მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში, ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ქუთაისში, ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ქუთაისში, “საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულ გრიგოლ ნარსიას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.

პროკურატურა ნარსიას ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. შესაბამისად, ბრალდების მხარე მის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა.

საპირისპიროს ამტკიცებდა თავად ბრალდებული, რომელიც ტერორიზმის მუხლს არ იზიარებს. გრიგოლ ნარსიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ის ტერორისტი არ არის.

ანალოგიური პოზიცია აქვს დაცვის მხარეს. ადვოკატების თქმით, მათი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ ბანკში შეჭრა შვილის ავადმყოფობით იყო გამოწვეული.

როგორც დაცვის მხარემ პროცესზე განმარტა, გრიგოლ ნარსიას 14 წლის შვილი ჰყავს, რომელიც გულის მანკით არის დაავადებული და მკურნალობას საჭიროებს. ისინი ნარსიას გათავისუფლებას 100 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე ითხოვდნენ. გირაოს უზრუნველყოფად კი სასამართლოს ბრალდებულის საცხოვრებელი სახლი შესთავაზეს, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და გრიგოლ ნარსიას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გრიგოლ ნარსია ბანკის ფილიალს თავს 20 სექტემბერს, დილის საათებში დაესხა. მან მძევლად 12 პირი აიყვანა, რომელთა გათავისუფლების სანაცვლოდ 2 მილიონ დოლარს ითხოვდა. ნარსია თითქმის 9-საათიანი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

კომენტარები