მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის ისტორიის ნაკლებად ცნობილი მხარეები – ქუთაისში დაკრძალული მღვდელმთავრები

ქუთაისის ისტორიის ნაკლებად ცნობილი მხარეები – ქუთაისში დაკრძალული მღვდელმთავრები

ქუთაისი, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი ღერძი და გაერთიანებული საქართველოს პირველი დედაქალაქია, საეკლესიო მიმართულებითაც გამორჩეულ ისტორიას ფლობს. უეჭველია, რომ ქუთაისში საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის არაერთი მღვდელმთავარი დაიკრძალებოდა, თუმცა, დრო-ჟამის სვლამ, ჩვენამდე მოღწეული ცნობების თანახმად, ქუთაისში ცხრა მღვდელმთავრის დაკრძალვის შესახებ შემოგვინახა საისტორიო ცნობები, რაც მე-19, მე-20 და 21-ე საუკუნეების არეალს მოიცავს.

ქუთაისში განისვენებენ მღვდელმთავარნი:

1. მთავარეპისკოპოსი სოფრონი (წულუკიძე) – დაიბადა მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში. ის 1821 წლამდე განაგებდა ნიკორწმინდის (რაჭის) ეპარქიას. 1821 წელს რუსეთის ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილებით დასავლეთ საქართველოში შეიქმნა მსხვილი საეკლესიო დიოცეზი – იმერეთის ეპარქია, რომლის მმართველად დაადგინეს მთავარეპისკოპოსი სოფრონი. მეუფე სოფრონი 1821-1845 წლებში (გარდაცვალებამდე) მართავდა იმერეთის ეპარქიას. იმერეთის მთავარეპისკოპოსი სოფრონი გარდაიცვალა 1845 წელს. მთავარეპისკოპოსი სოფრონი დაკრძალეს ქუთაისის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის (ბაგრატის) საკათედრო ტაძარში, რომელიც იმჟამად უკვე ნანგრევების სახით არსებობდა;

2. ეპისკოპოსი ბესარიონი (დადიანი) – დაიბადა 1832 წელს ზუგდიდში. ის იყო სამეგრელოს მთავარ მანუჩარ დადიანის შვილისშვილი. მღვდელმთავრად ხელი დაასხეს 1875 წლის 12 იანვარს და დაადგინეს იმერეთის ეპარქიის სამეგრელოს საქორეპისკოპოსოს მმართველად. 1886 წლის 1 მარტიდან 1898 წლის 6 ივნისამდე მართავდა ალავერდის საქორეპისკოპოსოს. 1895 წელს, იმერეთის ეპისკოპოს წმიდა გაბრიელის (ქიქოძე) ავადმყოფობის გამო, ეპისკოპოსი ბესარიონი დაინიშნა იმერეთის ეპარქიის დროებით მმართველად (მმართველის მოვალეობის შემსრულებლად). 1896 წელს, იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელის გარდაცვალების შემდგომ, ეპისკოპოსი ბესარიონი დაადგინეს იმერეთის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად. მეუფე ბესარიონი 1896-1900 წლებში მართავდა იმერეთის ეპარქიას. იმერეთის ეპისკოპოსი ბესარიონი გარდაიცვალა 1900 წლის 3 აგვისტოს. მესამე დღეს ის დაკრძალეს ქუთაისის საკათედრო ტაძარში (სობორო), რომელიც 1924 წელს დაანგრია საბჭოთა ათეისტურმა რეჟიმმა. საკათედრო ტაძარი მდებარეობდა ქუთაისის ამჟამინდელ ცენტრალურ მოედანზე და შესაბამისად ეპისკოპოს ბესარიონის საფლავიც ამ ტერიტორიაზეა;

