ქუთაისის ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაცია დათქმულ დროს ვერ დასრულდა.
აღნიშნული რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაციისას ნათქვამი იყო, რომ სამუშაოები 2024 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო.
2025 წლის დასაწყისში კი, ბულვარი ისევ დროებითი თუნუქის ფირფიტებით არის შემოსაზღვრული, პერიმეტრზე კი სამუშაოები ძირითადად გაჩერებულია.
“სამუშაოების ნახევარზეც კი არ არიან. ეს როდის დასრულდება კაცმა არ იცის. მზიან ამინდში არ მუშაობენ, ღრუბლიანში არ მუშაობენ, წვიმიანში არ მუშაობენ და როგორ ამინდს ელოდებიან ნამდვილად არ ვიცი. სამუშაოები გასული წლის ბოლოს კი არა, მიმდინარე წლის ბოლოს თუ დასრულდა კაი იქნება”, – აცხადებს ადგილზე თვითდასაქმებული მაკლერი, რომელიც ძირითად დროს სწორედ ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე ატარებს.
ქუთაისის ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაცია 2024 წლის დასაწყისში დაიწყო.
რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, პარკის გეგმარება რჩება უცვლელი და განახლდება მხოლოდ არსებული ინფრასტრუქტურა, სადაც გამოყენებული იქნება მიმდებარე ტერიტორიისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული ელემენტები. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სარწყავი და სადრენაჟე სისტემები, ასევე დენდროლოგიური პროექტის შესაბამისად, ტერიტორიას დაემატება ახალი ხე-მცენარეები.
ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობამ 14.9 მილიონი ლარით დააფინანსა. პარკი 1821 წელს გაშენდა და ის გასული საუკუნის დასაწყისში არა მარტო სასეირნო, არამედ საზოგადო მოღვაწეების თავშეყრის ადგილიც იყო.
კომენტარები