მეოცე საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლები სახელმწიფოებრივი და სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით უმძიმესი იყო საქართველოსთვის. რუსეთის ინსპირირებითა და მართვით 1991 წლის დეკემბერსა და 1992 წლის იანვარში საქართველოში მომხდარი სამხედრო გადატრიალებისა და ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობის შედეგად, რასაც 1992 წლის აგვისტოდან დაერთო რუსეთის მიერ წარმოებული ომი საქართველოს წინააღმდეგ აფხაზეთში, ჩვენს ქვეყანაში სავალალო ვითარება შეიქმნა. ეკონომიკა თითქმის სრულად ჩამოიშალა, მოსახლეობაში მასობრივმა ეკონომიკურმა სიდუხჭირემ დაისადგურა.
ამ ფონზე, საინტერესოა, როგორ შეხვდა ოცდაათი წლის წინ ქუთაისი ახალ წელს, როდესაც დგებოდა 1993 წელი.
1992 წლის 23 დეკემბერს ქ. ქუთაისის იმჟამინდელ გამგეობაში გაიმართა თათბირი საახალწლო ვაჭრობის მზადების საკითხებზე. სხდომას თავმჯდომარეობდა გამგეობის თავმჯდომარე ზურაბ ქაჯაია. ხსენებულ თათბირზე გადაწყდა, რომ ქუთაისში საახალწლო ვაჭრობა იმ წელიწადს დაიწყებოდა 27 დეკემბრიდან. ქალაქის ვაჭრობისა და კვების მრეწველობის საწარმოების ხელმძღვანელებმა წარმოადგინეს ინფორმაცია, საახალწლოდ რა რაოდენობის სხვადასხვა პროდუქტი გაიყიდებოდა ქუთაისში.
გაზეთ „ქუთაისის“ 1992 წლის 30 დეკემბრის ნომერში დაიბეჭდა ინფორმაცია, სათაურით „ხორცი სიებით“, რომელშიც ვკითხულობთ: „ქუთაისის მოსახლეობაზე სარეალიზაციოდ გამოიყო 260 ტონა იმპორტული საქონლის ხორცი. იგი გაიყიდება ნორმირებული წესით, არსებული სიების მიხედვით – ერთ სულზე 1 კგ-ის ოდენობით, ვაჭრობისა და საზკვების სამმართველოს დაქვემდებარებული სასურსათო მაღაზიების საშუალებით.
რთული კლიმატური და სხვა ტექნიკური მიზეზების გამო ქ. ფოთის ნავსადგურში გაძნელებულია კუთვნილი ხორცის მთლიანად გადმოტვირთვა და შემოზიდვა საახალწლოდ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ხორცის რეალიზაცია დაიწყება მიმდინარე წლის 29 დეკემბრიდან და გაგრძელდება 1993 წლის იანვრის თვეში.
ერთი კილოგრამი ხორცის სარეალიზაციო ფასია 180 მანეთი“.
აქვე წარმოდგენილია ინფორმაცია, სათაურით „ახალი სისტემა პურის ბარათებზე“, სადაც ჩაწერილია: „1993 წლის 1 იანვრიდან ქალაქში შემოღებული იქნება პურის მისაღები ბარათების ახალი ფორმა.
ბარათები დანომრილია დღეების მიხედვით, კუპონების სახით. პურის შეძენის დროს გამყიდველი ვალდებულია მოჭრას იმ რიცხვის ტალონი, რომელ დღესაც მოქალაქე იძენს პურს, ხოლო სავაჭრო ობიექტი აღნიშნული კუპონების ანგარიშს ჩააბარებს ვაჭრობისა და საზკვების სამმართველოს.
პურის მისაღები ახალი ტალონები მოსახლეობას დაურიგდება იმ სავაჭრო ობიექტების საშუალებით, სადაც ისინი არიან მიმაგრებული“.
გაზეთ „ქუთაისის“ ამავე ნომრის პირველ გვერდზე დაბეჭდილია ფრაზა: „საახალწლო ნაძვის ხე არ იქნება, მაგრამ…“, რომელსაც მოსდევს ჟურნალისტ ლელა ცეცაძის სტატია „ეს ახალი – ახალწლობა“, სადაც ავტორი წერს: „ამ ბოლო ხანს ბავშვებს იმდენ რამეზე ვეუბნებით უარს, რომ ლამის საბოლოოდ ავამხედროთ ისინი ჩვენს წინააღმდეგ. პატარამ არ იცის, რომ ჩვენს მიწაზე ომია და სისხლისაგან იცლება საქართველო, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა სულს ღაფავს, მაგრამ განა მათ მიზეზებით დავამშვიდებთ? და, თუ რომელიმე მშობელი ამას უკონფლიქტოდ ახერხებს, ბარაქალა მას.
