკლესია. სალოცავს IX საუკუნეში აქვს საფუძველი ჩაყრილი. ეკლესიაში შემორჩენილია XI-XIII საუკუნეების კედლის მხატვრობის ფრაგმენტები. ამავე ტერიტორიაზე, XIX საუკუნის ბოლოს, კიდევ ერთი ეკლესია აშენდა. ახალი ეკლესია, ძველთან შედარებით, გაცილებით დიდია და იმ პერიოდის ხუროთმოძღვრული ნაგებობების დახვეწილი სტილით გამოირჩევა.

აღსანიშნავია აგრეთვე ტეხისის სალოცავი. ეს სალოცავი ჯერ კიდევ წინაქრისტიანული ხანიდან იღებს სათავეს. სალოცავი „ტეხისა“ პერევისისა და ახლომახლო სოფლების „ადგილის დედა“ უნდა ყოფილიყო, ტეხისობა კი მისი სადიდებელი დღესასწაული. “ტეხისობას“ ყოველ ახალ კვირას აღნიშნავენ, რამაც მას ქრისტიანული დღესასწაულის იერსახე შესძინა.

სოფლის ტერიტორიაზე არსებული ადგილებია: დევის ნამუხლი (წილთოს ღელეში კლდეზე გამოკვეთილი გზის მონაკვეთი), ნაირმალი, ჭაუჭიახო, საქორიათი, ნატბაური, შარგვეშები, ბარდასოული, შემორევა (წილთოს ღელეში, ციცაბო კლდეებს შორის ჩამომდინარე ჩანჩქერი რომელიც დიდ, ღრმა მორევს ქმნის).

სოფელში უხვადაა წყაროები: იფნის წყალი, პირაღია წყარო, ბატონის წყალი, ცხენარის წყალი, ცივწყარო.

კომენტარები