სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის პრაქტიკა ქალთა ფონდ „სოხუმს“ 2018 წლიდან გააჩნია.
“პირველი პრეცენდენტი იყო, როდესაც ბრიტანეთის საელჩოს მიერ დაფინანსებული მცირე პროექტით 20 ექიმი გადავამზადეთ ქუთაისში ოჯახში ძალადობის საკითხებზე. ჯგუფის წევრებს მეტწილად ოჯახის ექიმებისა და სამშობიარო სახლების გინეკოლოგებისგან შეადგენდნენ. ჩვენ ჩვენი არაერთი კვლევით დავინახეთ სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლების ინფორმირებულობის საჭიროება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის გამოვლენის საკითხებზე. სწორედ ამიტომ მივმართეთ მცირე პროექტით დაფინანსებისთვის ბრიტანეთის საელჩოს და მოგვეცა ამის განხორციელების საშუალება. ამ პროექტის ფარგლებში შევქმენით სპეციალური სახელმძღვანელო, სადაც მათი უფლება-მოვალეობები, კანონმდებლობა და ა.შ. იყო გაწერილი“, – აცხადებს ქალთა ფონდი “სოხუმის“ პროექტის ორგანიზატორი თეა გოლეთიანი.
2019 წელს საერთაშორისო ორგანიზაცია „HumanDoc”-მა Polish aid-ის დაფინანსებით ქალთა ფონდ “სოხუმთან“ პარტნიორობით წარმატებით განახორციელა პროექტი, სადაც იმერეთის მასშტაბით 40 მედიცინის მუშაკი გადამზადდა. გარდა ამისა, ტრენინგები გაიარა 50 პედაგოგმა, 100-მდე პოლიციელმა. აღნიშნული პროექტის ფარგლებშიც გამოიცა შესაბამისი სახელმძღვანელო პოლონელი ექსპერტების ავტორობით.
ქალთა ფონდ “სოხუმს“ 2019 წელს BROT-ის (გერმანული საერთაშრისო ორგანიზაცია „პური მსოფლიოსათვის“) დაფინანსებით მიეცა შესაძლებლობა ჩაეტარებინა კვლევა თემაზე – “სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლების როლი და ჩართულობა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის გამოვლენის, მასზე რეაგირების და რეფერირების პროცესში“, რამაც უფრო ცხადყო სამედიცინო პერსონალის დაბალი ცნობიერება ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე და არაინფორმირებულობა (კვლევა ხელმისაწვდომია აქ – https://fsokhumi.ge/index.php/ka/publikacia/informatia-zaladobis-tsinaagmdeg/item/1716-2021-01-31-16-59-06).
2020 წელს HumanDoc-ისა და Polish Aid-ის ერთობლივი პარტნიორობით პროექტის მეორე ეტაპი განახორციელა ქალთა ფონდმა „სოხუმმა“, რამაც მოიცვა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის შემდეგი მუნიციპალიტეტები: ლენტეხის, ცაგერისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში დასაქმებული 20 სამედიცინო პერსონალი და 20 პედაგოგი.
ამჯერად ქალთა ფონდი „სოხუმი“ კანადის „თანასწორობის ფონდის“ მხარდაჭერით ანხორციელებს ახალ პროექტს, სადაც რეფერირების სისტემაში მონაწილე სუბიექტების დატრენინგება მიმდინარეობს შემდეგ თემაზე: „სამედიცინო პერსონალის როლი ძალადობის პრევენციასა და მსხვერპლთა დაცვაში“. ამ ეტაპზე 2 დღიანი ტრენინგი ჩატარდა ქუთაისში, სადაც გადამზადნენ ტყიბულის, სამტრედიის, ვანის, წყალტუბოსა და თერჯოლის მუნიციპალიტეტში დასაქმებული სამედიცინო დაწესებულებების ოჯახის ექიმები (ჯამში 15 სპეციალისტი). ტრენინგის პირველი დღე მიეძღვნა გენდერისა და გენდერული ძალადობის საკითხს, მეორე დღე კი – საერთაშორისო და მოქმედ ეროვნულ საკანონმდებლო ჩარჩოს გაანალიზებას დაეთმო.
მონაწილეების შეფასებით, ეს მუშაობა აქტუალური და საჭიროა, “ჩვენ ვისაუბრეთ, რა რესურსები აქვთ ექიმებს ძალადობის იდენტიფიცირებისთვის და აუცილებლად დავნერგავთ ამ მეთოდებს პრაქტიკაში“.
“პირველად ვიმსჯელეთ პრობლემის მიზეზებზე, როდის ვიქცევით სწორად და როდის არასწორად. ექიმს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის კუთხით, თუმცა ბევრმა სპეციალისტმა არ იცის ეს“.
“მეტი მუშაობაა საჭირო, რომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა გაიაზრონ თავიანთი პირდაპირი პასუხისმგებლობა და ჩაერთონ მსხვერპლთა დახმარებაში“.
სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის მსგავსი ტრენინგების ჩატარება იგეგმება ივლისში აჭარის, გურიისა და სამეგრელოს მუნიციპალიტეტებისათვის.
კომენტარები