პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ოფიციალურად დანიშნა. სალომე ზურაბიშვილმა განკარგულებას ხელი ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე, მედიის თანდასწრებით მოაწერა.
“ხელი მოვაწერე ამწუთას არჩევნების გამოცხადების განკარგულებას. დღე გადაწყვეტილების მოგვიახლოვდა, დღე არჩევანის, დღე გადარჩენის. დღეს ჩვენ საქმე არა გვაქვს ჩვეულებრივ არჩევნებთან, საქმე გვაქვს ქვეყნის მომავლის გადარჩენასთან. ჩვენი დღევანდელი არჩევანი ეგზისტენციალურია. ეს არჩევანი ქვეყნის ბედს მრავალი წლით განაპირობებს.
ამიტომაც, როგორც პრეზიდენტი, მე მაქვს ამ არჩევნებზე ჩემი სათქმელი, რაც რომ იყოს ჩვეულებრივი არჩევნები, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის კონკურენცია, არ ექნებოდა არაფერი სათქმელი. უნდათ, რომ დაგვარწმუნონ რომ ეს იქნება ერთგვარი არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის – ეს ტყუილია, რამეთუ არჩევნებით ომის საფრთხე ვერ აღიკვეთება და არასოდეს არავინ არ ირჩევს ომს. დღეს საქართველოში არავის უნდა ომი და არავინ ამზადებს. იზოლაცია, შიდა დაპირისპირება, პრიორიტეტებისა და მიზნების ბუნდოვანება და აღრევა კი ზრდის მტრის მადას, ანუ ომის საფრთხეს. სამაგიეროდ, მხნეობა, ერთიანობა, სიცხადე, მოყვარესთან თუ მტერთან, ყველაზე კარგი თავდაცვაა ქვეყნის უსაფრთხოებისა. ის კი მართალია, რომ უნდა მოვემზადოთ არჩევანისთვის, რომელიც იქნება და მე ამას ვიძახი პირველი დღიდან, რეფერენდუმის ტოლფასი – ევროპა თუ რუსეთი”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
კომენტარები