3. მიტროპოლიტი ანტონი (გიორგაძე) – დაიბადა 1866 წლის 17 მარტს (ძვ.სტ.) ქუთაისში. მღვდელმთავრად ხელი დაასხეს 1912 წლის 12 იანვარს და დაადგინეს გორის ეპისკოპოსად და საქართველოს ეგზარქოსის მესამე ქორეპისკოპოსად. ეპისკოპოსი ანტონი იყო გულმხურვალე ავტოკეფალისტი და აქტიურად იბრძოდა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი ავტოკეფალიის აღდგენისათვის. ეპისკოპოსმა ანტონმა შეადგინა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აქტი და მისი თავმჯდომარეობით მოწვეულმა საიდუმლო კრებამ განსაზღვრა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის თარიღად 1917 წლის ძველი სტილით 12 მარტი – ახალი სტილით 25 მარტი. 1917 წლის სექტემბერში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომ პირველმა კრებამ ეპისკოპოსი ანტონი დაადგინა ქუთათელ მიტროპოლიტად. იმავე წლის 1 (14) ოქტომბერს, უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონ მეორემ ეპისკოპოს ანტონს მიანიჭა მიტროპოლიტის წოდება, როგორც ამას ითვალისწინებდა საქართველოს ეკლესიის იმჟამად მოქმედი მართვა-გამგეობის დებულება, რომლის მიხედვით ქუთაისის კათედრაზე აუცილებლად მიტროპოლიტი უნდა ყოფილიყო. ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი გარდაიცვალა 1918 წლის 18 სექტემბერს (მოკლეს მოწამვლის შედეგად; გავრცელებული ვერსიით, ის მოწამლა თავისმა სიძემ (ქალიშვილის მეუღლე), ნიკალაი რედიგერმა. იმავე წლის 24 სექტემბერს მიტროპოლიტი ანტონი დაკრძალეს ქუთაისის საკათედრო ტაძარში (სობორო), რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, 1924 წელს დაანგრია საბჭოთა ათეისტურმა რეჟიმმა. საკათედრო ტაძარი მდებარეობდა ქუთაისის ამჟამინდელ ცენტრალურ მოედანზე და შესაბამისად მიტროპოლიტ ანტონის საფლავიც ამ ტერიტორიაზეა. 2018 წელს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდმა ოფიციალურად განიხილა საკითხი ქუთათელი მიტროპოლიტის ანტონის წმიდანად კანონიზირების შესახებ და საკითხი შესასწავლად გადაეცა შესაბამის კომისიას. ამ დრომდე ხსენებული საკითხი ღიაა;

4. წმიდა მღვდელმოწამე, ახალმოწამე მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა) – დაიბადა 1872 წელს ქუთაისის გუბერნიის (ამჟამად სამტრედიის მუნიციპალიტეტის) სოფელ დიდ ჯიხაიშში. ჯერ კიდევ არქიმანდრიტი ნაზარი იყო გულმხურვალე ავტოკეფალისტი და იღვწოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის. მღვდელმთავრად ხელი დაასხეს 1918 წლის 17 ნოემბერს და დაადგინეს ქუთათელ მიტროპოლიტად. საბჭოთა ბოლშევიკურმა რეჟიმმა დააპატიმრა 1923 წელს, ვინაიდან ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი ქუთაისში ინახავდა ქართულ ეროვნულ და საეკლესიო განძს – საქართველოს ეკლესიის სიწმიდეებსა და განძეულობას (ოთხი ყუთი), რომელსაც ბოლშევიკურმა რეჟიმმა ჩაუტარა კონფისკაცია და მისი ადგილმდებარეობა დღემდე უცნობია. მიტროპოლიტი ნაზარი გაათავისუფლეს 1924 წელს, თუმცა ჩამოართვეს სამღვდელმთავრო რეზიდენცია… 1924 წლის წლის სექტემბერში ცილისმწამებლური ბრალდებით ისევ დაპაატიმრეს ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი, რომელთანაც ერთადაც ასევე დააპატიმრეს მისი სამღვდელმთავრო ომოფორის ქვეშ მყოფი სასულიერო პირები: დეკანოზი გერმანე ჯაჯანიძე, დეკანოზი იეროთეოზ ნიკოლაძე, მღვდელი სიმონ მჭედლიძე, პროტოდიაკონი ბესარიონ კუხიანიძე. საბჭოთა რეჟიმმა, ე.წ. განსაკუთრებული სამეულის გადაწყვეტილებით, 1924 წელსვე, საფიჩხიის ტყეში (ამჟამად ეს ტერიტორია ეკუთვნის საფიჩხიის სასაფლაოს) დახვრიტეს ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი და მისი იერარქიული მორჩილების ქვეშ მყოფი ზემოხსენებული სასულიერო პირები. ისინი იქვე დაფლეს. არსებობს გადმოცემა, რომ მიწა, სადაც მიტროპოლიტი ნაზარი და სხვა სასულიერო პირები დახვრეტის შემდგომ ერთად დაფლეს, სამი დღის მანძილზე იძვროდა. ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი განისვენებს დახვრეტის ადგილზე, ქუთაისში, საფიჩხიის ტერიტორიაზე, თუმცა მისი საფლავის ზუსტი ადგილმდებარეობა ამ დრომდე უცნობია. 1995 წელს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივმა გაფართოებულმა კრებამ წმიდანებად შერაცხა ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი და მასთან ერთად დახვრეტილი ზემოხსენებული სასულიერო პირები, უწოდა მათ წმიდა ახალმოწამენი და მათი ხსენების დღედ დაადგინა ახალი სტილით 27 აგვისტო;

5. მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე) – დაიბადა 1872 წლის 15 ოქტომბერს (ძვ.სტ.) ქუთაისში. მღვდელმთავრად ხელი დაასხეს 1907 წლის 4 ნოემბერს და დაადგინეს ალავერდელ ეპისკოპოსად. 1912 წლიდან გადაიყვანეს პიატიგორსკში, ხოლო 1914-1917 წლებში მეუფე დავითი იყო ვინიცის ეპისკოპოსი. 1917 წელს, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომ, ეპისკოპოსი დავითი დაბრუნდა საქართველოში და დაადგინეს ურბნისის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად. 1921 წელს მეუფე დავითი დაადგინეს ჭყონდიდელ მღვდელმთავრად. მიტროპოლიტი დავითი ჭყონდიდის ეპარქიას განაგებდა 1923 წლამდე. 1923 წელს ის იყო ბათუმ-შემოქმედელი მღვდელმთავარი, 1924 წელს – ალავერდელი მღვდელმთავარი. 1924 წლიდან მეუფე დავითი დაადგინეს ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტად, ხოლო შემდგომ კვლავ ბათუმ-შემოქმედელად. ბათუმ-შემოქმედელი მიტროპოლიტი დავითი გარდაიცვალა 1935 წლის 19 მარტს ბათუმში. უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით, მიტროპოლიტი დავითი დაიკრძალა ქუთაისის წმიდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარში;

6. ეპისკოპოსი ნესტორი (ყუბანეიშვილი) – დაიბადა 1853 წლის 5 სექტემბერს (ძვ.სტ.) ქუთაისის მაზრის სოფელ მუხაყრუაში. მღვდელმთავრად ხელი დაასხეს 1924 წლის 18 მაისს და დაადგინეს ბათუმ-შემოქმედელ ეპისკოპოსად. 1926 წელს მეუფე ნესტორი დაადგინეს ჭყონდიდელ მღვდელმთავრად. 1928 წლის 24 მარტს დადგინდა ცაგერელ ეპისკოპოსად, ხოლო 1929 წლის 29 ნოემბერს – წილკნელ ეპისკოპოსად. 1930 წლის 29 ივლისს წილკნელმა ეპისკოპოსმა ნესტორმა ითხოვა პენსიაზე გასვლა, რაც დაუკმაყოფილა უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქრისტეფორე მესამემ. მეუფე ნესტორი ავტორია ცხრა საღვთისმეტყველო წიგნისა. ეპისკოპოსი ნესტორი გარდაიცვალა 1938 წლის 15 ივნისს. უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით, ეპისკოპოსი ნესტორი დაკრძალეს ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოზე მდებარე ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძრის აღმოსავლეთ (საკურთხევლის) კედელთან;

