“დღეს გვაქვს სტუდენტის სტატუსი, როგორც გადავადების საფუძველი. შემოთავაზებული ცვლილებით, სტუდენტის სტატუსი არ არის გადავადების ავტომატური საფუძველი”, – აცხადებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ახალ “თავდაცვის კოდექსზე” საუბრისას.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გიორგაძე განმარტავს, რომ სამინისტრო სტუდენტებს სხვა წვევამდელებთან შედარებით, სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის დროს განსხვავებულ პირობებს შესთავაზებს და უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენებს.
გიორგაძის თქმით, გაწვევას ყველა სტუდენტი არ დაექვემდებარება, მათი შერჩევა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ელექტრონული პროგრამის მეშვეობით მოხდება და მათ შესაძლებლობა ექნებათ, აირჩიონ 6, 8, 11-თვიანი თუ სწავლასთან ერთად ოთხწლიანი პროგრამა.
„სტუდენტს ექნება ოთხი ოფცია. მას შეუძლია, სურვილის შემთხვევაში აიღოს აკადემიური და გაიაროს 6, 8 ან 11-თვიანი პროგრამა, ხოლო თუ მას უნდა, სწავლას შეუთავსოს, არის ოთხწლიანი ოფციაც. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ნებაყოფლობითი პროგრამა, რომელიც შემოგვაქვს; ეს არის რეზერვის ოფიცრის ორწლიანი პროგრამა. სტუდენტებს ასევე შეუძლიათ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროგრამაში და სწავლის ხელშეშლა არ მოხდება. ეს პროგრამაც უქმეების პერიოდზე არის აგებული. გარდა სტუდენტებისა, ამ პროგრამით სარგებლობა მათაც შეუძლიათ, ვისაც უმაღლესი განათლება აქვთ. ეს პროგრამა ასევე საინტერესოა ისეთი ადამიანებისთვის, ვისაც უმაღლესი დამთავრებული აქვს, მაგალითად, მუშაობს, და ისე, რომ სამსახურს არ მოწყდეს, შეუძლია, შეუთავსოს. ვალდებულების მოხდა ამ ფორმითაც არის შესაძლებელი…
მაგალითად, თუ პირი კარგი პროგრამისტია ან IT სპეციალისტი, მას სპეციალისტის რეზერვში შეუძლია სამსახური. წელიწადში 45-დღიანი შეკრება ხდება და მათ ვალდებულება მოხდილად ჩაეთვლებათ“, – განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.
თავდაცვის ახალი კოდექსის ამოქმედება 2025 წლიდან იგეგმება.
განახლებული კანონით, სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის გაწვეული წვევამდელები მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურებში იმსახურებენ და არ მოუწევთ შსს-ში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა თუ პენიტენციურ დაწესებულებებში მუშაობა.
კომენტარები