მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისელი პოეტის თონეში 5 დღეში დასრულებული სიცოცხლე

ქუთაისელი პოეტის თონეში 5 დღეში დასრულებული სიცოცხლე

ქუთაისელ პოეტს ნიკა კვესელავას თბილისში ჩამოსვლა და თონეში მუშაობის დაწყება სიცოცხლის ფასად დაუჯდა – 29 წლის შემოქმედს 5 დღის დაწყებული ჰქონდა მუშაობა, როდესაც გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა პოეტის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა.

ნიკა კვესელავას საბედისწერო დღეს მისი რჩეული სალომე იხსენებს:

“ერთი სული გვქონდა ნოემბერი მალე გასულიყო, როგორ გაიწელა ეს თვე-თქო, ვამბობდით, დეკემბერში ხომ ჩემთან მოდიოდა ჩემი ბიჭი… ყველა დღე ისედაც საერთო გვქონდა და ეს ბოლო დღეები რა იყო მაინც, რომ წუთით ვერ ველეოდით ერთმანეთს, ყველაზე მეტად ეს ნოემბერში ვიყავით აფორიაქებული. ჩვენ თვითონ არ ვიცოდით რატომ. არავინ და არაფერი გვაინტერესებდა ირგვლივ. თუ ვინმე გვწერდა, ან გვირეკავდა სწრაფად ვიშორებდით, რომ ერთმანეთთან მეტი დრო გაგვეტარებინა…

24 საათი ვიდეოთვალში ვიყავით, ასე გვეძინა კიდევაც… ყოველ დილით ვაღვიძებდი იმ საძაგელ ადგილას, თონეში წასასვლელად, სადაც 5 დღის დაწყებული ჰქონდა მუშაობა საკუთარ ჯიბის ფულად. მანამ თბილისში იქნებოდა და იმ პერიოდს ერთ-ერთ ლიტ პროექტში იღებდა მონაწილეობას და იყო სხვა შემოთავაზებებიც. ვატყობდით, არაფერი გამოსდიოდა და ვეხვეწებოდი თავი დაენებებინა იმ თონისთვის, შაბათ-კვირა მოდის ვერ მივუტოვებ, ორშაბათს სხვას მოიყვანენ და მე შევეშვებიო ბუო…

თანაც რაღა დარჩა, ჩემთან მოდიხარ, რას წვალობ, ტყუილად ძილს იკლებ, არ გიღირს ნერვების გაფუჭებად-მეთქი, ვებუზღუნებოდი… – შევთანხმდით. ყოველ დილით შენ გამაღვიძეო, მთხოვდა, მაღვიძარას განა მე ვერ დავაყენებო, ბუ?! შენი ხმა რომ მაღვიძებს, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერიაო… ჰოდა, ჩემთან 3-ის ნახევარზე და 3-ზე მქონდა მაღვიძარა დაყენებული. ნიკასთან რომ 6-ის ნახევარი და 6 იყო. ანუ ორჯერ ვაღვიძებდი. ჯერ ცოტათი გამოფხიზლდებოდა. მერე კიდევ…

26-ში მთელი დღე ვლაპარაკობდით, წუთით არ გაგვითიშია ტელეფონი, ასეც ჩაგვეძინა. მაღვიძარამ სამის ნახევარზე დარეკა… დავხედე ტელეფონს, ჩემი ბუბუკო მშვიდად სუნთქავდა. ვეძახე, ვერ გავაგონე, გავთიშე ვიდეოზარი და ახლიდან გადავურეკე, რომ გამეღვიძებინა. გაიღვიძა და ისევ ჩაეძინა, ვუყურებდი, როგორ მოზომილად და მშვიდად სუნთქავდა საბნიდან ნახევარი სახე და ცხვირი უჩანდა მხოლოდ. ნახევარ საათში ისევ შევაფხიზლე. ადგა, მოწესრიგდა და გავიდა. თან ვსაუბრობდით. სამსახურამდე სასაფლაოს მიმდებარე გზა უნდა გაევლო. წინა დღით იმ ადგილიდან ძაღლი გამოეკიდა და სახლიდან პურის ნატეხი გაიყოლა, თუ რამეა, გადავუგდებ, მომშორდებაო. ისე ციოდა იმ დღეს, კბილების კაწკაწი მესმოდა ჩემი ბუბუკოსი….

მივიდა თონეში, შუქი აანთო… ფქვილი გადმოიღო, მოაზელინა დანადგარს, თან როგორ მიხსნიდა ხოლმე რა დროს რა უნდა გაეკეთებინა. მაჩვენებდა პურებს, როგორ კოპწიებს აცხობდა… ცოტა ხანი ვისაუბრეთ… უკანასკნელი მიყვარხარ… უკანასკნელი მჭირდები… უკანასკნელი მენატრებიი… უკანასკნელად დანახვა ერთმანეთის…

მერე გავთიშეთ, თან მოგწერ, თან ვიმუშავებო, ბუო.

