მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ჩემში ორი პიროვნება ცხოვრობს- ხანდახან მკაცრი ვარ, ხანდახან თბილი” – მარიამ ირემაძე

“ჩემში ორი პიროვნება ცხოვრობს- ხანდახან მკაცრი ვარ, ხანდახან თბილი” – მარიამ ირემაძე

იმერეთის საინფორმაციო სააგენტო infoimereti.ge გთავაზობთ რუბრიკას “ჟურნალისტი სხვა რაკურსით”, რომლის მორიგი სტუმარიც  ტელეკომპანია “რიონის”  ჟურნალისტი მარიამ ირემაძეა.

სახელი: მარიამ

გვარი: ირემაძე

სამუშაო ადგილი: TV რიონი – გადაცემის “ჩვენი დღე“ წამყვანი და ჟურნალისტი, სოციალური მედიის მენეჯერი.

რომ არ ვყოფილიყავი ჟურნალისტი, ვიქნებოდი… მოცეკვავე ან მსახიობი. პროფესიის არჩევისას მამას აზრი ვკითხე და მსახიობობა არ მირჩია. გავითვალისწინე და ვთქვი, რომ ჟურნალისტი გავხდებოდი და ტელევიზიაში ვიმუშავებდი. უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად ანსამბლში ვცეკვავდი. ერთ დღესაც ლექტორმა მითხრა, რა გაცეკვებს ამ დაქცეულ ქვეყანაშიო. ისე გამანაწყენა ამ სიტყვებმა, მას შემდეგ ლექციას აღარც დავსწრებივარ, საგნის გამოცდაც ვერ ჩავაბარე. მერე მივხვდი, რომ ასე არ გამოვიდოდა და არჩევანის გაკეთება იყო საჭირო. ჰოდა, ჟურნალისტობა ავირჩიე…

ყველზე მეტად ჩემს პროფესიაში მომწონს… მულტიმედია ჟურნალისტი ვარ და სწორედ ეს მომწონს. საინტერესო თემების შერჩევა, რესპონდენტებთან საუბარი, გადაღება, ამბის თხრობა და მონტაჟი – ამ ყველაფერს მარტო ვაკეთებ, რაც სიამოვნებას მანიჭებს. მაყურებელი სიუჟეტს უყურებს, მოეწონება ან გაგაკრიტიკებს. მხოლოდ შენ იცი, რომ ეს დიდი შრომის და ხანდახან გათენებული ღამეების შედეგია. გადაცემას რაც შეეხება, ორ გოგონას მიგვყავს პირდაპირ ეთერში. ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ სიტყვის თავისუფლება გვაქვს და პრობლემატურ საკითხებზე ყოველთვის თამამად ვსაუბრობთ.

როცა ამ პროფესიას ვირჩევდი მეგონა, რომ… ადამიანების ცხოვრებას სასიკეთოდ შევცვლიდი, პირველ რიგში ჩემს ქალაქში არსებულ პრობლემებზე ხმამაღლა ვისაუბრებდი. ვაცნობიერებდი, რომ ძალიან ბევრი შრომა მომიწევდა, ბევრი წინაღობის გადალახვა, თუმცა მაშინ მეგონა, რომ ამ ყველაფრისთვის მზად არ ვიყავი.

ყველაზე დასამახსოვრებელი რეპორტაჟი… ოკუპაციის თემაზე მულტიმედია პროექტი მოვამზადე. სოფელ ხურვალეთში უნდა წავსულიყავი. მახსოვს, ვირუსს ვებრძოდი, თუმცა იმდენად მინდოდა, იქ მცხოვრები ადამიანების ნახვა, მაინც წავედი. ოკუპაციის ხაზი და მის მიღმა დარჩენილი ქართული მიწა, საფლავები და სახლები რომ დავინახე, ოკუპანტი ქვეყნის მიმართ კიდევ უფრო დიდი ბრაზი ვიგრძენი. იქ მცხოვრები დავით ვანიშვილი, იგივე დათა პაპა, ატირებული იდგა და გვიყვებოდა, თუ როგორ ექცეოდნენ მის ოჯახს რუსი ჯარისკაცები, როგორ იტაცებდნენ ქართველ ბიჭებს და რუსეთში წაყვანით ემუქრებოდნენ. დღეს დათა პაპა ცოცხალი აღარ არის, მისი ერთადერთი სურვილი, რომ მავთუხლართებს მალე აიღებდნენ, ჯერ კიდევ არ ამხდარა…

ყველაზე მეტად ადამიანში ვაფასებ…  სიკეთეს და გულწრფელობას.

მჯერა, რომ… ბოროტება დამარცხდება.

ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს ჩემს თავში… სამართლიანი, ემპათიური და პასუხისმგებლიანი ვარ.

რაც ყველაზე მეტად არ მომწონს საკუთარ თავში… მარტივად ვბრაზდები, ბევრს ვფიქრობ და ვდარდობ…

ის, რის გარეშეც ვერ წარმომიდგენია ცხოვრება, არის… თავისუფლება, სიყვარული და სიკეთე.

ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა, რომ… ცხოველთა თავშესაფარი გამეხსნა. ქუჩაში მყოფ ყველა ძაღლს ვეფერებოდი, რის გამოც უფროსები მიბრაზდებოდნენ. თუმცა არასდროს მეშინოდა მათი, ისინიც გრძნობდნენ ალბათ, ჩემგან სიყვარულს და სახლამდე მაცილებდნენ. ახლაც ასეა. მიუსაფარი ცხოველების თავშესაფარი ჯერ ვერ გავაკეთე, თუმცა სახლში სამი ძაღლი მყავს. ეზოში მიკედლებულ ცუგაზეც ვზრუნავ.

