მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქალთა ფონდი “სოხუმის” ახალი კვლევა

ქალთა ფონდი “სოხუმის” ახალი კვლევა

ქალთა ფონდმა “სოხუმმა“ Brot für die Welt-ის მხარდაჭერილი პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში შეისწავლა და შეაფასა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მუნიციპალიტეტების მიერ პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ეფექტიანობა და ადგილებზე მოქმედი რეფერალური მექანიზმის სუბიექტებთან მათი თანამშრომლობის ხარისხი 10 სამიზნე მუნიციპალიტეტში (ტყიბული, ბაღდათი, თერჯოლა, ვანი, სამტრედია, ჩოხატაური, წალენჯიხა, ზუგდიდი, სენაკი, ქობულეთი).

კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ მუნიციპალურ პროგრამებში პრაქტიკულად არ გვხვდება ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციაზე და დაცვაზე მიმართული ღონისძიებები და სერვისები. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს უწევთ ამა თუ იმ მოწყვლად ჯგუფზე გათვლილი პროგრამა „მოარგონ“ ძალადობის მსხვერპლს. არსებული ერთჯერადი დახმარება კი არ არის საკმარისი მსხვერპლის გასაძლიერებლად (მათ შორის არც თანხის ოდენობა). მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ მუნიციპალიტეტში თანდათან იკვეთება გრძელვადიან შედეგზე ორიენტირებული პროგრამები, მაგალითად: სოფლის მეურნეობის, ხელობის შესწავლის და ინვენტარის ყიდვის, დასაქმების ხელშეწყობის პროგრამები, მათ შესახებ ინფორმაციას ხშირ შემთხვევაში ბენეფიციარები/პოტენციური ბენეფიციარები არ ფლობენ. მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ადგილებზე კვალიფიციური კადრის ნაკლებობა – კერძოდ, სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის, ან მათი ხელმისაწვდომობა ან/და გეოგრაფიული სიშორე.

სასწავლო დაწესებულებები ნაკლებად ან თითქმის არ თანამშრომლობენ მუნიციპალიტეტებთან, არასაკმარისია სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის ჩართულობა.

სკოლამდელი დაწესებულების შემთხვევაშიც იკვეთება სუსტი კომუნიკაცია და კოორდინაცია მუნიციპალურ დონეზე მოქმედ ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილებებთან (შემდგომში ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილება);

ოჯახში ძალადობის საკითხებზე აღმზრდელებისა და პერსონალის ინფორმირებულობის სიმწირე, განსაკუთრებით ძალადობის გამოვლენის და მასზე შესაბამისი რეაგირების თვალსაზრისით; მათი ცნობიერების ამაღლების და ტრენინგ-სემინარებში ჩართვის აუცილებლობა.

ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს პირველადი ჯანდაცვის რგოლთან კომუნიკაციის პრობლემა და მათი დაბალი ინფორმირებულობის დონე. ცნობიერების დაბალი დონე წარმოშობს სირთულეებს, როგორც ბენეფიციარებთან კომუნიკაციისას, ასევე ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების თვალსაზრისით.

სრული მონიტორინგის ანგარიშს გაეცნობით აქ – https://fsokhumi.ge/index.php/ka/publikacia/informatia-zaladobis-tsinaagmdeg/item/13796-2023-07-13-20-36-14

კომენტარები