რაოდენ გულდასაწყვეტიც არ უნდა იყოს, წელს, ტრადიციული საახალწლო ზეიმი ნაძვის ხესთან ოპერის თეატრში არ შედგება. მიზეზად კვლავ ის ავადსახსენებელი ეკონომიკური პირობები უნდა მოვიშველიოთ. ბევრს ეცადნენ ქალაქის პროფკავშირული ორგანიზაციები ქალაქის გამგეობასთან ერთად, რომ პატარებს მაინც ეზეიმათ ახალ წელს, მაგრამ…“, – აღნიშნავს ჟურნალისტი.
ჩვენი ქვეყნის იმჟამინდელი ზოგადი ვითარებიდან გამომდინარე ქუთაისში შექმნილ ზემოაღწერილ მდგომარეობაზე ქუთაისის მაშინდელი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ტარიელ მგელაძეს განუცხადებია: „თავად განსაჯეთ: საახალწლო დარბაზის მოწყობისათვის 60 ათასი მანეთია საჭირო, ერთი ცალი ამანათის ღირებულება 100 მანეთამდეა, ამდენი თანხა მართლაც არ გამოიძებნა. გადავწყვიტეთ, მანდარინით მაინც დაგვესაჩუქრებინა ჩვენი პატარები. გახლდით კიდეც ოზურგეთში, ვესაუბრე გამგეობის თავმჯდომარეს, რომელმაც გვითხრა, ახლავე თუ წაიღებთ, თორემ შემდეგისთვის ვერაფერს შეგპირდებითო. ეს დეკემბრის შუა რიცხვი იყო და ვინაიდან მანდარინი მალფუჭებადია, ვერ გავრისკეთ შესყიდვა“, – აღნიშნა ქუთაისის პროფკავშირული ორგანიზაციის იმჟამინდელმა თავმჯდომარემ.
კულტურული თვალსაზრისით ქუთაისში ოცდაათი წლის წინანდელი საახალწლო ზეიმისას (თუ შეიძლება, რომ ამგვარად ეწოდოს იმ ვითარებას) 1992 წლის 25 დეკემბერს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე გაიმართა საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „ქუთაისის“ საშობაო პრემიერა.
ასევე, ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრში, 1992 წლის 29, 30 და 31 დეკემბერს განსაზღვრული იყო დღეში ორი საახალწლო წარმოდგენის გამართვა, სადაც ნორჩებს მიულოცავდნენ ახალ წელს და საჩუქრად გადასცემდნენ საყმაწვილო წიგნებს.
1992 წლის 22-25 დეკემბერს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის რეგიონულმა ორგანიზაციამ, ქუთაისის სპორტისა და ტურიზმის განყოფილებამ და სპორტსაზოგადოება “შევარდენის“ საქალაქო საბჭომ ქუთაისის სპორტულ ბაზებზე ჩაატარეს საახალწლო საშობაო საქალაქო ტურნირები მინი ფეხბურთში, მაგიდის ჩოგბურთსა და გირების აწევაში.
ოცდაათი წლის წინანდელი ქუთაისის საახალწლო პერიოდის ერთ-ერთი პოზიტივი იყო ის, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის მეშვეობით ქუთაისში იმჟამად შემოვიდა ჩვილ ბავშვთა 55 ტ. საკვები (გათვალისწინებული 0-დან 18 თვემდე ბავშვებისათვის). აღნიშნულთან დაკავშირებით ქუთაისის იმჟამინდელმა მთავარმა პედიატრმა თემურ ტონიამ განაცხადა: „ფრანგებმა ხელი გამოიღეს და ჩვენს ჩვილებს კარგი საახალწლო საჩუქარი გამოუგზავნეს, რითაც ამ ზამთარში მათი გამოკვების პრობლემა დღის წესრიგიდან მოხსნეს“, – აღნიშნა ქალაქის მთავარმა პედიატრმა (გაზ. „ქუთაისი“, # 118, გვ. 1, 1992 წ).
ოცდაათი წელი ისტორიისთვის ბევრი არ არის, თუმცა, ადამიანური გაანალიზება-შეფასებებისათვის საკმაოდ დიდი დროა… სწორედ, ასეთი იყო ოცდაათი წლის წინანდელი ქუთაისის საახალწლო მდგომარეობა-სამზადისი, რომელიც სრულად თანხვედრაში იყო ჩვენი ქვეყნის იმჟამინდელ ზოგად უმძიმეს ვითარებასთან. დგებოდა 1993 წელი, რომელიც ასევე მრავალი პრობლემური გამოწვევით აღსავსე აღმოჩნდა საქართველოსათვის, ისევე, როგორც მეოცე საუკუნის მთელი 90-იანი წლები.
გაივლის დრო და 2023 წლის ქუთაისის საახალწლო მდგომარეობა-სამზადისზეც, შესაძლოა, ოცდაათი ან მეტი, თუნდაც ნაკლები წლის შემდგომ დაიწეროს და გამოქვეყნდეს, რადგან ისტორია მუდმივად იწერება…
ფოტო: ამონარიდი გაზეთ “ქუთაისის” 1992 წლის # 118-ის (30 დეკემბერი) პირველი გვერდიდან
ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი
კომენტარები