მთავარიახალი ამბებიქუთაისი

ქუთაისის, ზესტაფონის და ჭიათურის თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევად კონკურსი ხელახლა გამოცხადდა

ქუთაისის, ზესტაფონის და ჭიათურის თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევად კონკურსი ხელახლა გამოცხადდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების შერჩევის მიზნით სამინისტრო სსიპ ქ. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სსიპ ქ. ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრსა და სსიპ ქ. ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში კონკურსს ხელახლა აცხადებს.

“აღსანიშნავია, რომ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში და ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე შესარჩევი კონკურსი 2021 წლის 8 დეკემბერს გამოცხადდა, ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში – 2021 წლის 22 დეკემბერს. სხვადასხვა მიზეზით, კონკურსები ჩაშლილად გამოცხადდა, რის გამოც, სამინისტროს მიერ მიღებულ იქნა გადაწვყვეტილება აღნიშნულ თეატრებში კონკურსის განმეორებით გამოცხადების შესახებ.

ინფორმაციისთვის, სამინისტროსთვის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს თეატრალური საქმიანობით დაკავებულ იურიდიულ პირს, რომელსაც გააჩნია საქმიანობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება, ან თეატრალური საქმიანობით დაკავებული პირებისაგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფს არანაკლებ ხუთი წევრის შემადგენლობით.

კანდიდატი ვალდებულია, წარადგინოს თეატრის განვითარების საკუთარი ხედვა და კონცეფცია, რომელშიც მან, სხვებს შორის, უნდა ახსნას, თუ როგორ ხედავს ის თეატრის განვითარებას; თეატრის გარედან მოწვეული ქართველი და უცხოელი რეჟისორების მიერ დადგმული სპექტაკლების შეთავაზებას საზოგადოებისათვის; თეატრის მეშვეობით ახალგაზრდა მსახიობების, რეჟისორების, დრამატურგების, თეატრის მხატვრებისა და სხვა პროფესიონალების ხელშეწყობას; ასევე, თეატრის მონაწილეობას მოცემული ქალაქისა და რეგიონის კულტურულ და სოციალურ განვითარებაში და სხვ.

თითოეული კანდიდატი საკონკურსოდ წარადგენს 4-წლიან სამოქმედო გეგმას და სამოქმედო პროგრამას, რომლის შესრულებაზეც ის ვალდებულებას იღებს სახელმწიფოს წინაშე”, – აცხადებენ კულტურის სამინისტროში.

კომენტარები