მთავარიახალი ამბებიქუთაისი

ქუთასელი დედა-შვილის მცირე ბიზნესი, რომელმაც მოკლე დროში დიდ წარმატებას მიაღწია

ქუთასელი დედა-შვილის მცირე ბიზნესი, რომელმაც მოკლე დროში დიდ წარმატებას მიაღწია

ქუთასელი დედა-შვილის ნინო ხარაბაძის და ინა გეთიაშვილის მცირე ბიზნესმა მოკლე დროში დიდ წარმატებას მიაღწია.

ქალაქ ქუთაისში საჩუქრების ონლაინ მაღაზია “Chiko’s Candy Store” უკვე ექვსი თვეა, ფუნქციონირებს. არსებობის ამ მცირე მონაკვეთში, მათი პროდუქციის პოპულარობა ჩვენი ქალაქის საზღვრებსაც გასცდა.

– “Chiko’s Candy Store” არის ონლაინ მაღაზია, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ტკბილეულის თაიგული ზომისა და დიზაინის მიხედვით.
ჩვენი კომპანია ქალაქ ქუთაისში უკვე ნახევარი წელიწადია, წარმატებით ფუნქციონირებს. ადგილობრივ დონეზე დამსახურებულმა დადებითმა შეფასებებმა და პოზიტიურმა გამოხმაურებამ, შესაძლებლობა მოგვცა მომხმარებელთათვის ჩვენი პროდუქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით მიგვეწოდებინა, – აცხადებს “ინფო იმერეთთან” ინა გეთიაშვილი.

– კომპანიის დაარსების იდეა, სიმართლე გითხრათ, ეკუთვნის დედაჩემს ნინო ხარაბაძეს. დაახლოებით წელიწადზე მეტ ხანს, დედას სურდა დაემზადებინა თაიგულები ტკბილეულის გამოყენებით, რაც ტრადიციულისა და ორიგინალურის იდეალური ტანდემი იქნებოდა. მე კი გადავწყვიტე, მისი ოცნება რეალობად მექცია.

– როგორ გაჩნდა სახელის იდეა?

– სახელის იდეა ძალიან მარტივად მოგვივიდა. დედას, ჩემი ღრმა ბავშვობიდან მოყოლებული, ოჯახის წევრები და მეგობრები ყოველთვის ეძახდნენ „ჩიკოს“, ამიტომ ვიფიქრეთ, ეს სახელი საუკეთესოდ გამოხატავდა იმ სითბოსა და სიყვარულს, რომელსაც დედა თითოეული თაიგულის შექმნაში დებს.

– გვესაუბრეთ პროდუქციაზე, რომელსაც იყენებთ

– ჩვენი ძირითადი მიმართულება არის შოკოლადში ამოვლებული მარწყვები. ვიყენებთ მხოლოდ ქართულ, სათბურის მარწყვს, ხოლო რაც შეეხება შოკოლადს, გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის ბელგიური ნაწარმი.

ხშირად ტკბილეულს ვაფორმებთ ყვავილებით, რომელთა ნაწლსაც ადგილობრივ სათბურებში ვყიდულობთ, უმეტესად კი ჰოლანდიურ ყვავილებზე ვმუშაობთ.

– როგორ იზრდება თქვენი ცნობადობა ქალაქში?

– Facebook და Instagram გვერდების გახსნის დღიდან, ძალიან მაღალია გამოხმაურება. საინტერესო და გასაკვირია ის, რომ არასოდეს მიგვიმართავს დამატებითი რეკლამისათვის. ძირითადი შეკვეთები ქუთაისიდან გვაქვს, თუმცა უკვე ხშირია შემთხვევები, როდესაც თაიგულებს სხვადასხვა ქალაქიდან და რეგიონიდან გვიკვეთავენ.

– როგორ ხდება შეკვეთის მიღება და მიწოდება?

– შეკვეთებს ვიღებთ ონლაინ Facebook და Instagram გვერდებზე. სამ-ოთხ საათში შეკვეთა უკვე ადრესატთანაა. ჩვენი კურიერები მაქსიმალურად უზურნველყოფენ თაიგულის ადრესატამდე დაუზიანებლად მიტანას. რაც შეეხება ქალაქგარეთ მიწოდებას, თაიგულები იგზავნება სპეციალური შეფუთვებითა და ყუთებით.

– თქვენი პირველი შეკვეთა

– პირველი შეკვეთა იყო 16 წლის გოგონასათვის მარწყვისა და ფერერო როშეს კომბინაცია.

– როგორი იყო პირველი შეკვეთის ემოციები

– პირველი შეკვეთის გაგზავნიშ შემდეგ, სანამ ადრესატის ემოციებსა და შეფასებებს შევიტყობდით, ნერვიულობა პიკს აღწევდა, რადგან სწორედ პირველი მომხმარებლის გამოხმაურებაზე იყო დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდებოდა ჩვენი მცირე ბიზნესი.

– ყველაზე დიდი შეკვეთა

– ეს იყო ხელის თხოვნისათვის განკუთვნილი თაიგული, რომელსაც შვიდი საათის განმავლობაში ვაწყობდით და ადგილზე მისატანად ხუთი კურიერი დაგვჭირდა.

– ყველაზე დიდი მხარდამჭერები

– რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები, რომლებიც მზად არიან ნებისმიერ დროს ჩემთან გაჩნდნენ და დამეხმარონ.

– რას იტყვით კონკურენციაზე?

– მიუხედავად ბაზარზე არსებული მაღალი კონკურენციისა, ვფიქრობ, რომ ჩვენი თაიგულები გამორჩეულია როგორც ვიზუალით, ასევე არომატებითა და იმ უშურველი ისყვარულით, რომელსაც თითოეული დეტალის შექმნაში იდება.

– დილა იწყება…

– დილა იწყება მომხმარებელთა შეტყობინებების გახსნით, შეკვეთების მიღებითა და მარაგის შევსებით.

ყველაზე მეტად გვეშინია. არ გავუცრუოთ იმ ადამიანებს იმედები, რომლებიც მათთვის მნიშვნელოვანი დღეების გალამაზებას ჩვენ გვანდობენ.

– სამომავლო გეგმები

– გეგმები, რა თქმა უნდა, დიდია. აქვე გაგიმხელთ, რომ ძალიან მალე თაიგულების შეძენას შეძლებთ არა მხოლოდ ონლაინ, არამედ “Chiko’s Candy Story”-ს ტკბილ და ფერად მაღაზიაში.

კომენტარები