ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია მმართველი პარტიის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელებას აფასებს.
საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, აღნიშნული კანდიდატურა მისი მხრიდან მხარდაჭერილი იქნება.
– ბატონო ირაკლი, როგორ აფასებთ ბიძინა ივანიშვილის მიერ დასახელებულ კანდიდატს და თქვენგან, როგორც ხმოსნისგან, იქნება თუ არა მხარდაჭერილი მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა?
– რა თქმა უნდა, მე როგორც წარმომადგენელი პოლიტიკური გუნდის და ამ პარტიის, მხარს დავუჭერ ბატონ მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურას საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე.
– ბატონო ირაკლი, სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას დიპლომი არ აქვს, ამას როგორ აფასებთ?
– მე ვფიქრობ, ამაზე ბატონი მიხეილი გაგცემთ პასუხს და შესაბამისად ის ორგანოები, რომელშიც საქმიანობს ბატონი მიხეილი და მას შეგიძლია ჰკითხოთ.
– თქვენ ისურვებდით თუ არა რომ პრეზიდენტობის კანდიდატს ჰქონდეს დიპლომი?
– პირველ რიგში, ჩვენ უნდა აღვნიშნოთ ის კონსტიტუციური საკანონმდებლო ჩარჩო, რომელშიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. ქვეყანა არის საპარლამენტო მმართველობის მოდელზე, შესაბამისად საპრეზიდენტო ინსტიტუტი წარმოადგენს უშუალოდ იმ პოლიტიკურ დატვირთვას, რომელიც წარმოადგენს დამაბალანსებელს. ის კანდიდატურა, რომელიც წარმოადგინა ჩვენმა გუნდმა, მოემსახურება საზოგადოების იმ მნიშვნელოვან კომპონენტს, რომელიც ამ ინსტიტუციის ნაწილში შედის. ის იქნება დამაბალანსებელი იმ ინსტიტუციის, რომელიც წარმოდგენილია ამ მმართველობის მოდელში.
“ქართული ოცნება“ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილს დანიშნავს. პარტიის გადაწყვეტილება საზოგადოებას პარტიის დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გააცნო.
როგორც ყაველაშვილის წარდგენისას ივანიშვილმა თქვა, „ის თავისი ბუნებით, თუ გნებავთ, ჰაბიტუსითაც ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერებაა“.
„დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი სრულად დაუბრუნებს პრეზიდენტის ინსტიტუტს დროებით წართმეულ ღირსებას. 29 დეკემბერს შედგება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და ამ დღიდან საქართველოს პრეზიდენტის მიერ ქვეყნის ღალატის და კონსტიტუციის სისტემატური დარღვევის უხეში პრაქტიკა, რომელმაც პრეზიდენტის ინსტიტუტს უდიდესი ზიანი მიაყენა. ეჭვგარეშეა, რომ მიხეილ ყაველაშვილი იქნება არა უცხოური ძალის, არამედ ქართული სახელმწიფოს და ქართული ხალხის სამსახურში და თავის წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და წარმატებაში“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ყოფილი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი მეცხრე და მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო „ქართული ოცნების“ სიიდან. მეათე მოწვევის პარლამენტში ის „ქართული ოცნებიდან“ „სიმართლის თქმის“ მიზეზით გამოყოფილი, ანტიდასავლური „ხალხის ძალის“ წევრი გახდა და ერთ-ერთ ის დეპუტატი იყო, რომელიც ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩეოდა. ყაველაშვილი მე-11 მოწვევის პარლამენტშიც მოხვდა „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ საერთო სიით.
წელს პირველად, პრეზიდენტი აირჩევა არა ხალხის პირდაპირი საარჩევნო უფლებით, არამედ საარჩევნო კოლეგიის მიერ. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში შედის 300 წევრი, მათ შორის საქართველოს პარლამენტის 150 წევრი, აფხაზეთისა (20 წევრი) და აჭარის (21 წევრი) ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. საარჩევნო კოლეგიის დანარჩენი 109 წევრი კი, ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნებზე მიღებული მხარდაჭერის პროპორციული კვოტების შესაბამისად, პოლიტიკურმა პარტიებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან უნდა დაასახელონ.
კომენტარები