ამერიკელი ექიმი ხორხე მორენო, რომელიც კონექტიკუტის კლინიკაში მუშაობს, ამბობს, რომ ომიკრონის გავრცელების გამო საავადმყოფოს უამრავი პაციენტი მიმართავს და მათ უმეტესობას, ყლაპვის დროს ყელის ძლიერი ტკივილი აქვს.
ამავე სიმპტომზე საუბრობენ ექიმები ნორვეგიაში, სამხრეთ აფრიკაში და დიდ ბრიტანეთში – ყელის ტკივილი ომიკრონისთვის მკვეთრად არის დამახასიათებელი.
დეკემბერში სამხრეთ აფრიკის უმსხვილესი სადაზღვევო კერძო კომპანიის, Discovery Health-ის ხელმძღვანელმა რაიან ნოაქმა განაცხადა, რომ პაციენტები ომიკრონის პირველ სიმპტომად ყელის ტკივილის ასახელებენ, რასაც, შემდგომში, ცხვირის გაჭედვა და მშრალი ხველა მოჰყვებოდა.
აპლიკაციის Zoe COVID Symptom Study-ს მონაცემების მიხედვით, დიდ ბრიტანეთში, პაციენტების უმრავლესობისთვის ყელის ტკივილი არის ომიკრონის პირველი სიმპტომი.
მორენოს თქმით, პაციენტები, რომლებიც მას კლინიკაში მიმართავენ, ვაქცინირებულები არიან, რაც კოვიდის მსუბუქ მიმდინარეობას განაპირობებს.
იმის მიუხედავად, რომ ყელის ტკივილი დელტასთვისაც არის დამახასიათებელი, ომიკრონის შემთხვევაში ეს სიმპტომი უფრო ფართოდ არის გავრცელებული. ამასთან, ვირუსოლოგების თქმით, სხვა შტამებისგან განსხვავებით, ომიკრონის დროს გემოსა და სუნს უმეტესად არ კარგავენ.
კომენტარები