კიდევ ერთხელ განვუმარტოთ ჩვენს მოსახლეობას, თუ რას ნიშნავს მწვანე სტატუსი. ეს არის 3 სხვადასხვა შემთხვევა – როდესაც ადამიანი არის სრულად ვაქცინირებული, ანუ გაკეთებული აქვს ვაქცინის ორი დოზა; როდესაც გატესტილია და გატესტვის შემთხვევაში შესაძლებელია იყოს ორი ვარიანტი – 72 საათის ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი და როდესაც პიროვნებას აქვს გადატანილი კოვიდ-ინფექცია. ამ შემთხვევაში მას ენიჭება მწვანე სტატუსი, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
მან ასევე განმარტა, თუ რა შემთხვევაში შეუძლიათ მოქალაქეებს Georgia e-Health-სა და CovidPass Georgia-ს აპლიკაციის გამოყენება.
„რაც შეეხება 2 აპლიკაციას. ეს ორი აპლიკაცია არის სხვადასხვა დანიშნულების. პირობითად რომ წარმოვიდგინოთ – პასპორტი, რომლითაც ჩვენ საზღვარგარეთ დავდივართ და ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება აპლიკაცია, რომელსაც ჰქვია Georgia e-Health და პირობითად, პირადობის მოწმობა, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ნებისმიერ დროს ქვეყნის შიგნით და ამ აპლიკაციას ჰქვია CovidPass Georgia. CovidPass Georgia გაცილებით უფრო მარტივია გამოსაყენებლად და იქ რეგისტრაციას და მონაცემების გამოტანას ძალიან მცირე ძალისხმევა სჭირდება. აქ მთავარი არის ის, რომ სკანირება უნდა მოხდეს CovidPass Georgia-ს აპლიკაციის მეშვეობით, რომელსაც შეუძლია დაასკანეროს ნებისმიერი სახის მატარებელი, რომელზედაც არის დატანილი QR კოდი. ეს იქნება ცნობა, რომელიც გაცემულია ამცრელი დაწესებულების მიერ, ტესტის პასუხი, რომელზეც ასევე არის QR კოდი დატანილი, CovidPass Georgia ასკანერებს Georgia e-Health-ის მიერ გენერირებულ QR კოდსაც, ის ასევე ასკანერებს იუსტიციის სახლში გაცემულ კოვიდ ბარათებს, ამიტომ, ამით მაქსიმალურად გვინდა შევუქმნათ მოსახლეობას კომფორტი და შევუწყოთ ხელი ბიზნესს, რომ მათ, რაც შეიძლება ნაკლები პროცედურები დასჭირდეთ, რათა მწვანე პასპორტმა და ამ კონცეფციამ იმუშაოს“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
კომენტარები