ბოლო მიმოწერა 03:54

ისევ – მიყვარხარ…

ისევ – მჭირდები…

ისევ – მენატრები…

გაზეპირებულად კი არა, სიგიჟემდე მიყვარხარო, ბუო… ასეთი სიყვარული სხვა არ არსებობს, ეს ყველაზე მეტია რაც მაქვსო. რამდენიმე დღის წინ ვიკამათეთ და ერთი მიყვარხარ არ დაგცდესო, მეჯუჯღუნებოდა, გაზეპირებულად ვერ ვამბობ, ჯერ უნდა შეგირიგდე-თქო და მაჯავრებდა, გაზეპირებულს ხო არ იტყოდიო…

მერე სიტყვები მითხრა ჩვენი ლექსიდან – “მე თუ ამ ზამთარს უშენოდ ვხვდები ”

ცოტა ხანი წაუძინეო, მეც წავუძინებ და ნახევარ საათში გაგაღვიძებო… თვითონ ცომი უნდა ამოეზილა იმ დანადგარით ისევ… მთელი ღამის უძილარი ძილმა წამიღო… ტელეფონზე სმს-ებიც არ მოვიდა. როგორც იცოდა ხოლმე ჩემმა ბიჭმა, ჯერ ბევრ ბუბუბუს მომწერდა, მომწერდა რომ მოვენატრე, ვეღარ ძლებს, ჩქარა გამეღვიძა…ბუბუბუ არ მოვიდა… არ დამირეკა…. მივწერე…

“მე რომ მიყვარხარ შენნ გიყვარვარ?!”

როცა ამ სიტყვებს მეუბნები, თვალები ბავშვურად გიციმციმებსო, სულ მკითხეო, რომ მე გიპასუხო სიცოცხლეზე მეტად ბუოო…

ჰოდა, მივწერე…

არ მიპასუხა…

ისტერიკულად დავიწყე რეკვა…

წინა დღეს ინტერნეტი გამოელია და ვიფიქრე, ალბათ ჩარიცხავს და დამირეკავს-თქო ჩემი ბიჭი…

მერე ფეისბუქზე ინფორმაციები ვნახე…

პირველი, რაც მოვიმოქმედე დავწერე, რომ ტყუილიაა!!!

ბევრი არაფერი მახსოვს…

პერიოდულად მთიშავდნენ…

ჩემი ბუბუკო გამიფრინდა…

ზუსტად იმ დილით სახეზე შეხება ვიგრძენი, ან უფრო თმების ჩამოშლასავით, იმდენად გარკვევით, რომ გამეღვიძა… არადა, არასდროს მძინავს თმაგაშლილს, რაც მერე აღვიქვი და გამახსენდა მისი სიტყვები, რომელსაც სულ მეუბნებოდა…

“იმ დღეს როცა ჩემი სიკვდილის დღე მოვა, ჩემი თვალები შენ ჩაგიბეჭდავენ და ისე გამიშტერდება. ეს სული რომ ამოვა შენ ჩაგივლის გვერდით.”

სიგიჟეა, შეშლააა, უღმერთობააა

უშენობის 1 წელი ნიკაა ”

ეს ლექსი ნიკა კვესელავას საოცარი პოეზიიდან ერთ-ერთია:

“მომნატრებიხარ, როგორც იქნა ვუძებნი საშველს,

მოლოდინებით ჩამოშლილ გულს, შენ რომ გინახავ,

დაგიკოცნიდი ყველა სურვილს ყელთან მიბჯენილს,

და სასულედან ამოძახილ ყველა ,,მიყვარხარს”.

მივატოვებდი დედამიწის დამპალ მონაკვეთს,

აგიკრძალავდი უჩემობას სიზმრის ექოდან,

მიგიხატავდი სვირინგივით სხეულზე ვნებად,

რომ ჩემგან წასვლა არასოდეს არ შეგძლებოდა

ჩამოგიშლიდი თმებზე სურნელს, ამინდებივით,

გიდარაჯებდი მძინარს, ეულს ბოლო ღამემდის,

ექსპონანტივით უსასრულოდ შეგინახავდი,

და შიშველ მკერდზე, მორცხვად მზერას აგაფარებდი.

აგიჩემებდი უპატრონო ტაძრებში ლოცვად,

მუხლისჩოქებით მიგიყვანდი

უფალთან, მაღლა,

ტკივილებივით დაგიწყებდი

თვალებთან, დნობას,

იესოსავით აგიტანდი გოლგოთას დაღლად.

წაგიკითხავდი ფსალმუნივით თვალებში წყენას,

კოცნებს მოგწყვეტდი ტუჩებიდან, მერე თვალებით,

ედემის ბაღში გაგიყოფდი აკრძალულ ნაყოფს

და ღმერთან ცოდვებს, შენს მაგივრად დავიბრალებდი.

მომნატრებიხარ, როგორც იქნა ვუძებნი საშველს,

იქნებ ჩემსავით შენც ვერ უძლებ ახლა მოლოდინს,

რა იქნებოდა ერთმანეთი ერთ დღეს გვყოლოდა,

და მერე თუნდაც ერთმანეთს რომ აღარ ვყოლოდით…”

კომენტარები