მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

წამალაიძე, წერეთელი, წიკლაური – იცოდე შენი გვარის ისტორია

წამალაიძე, წერეთელი, წიკლაური – იცოდე შენი გვარის ისტორია

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთის” რუბრიკა – “იცოდე შენი გვარის ისტორია” დღეს წამალაიძის, წერეთლის და წიკლაურის გვარების ისტორიას გთავაზობთ.

წამალაიძე – გავრცელებულია მთიულეთში. მომდინარეობს საკუთარი სახელიდან “წამალა”. ამავე ძირისაა წამალაძე, წამალაშვილი.

წერეთელი – წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო ზემო იმერეთში. გვარადქცეული სადაურობის სიტყვა, წერეთი სოფელია გორის რაიონში. “წერეთლების უძველესი სამკვიდრებელი აღმოსავლეთ საქართველოში უნდა ვეძიოთ. ამ გვარის წინაპრები, როგორც ირკვევა, თავდაპირველად ზემო ქართლში მოსახლეობდნენ. გორის სამხრეთით, თრიალეთის მთის ჩრდილო მხრიდან მიემართება ქედი, რომელიც ახლაც ატარებს წერეთის ქედის სახელწოდებას, ხოლო იმავე რაიონში მდინარე ტანას შემდინარეთა ხეობაში მდებარეობენ სოფლები დიდი წერეთი და პატარა წერეთი. ჟამთა მიმავლობაში წერეთლებს ბინადრობა უცვლიათ. ნაწილი გადასულა იმერეთში, ნაწილი კიდევ დასახლებულა მდინარე ფრონეს ხეობაში, ცხინვალის მახლობელ მიდამოებში. ეს სანახები რომ ძველი საცხოვრებელი ადგილი ყოფილა წერეთლებისა ამას კარგად მოწმობს, ერთი სიგელი როსტომ მეფისა (1634-1653) ბოძებული მის მიერ 1648 წელს ვინმე ზაალ წერეთლისათვის”. წერეთლების სათავადო სამფლობელოს საწერეთლო ეწოდებოდა.

წიკლაური – წიკლაური სათემო გვარია გავრცელებულია ხევსურეთში. მთიულეთში წიკლაურებს უცხოვრიათ: ათნოხში, ბახანში, ბურსაჭილში, დგნალში, დიხჩოში, დოლასქედში, დუმაცხოში, ზანდუკში, ლუთხუბში, მაქართაში, საჩალის ჭალაში, საჯანაანში, და თოთიაურთ-კარში, ფახვიჯაში, ჩიბაურში, ცხვედიანში, ჭოჭოხში, ხოზაში და ჯუღისში.

დღეს ეს გვარი გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.

კომენტარები