ამ წამს ყველაზე მეტად მინდა, რომ ვიყო… რომელიმე ქვეყანაში, ზღვისპირა კურორტზე, სადაც მზე აცხუნებს და ძალიან ცხელა.

ნიჭი, რომელსაც მინდა ვფლობდე… ვფიქრობ, რომ ბევრი რამის ნიჭი მაქვს და კმაყოფილი ვარ. ალბათ, უფრო ვისურვებდი, რომ განსაკუთრებულ ძალას ვფლობდე – ფრენა შემეძლოს.

ამოჩემებული სამოსი… ასეთი სამოსი არ მაქვს. საბერძნეთში მოგზაურობისას, ერთმა ძალიან კარგმა ქართველმა გოგონამ სახსოვრად ჩანთა მაჩუქა, რომელიც ისე შემიყვარდა, უკვე რამდენიმე თვეა, ყველგან დავატარებ.

ყველაზე ხშირად მავიწყდება… არაფერი მავიწყდება.

ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ საუბარში, არის … “კადრი კარგია? თავზე ლოგო ხომ არ მადევს?“

ადრე ვფიქრობდი, რომ… ადამიანები არ იცვლებოდნენ. ასევე ვფიქრობდი, ვინც მიღიმოდა, ყველას ვუყვარდი და ჩემი მეგობარი იყო.

ახლა ვფიქრობ, რომ… ლამაზი ღიმილის მიღმა, სხვა სურათი შეიძლება იყოს.

თავისუფალ დროს… ჩემს ძაღლებთან ერთად ვსეირნობ. აუდიო წიგნებს ვუსმენ. საღამოობით მეგობრებთან ერთად მშვიდ ადგილს ვსტუმრობ, სადაც წითელი ღვინო აუცილებლად იქნება და ბევრს ვისაუბრებთ. ელექტრონული მუსიკის მოსმენა და დაგროვილი ემოციების ცეკვაში გამოხატვაც მიყვარს. ხშირად ვმარტოვდები კიდეც…

მეშინია… საკუთარ შიშებზე ბევრი ფიქრის ან ხმამაღლა საუბრის მეშინია.

ვტირი მაშინ, როდესაც… სულ ვტირი. მეგობრები ან ოჯახის წევრები ვიდრე ემოციური ან გულისამაჩუყებელი ისტორიების მოყოლას დაიწყებენ, მაფრთხილებენ, რომ არ ვიტირო, მაგრამ ცრემლებს მაინც ვერ ვიკავებ და მერე ამაზე ბევრს ვიცინით.

მრცხვენია მაშინ, როდესაც… სამსახურში მისვლამდე, ყოველ დილით, ორ ადამიანს ვხვდები, ერთი მოხუცი ბაბუა, მეორე ასაკოვანი ქალი. ორივე ქუჩაში, სიცივეში ზის და მოწყალებას ითხოვს. მრცხვენია, რომ ვერაფერს ვცვლი, მცირედი დახმარება არაფერია. გზას თავდახრილი ვაგრძელებ.

ყველაზე მეტად მიყვარს… სამყარო და შემოქმედი.

არასოდეს გავაკეთებ… ბოროტებას! და იმას, რაც თავისუფლებას დამაკარგინებს.

რისი თქმაც ყოველთვის მინდოდა და ახლა ვამბობ… მადლობა იმ ადამიანებს, ვისთან ურთიერთობამაც დადებითი და უარყოფითი გამოცდილებები შემძინა.

სიყვარული არის… აღმაფრენა და სხვა განზომილებაში გადასვლის ფორმულა.

ყველაზე ბედნიერი ვიყავი მაშინ… როცა პირველი კონცერტი მქონდა. ძალიან პატარა ვიყავი და ვღელავდი, დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი მაყურებლის, ქორეოგრაფისა და დედაჩემის წინაშე. ყველაფერმა კარგად რომ ჩიარა, ძალიან ბედნიერი ვიყავი და სცენაზე დაბრუნების სურვილი მქონდა.

როდესაც ცუდად ვარ… ბოლო დროს, ვხატავ და ემოციები ფურცელზე გადამაქვს. ცუდად ყოფნისას სხვადასხვა საქმით ვკავდები. ადრე ფოტოებს ვიღებდი, მერე ჩანახატების წერა დავიწყე. პანდემიის დროს დეპრესია მქონდა და იოგამ გამიტაცა, მედიტაციებით დავინტერესდი.

დღეს დილით პირველი, რაც გავიფიქრე იყო… რა კარგია, რომ დასვენების დღე მაქვს და გამოვიძინე.

ყველაზე დიდი სისულელე, რაც გამიკეთებია, არის… ადამიანებთან ვკამათობდი, რაც დროს მაკარგვინებდა და ენერგიას მაცლიდა. ახლა ენერგოვამპირებს ვუღიმი.

პირად ურთიერთობებში ვარ… რთული და მომთხოვნი. ცვალებადი ხასიათი მაქვს. თითქოს ჩემში ორი პიროვნება ცხოვრობს. ხანდახან მკაცრი ვარ, ხანდახან თბილი, მზრუნველი და მოსიყვარულე.

მინდა დამიმახსოვრონ, როგორც… უშუალო.

 

 

კომენტარები