ქალთა ფონდ „სოხუმის“ მიერ 10 მუნიციპალიტეტში საფუძვლიანი კვლევით – „ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილებების ეფექტიანობის შეფასება და არსებული გამოწვევები“, – ბევრი საინტერესო საჭიროება გამოვლინდა, ისეთი, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია პოზიტიური მშობლობის პროცესში. განსაკუთრებით, მოწყვლად ჯგუფებთან.
ამ თემის ლოგიკური გაგრძელებაა პრეცედენტული აქტივობა სენაკის მუნიციპალიტეტში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია ქალთა ფონდ “სოხუმის“ პარტნიორებს შორის ჩვენი სარეაბილიტაციო ცენტრის მოსარგებლეებთან უწყვეტი და განგრძობითი მოდერაციით.
ამჯერად, სწორედ სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორის მზია ბიგვავას ინიციატივით ტარდება ტრენინგი ორ ეტაპად – “პოზიტიური მშობლობა“ მარტოხელა, ძალადობის მსხვერპლ და მრავალშვილიანი მშობლებისთვის. ტრენინგს სენაკის მერის მოადგილე ლევან ელიავა ესწრებოდა.
ტრენინგის მთავარი თემები იყო: როგორ გადაანაწილოს მშობელმა სუბსიდია სწორად; რა დახმარებები და სერვისები არსებობს მოწყვლადი ჯგუფებისთვის სახელმწიფო და არასამთავრობო რესურსით; როგორ უნდა განაწილდეს ოჯახის საჭიროებებზე თანხა ისე, რომ არ დაკარგოს მიზნობრივობა – ბავშვის მხარდაჭერის; როგორ უნდა მოხდეს ეს ყველას ინტერესის გათვალისწინებით და ბავშვზე ძალადობის, ან მისი უგულევებელყოფის გარეშე.
სენაკის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ტრენინგი “პოზიტიური მშობლობა“, ქალთა ფონდ “სოხუმის“ თანმიმდევრული მუშაობის ერთ-ერთი “წარმატების ისტორიაა“.
კომენტარები