7. ეპისკოპოსი ლეონიდე (ჟვანია) – დაიბადა 1885 წლის 1 დეკემბერს (ძვ.სტ.) ზუგდიდის მაზრის სოფელ ლეჯიქეთში. ერისკაცობისას, პენსიაში გასვლამდე, 1911-1957 წლებში მოღვაწეობდა საერო სამსახურში, როგორც კვალიფიციური იურისტი. მღვდელმთავრად ხელი დაასხეს 1957 წლის 15 თებერვალს, მირქმის დღესასწაულზე და დაადგინეს ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად. 1958 წელს ეპისკოპოს ლეონიდეს მიენიჭა კუნკულ-ბარტყულზე ჯვრის ტარების უფლება. ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი ლეონიდე გარდაიცვალა 1964 წლის 14 დეკემბერს (თავის დაბადების დღეზე). უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ მეორისა და ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსის (შემდგომში მიტროპოლიტი) ნაომის ლოცვა-კურთხევით, ეპისკოპოსი ლეონიდე დაკრძალეს ქუთაისის არქიელის გორის წმიდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძარში;

8. მიტროპოლიტი ნაომი (შავიანიძე) – დაიბადა 1889 წელს ქუთაისის მაზრის (ამჟამად ტყიბულის მუნიციპალიტეტის) სოფელ ოხომირაში. მღვდელმთავრად ხელი დაასხეს 1957 წლის 7 იანვარს, ქრისტეს შობის დღესასწაულზე და დაადგინეს ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსად. 1959 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ მესამემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის (საპატრიარქო ტახტის) მოსაყდრეობა ოფიციალურად შეთავაზა ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოს ნაომს, რაზეც მეუფე ნაომმა თავაზიანი უარი განაცხადა. 1967 წელს ეპისკოპოს ნაომს მიენიჭა მიტროპოლიტის წოდება. მეუფე ნაომმა განსაკუთრებული ღვაწლი დასდო მოწამეთას წმიდა დიდმოწამეთა, არგვეთის მთავართა დავითისა და კონსტანტინეს (მხეიძეები) სახელობის მამათა მონასტრის გამშვენიერებას. ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაომი გარდაიცვალა 1969 წლის 3 მარტს. მიტროპოლიტი ნაომი დაკრძალეს ქუთაისის წმიდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარში;

9. მიტროპოლიტი კალისტრატე (მარგალიტაშვილი) – დაიბადა 1938 წლის 20 ოქტომბერს თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბანში. მღველმთავრად ხელი დაასხეს 1983 წლის 25 დეკემბერს და დაადგინეს ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსად. 1988 წელს ეპისკოპოს კალისტრატეს მიენიჭა მთავარეპისკოპოსის წოდება, ხოლო 1992 წლის 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, მთავარეპისკოპოს კალისტრატეს მიენიჭა მიტროპოლიტის წოდება. 2000 წლის 21 სექტემბერს, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შობის დღესასწაულზე, გელათის მონასტერში, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე დაჯილდოვდა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი – სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით, რომლითაც დაჯილდოებისას, უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა, რომ „ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ხალხის წინაშე გაწეული უდიდესი დამსახურებისთვის“. მიტროპოლიტმა კალისტრატემ ქართველი ერისა და საქართველოს ეკლესიის წინაშე მრავალი ღირსშესანიშნავი ღვაწლი გასწია, რომელსაც მბრწყინავ გვირგვინად ადგას გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოს – ქუთაისის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის (ბაგრატის) საკათედრო ტაძრის აღდგენა. ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე გარდაიცვალა 2019 წლის 20 ივნისს. იმავე წლის 23 ივნისს მიტროპოლიტი კალისტრატე დაკრძალეს ბაგრატის საკათედრო ტაძარში.

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

კომენტარები