მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ტრადიციის დაბადება

ტრადიციის დაბადება

როცა გარშემო ჯერ კიდევ სადღესასწაულო განწყობაა და ორი ახალი წელი ორ ქრისტეშობას ენაცვლება, ფიქრებიც ბრწყინავს და ბრჭყვიალებს. თავისთავად გინდება ზღაპრულზე და ჯადოსნურზე წერა, ან საუბარი – განსაკუთრებულზე და მნიშვნელოვანზე.

დიდი სურვილი მქონდა, როცა ქუთაისს ახალი როიალი შეუძინეს, ბულვარში გაჟღერებულიყო პირველად. ამ ქალაქს უხდება გაპრანჭვა. რეზო გაბრიაძე იზამდა ამას. გახსოვთ ალბათ, მისი მონათხრობი – საქართველოში პირველი როიალის მგზავრობის ნაივურ ბუნდოვანებაზე 😊. მიყვარს ამ გენიოსის ქუთაისურად არომატული ეტიუდები.

ჰოდა, ამ ქალაქს ნამდვილად აქვს მისი მუსიკა. ჰაერშიც. ხიდებზეც. ბულვარშიც. ქვაფენილებზე და მოკლე ჩიხებშიც. ლეგატოების და სტაკატოების განუმეორებელი ბმა,  გაბრიაძის პოეტური პროზის და მხატვრობის მაგვარი, ხაზებზე მჩატედ გაფანტული შავ-თეთრად მოხდენილი ნოტებით – შტილზე კუდით და უკუდოდ. და ამ ქალაქს ჰყავს ადამიანები, რომლებსაც ჩვენზე უკეთ ესმით ამ მელოდიის თეატრალური კილო, – მარტო აქ რომ იმღერება.

„კლასტერი“ პირველი სატელევიზიო გადაცემა იყო ქუთაისში, რომელიც კლასიკური მუსიკის ისტორიაზე ყვებოდა. ავტორებიც იმ წარსულიდან მახსოვს. ლამაზები, დახვეწილები, აკადემიურები. მიზანი – ახალგაზრდულად გულწრფელი და ენთუზიზმით გაპოხილი ჰქონდათ – პროფესიის პატივისცემა და თაობების განათლების სურვილი. დაახლოებით ისე, როგორც კაცს, რომლის დიდებულ სახელსაც ატარებდა და ატარებს სასწავლებელი, სადაც დღემდე თავდადებით იხარჯებიან.

მელიტონ ბალანჩივაძე. დიდი და ეროვნული საქმის მსახური. ღირსეული მოქალაქე. კომპოზიტორი და საზოგადო მოღვაწე. კაცი, რომელმაც უარი თქვა დედაქალაქში მომხიბვლელ კარიერაზე და ფილიმონ ქორიძესთან ერთად, ფეხდაფეხ შემოიარა საქართველო ქართული ხალხური სიმღერის და გალობის ჩაწერა-შესწავლის მიზნით. რომელმაც პირველმა მოასმენინა სვანური სიმღერა ქუთაისურ საზოგადოებას და პირველმა  გამართა თბილისში ქართული ხალხური სიმღერების კონცერტი საჯაროდ.

კაცი, რომელმაც დააარსა ქუთაისის სამუსიკო სასწავლებელი (და არა მარტო ეს) და ერთი პერიოდი, მისი დირექტორიც იყო.

მელიტონ ბალანჩივაძე – ქართული მუსიკის ერთ-ერთი გადამრჩენელი, რეფორმატორი, იდეის ერთგული, პატრიოტი და ქველმოქმედი.

და ზუსტად იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ჩემს მეხსიერებაში „კლასტერის“ გემოვნება და ხსოვნა დაბადეს, ქუთაისს აქვს უნიკალური პროექტი მისი სახელობითი და  პროფესიული მნიშვნელობით –  მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსი, რომელიც უკვე მეოთხედ ტარდება და ხარისხის ნიშნის მაღალ თამასას არ თმობს.

ქეთი, მანანა და მარინა ქუთაისის შემოქმედებითი მნიშვნელობისთვის უდიდეს საქმეს აკეთებენ. პროფესიული მუსიკის ახალ ისტორიას წერენ. ტრადიციას უვლიან და აგრძელებენ იმ იდეით, რითაც სასწავლებლის ფუძემდებელმა დაიწყო. განსაკუთრებული კულტურით, განსაკუთრებული მოწიწებით – მომავალთან პასუხისმგებლობით და ავტორიტეტული შემფასებლებით.

მეოთხე კონკურსი, როგორც ქართული ნიჭიერების კიდევ ერთი დღესასწაული, ახალი ვარსკვლავების დაბადებით და გაბრწყინებით, ისეთმა ჟიურიმ აღიარა, ვისაც მსოფლიოს მუსიკალური საზოგადოება ფეხზე უდგება და ტაშს უკრავს.

ბრაზილიელი, პოლონელი, ლიეტუველი და ქართველი პროფესორები ხუთი დღის მანძილზე უსმენდნენ ახალგაზრდა პიანისტების კონკურსის პირობებში ჩატეულ ტალანტს.

ამ კონკურსის მნიშვნელობა ეროვნულია.

ამ კონკურსის მნიშვნელობა უკვე ქუთაისის მუსიკალური ტრადიციაა.

ამ კონკურსის მნიშვნელობა დიდი მელიტონ ბალანჩივაძის სახელის პატივგებაა.

ამ კონკურსის მნიშვნელობა ჩვენი ქალაქის ღვთიური ფუნქციის შეხსენებაა, –  სულ არაჩვეულებრივ კადრს რომ უმზადებდა ქვეყანას და ულოცავდა დიდ გზას ხელოვნებაში!

ეს იყო მელიტონ ბალანჩივაძის განუმეორებელი ღვაწლიც – ხარისხი და განათლება!

და ბოლოს, ეს იყო ქეთი, მანანა და მარინა – ბალანჩივაძის სკოლის კლასიკური კლასტერი, რომელიც სულ იქნება ქუთაისის თანამედროვე ხელოვნების კამერტონი და თაობების ნამდვილი, პროფესიული ხარისხის და გემოვნებისთვის ნიშნის მიმცემი.

ასე ხდება ახალი ტრადიციის დაბადება ამ ქალაქში და ეს ქალაქი, იგივე ტრადიციით, კულტურის დიდ რუკაზე, ნაბიჯ-ნაბიჯ, ისტორიულ მემკვიდრეობას იბრუნებს.

 

ავტორი: ზეკო ხაჩიძე

დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე

კომენტარები