“ჩვენი შვილების პირებიდან ამოღებული ლუკმა შენს შვილებს როგორ უნდა აჭამო?!” – ამ კითხვით მიმართავს ტყიბულის შახტიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული მეშახტე ხვიჩა გაბუნია იმ პირებს, რომლებმაც ისინი ახალი წელს სამსახურიდან გაათავისუფლეს.
მეშახტეები, რომლებიც ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდაჭერას ღიად აფიქსირებდნენ, სამსახურის გარეშე დარჩნენ.
მეშახტეების თქმით, მათ რამდენჯერმე შენიშვნა მისცეს საჯაროდ გამოხატული პოლიტიკური პოზიციის გამო, რამდენიმე დღის წინ კი დაიბარეს და აცნობეს, რომ ახალი წლიდან სამსახურები აღარ ექნებათ.
“მშრომელ კაცს რომ მშიერს დატოვებ, ამ გაჭირვებულ პერიოდში. 4 სული არის ჩემს უკან ჩემს ოჯახში, ერთადერთი მე ვიყავი, ვისაც სახლში ლუკმაპური შეჰქონდა. მე გამონაკლისი არ ვარ, ასევე სამსახურიდან გაათავისუფლეს გიორგი აბულაძე და მისი ოჯახის წევრები, მათი ოჯახიდან ახალი წლის წინ 3 ადამიანი დაითხოვეს სამსახურიდან. ფაქტობრივად 2025 წელი მოგვილოცეს ამ ფორმით და ოჯახები გაწირეს შიმშილისთვის. მივმართავ მათ, ვინც ჩვენ შიმშილისთვის გაგვიმეტეს, შე დალოცვილო, ჩვენი შვილების პირებიდან ამოღებული ლუკმა შენს შვილებს როგორ უნდა აჭამო? მშრომელ ხალხს, რომ ასეთ მდგომარეობაში ჩააგდებ, რა სამართალზეა საუბარი?! 7 წელია, სამთო ოსტატი ვარ, მანამდე მუშის პოზიცია ვიყავი, ჩემი ხელმძღვანელობის ქვეშ არცერთ დასაქმებულს ფრჩხილიც კი წამოსტკენია, თუ მე ასეთი ცუდი ვიყავი აქამდე რატომ მამუშავეს. ეს არის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება”, – ამბობს მეშახტე ხვიჩა გაბუნია.
“საქნახშირის” პრესსამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნულ პირებს გადამზადებას სთავაზობენ, რომლის შემდეგადაც უკეთესი პირობებით დაასაქმებენ.
კომენტარები