წყალტუბოს განვითარების ჯგუფი (LAG წყალტუბო) სურსათის ნარჩენების შემცირების მიზნით ცნობიერების ამაღლების კამპანიას წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ახორციელებს. კამპანია მიზნად ისახავს ადგილობრივ მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდოს სურსათის ნარჩენების შემცირების გზებზე და ხელი შეუწყოს საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების მსხვრევას.
დღეს, სურსათის ნარჩენების ჭარბი დაგროვება ერთ-ერთი აქტუალური გლობალური გამოწვევაა, მაშინ, როდესაც გაეროს მონაცემებით, მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი შიმშილობს. ამის მიუხედავად, ყოველწლიურად, 1.3 მილიარდი ტონა საკვები იფლანგება, რაც საკმარისი იქნებოდა 2 მილიარდი ადამიანის გამოსაკვებად.
სურსათის ნარჩენების შემცირების მიმართულებით საქართველოში ევროკავშირისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ჩეხური ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“ (PIN) უკვე ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია საქართველოში სურსათის ნარჩენების, ფერმერთა სურსათის დანაკარგების და სათბური აირების გამოყოფის შემცირება, ასევე, ცნობიერების ამაღლება აღნიშნულ საკითხებთან მიმართებით.
სწორედ ცნობიერების ამაღლების კამპანიას ახორციელებს LAG წყალტუბო, რომლის ფარგლებშიც, უკვე გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები ჰო.რე.კა სექტორის წარმომადგენლებთან და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე პირებთან.
როგორც LAG წყალტუბოს აღმასრულებელმა დირექტორმა თეონა ქობულაძემ გვითხრა, ცნობიერების ამაღლების კამპანია მოიცავს, როგორც საინფორმაციო შეხვედრებს სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელ მოქალაქეებთან, ასევე, მისი მნიშვნელოვანი ნაწილია სოციალური მედია კამპანია და ახალგაზრდებთან მუშაობა.
“LAG წყალტუბოს საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ამოცანაა გარემოს დაცვაზე ზრუნვა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. ეს პროექტი კი ხელს უწყობს ამ მიმართულებით ადგილობრივ განვითარებას. სურსათის ნარჩენების ჭარბი დაგროვება წყალტუბოსთვის, როგორც ტურისტულად აქტიური ლოკაციისათვის, რეალური გამოწვევაა, მათ შორის, აქ არსებული სასტუმროების, რესტორნებისა და კაფეებისთვის (ჰო.რე.კა).
ამას ემატება ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებული ჩვევები, როგორიცაა სურსათის დაუგეგმავად და ჭარბად შეძენა, პროდუქტის ეტიკეტების სწორად გაშიფრვის არ ცოდნა, სადღესასწაულო სუფრებზე საკვების გადამეტებულად შეკვეთა, ნარჩენების დახარისხების და კომპოსტის დამზადების პრაქტიკის არ არსებობა და ასე შემდეგ. შედეგად გროვდება რეალურად ვარგისი სურსათი, რომლებიც ნაცვლად რთული სოციალური მდგომარეობის მქონე მოქალაქეებთან მიზანმიმართულად მისვლისა, ხდება ნარჩენი და ხვდება ნაგავსაყრელზე. ჩვენი კამპანიის მიზანია, დავეხმაროთ ადგილობრივებს, რათა გავიაზროთ სურსათის ნარჩენების დაგროვების მნიშვნელობა და ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოვიტანოთ ისეთი მარტივი ქცევები, როგორიცაა, მაგალითად, დაგეგმილი შესყიდვა, ვადასთან მიახლოებული ან ვადა გადაცილებული ვარგისი პროდუქტის გამოყენება, სუფრიდან დარჩენილი მზა საკვების წამოღება და უსაფრთხოდ შენახვა-გამოყენება. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში სურსათის ნარჩენების წარმოქმნის შემცირებას, მაშინ, როდესაც დღეის მდგომარეობით, საქართველოში ერთი ადამიანი ყოველწლიურად საშუალოდ 300 კილოგრამ ნარჩენს აწარმოებს და მათი 40% სწორედ სურსათის ნარჩენია“, – აცხადებს თეონა ქობულაძე, LAG წყალტუბოს აღმასრულებელი დირექტორი.
პროექტის „მდგრადი სასურსათო სისტემის დანერგვა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში უკვე დაფუძნდა სურსათის ბანკი თბილისში, რომელიც უზრუნველყოფს შეწირული სურსათის გადანაწილებას წყალტუბოს სურსათის ბანკის ფილიალში. სურსათის ბანკში თავს მოიყრის სურსათის ბიზნესოპერატორებისგან შეწირული ჭარბი სურსათი, რომელიც შემდგომ გადანაწილდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 1000-მდე ბენეფიციარზე.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, ჩეხური ჰუმანიტარული ორგანიზაციის „ფიფლ ინ ნიდის“ (“People In Need) მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, „საქართველოს წითელი ჯვარი“ (GRC), Parki Ar Minda და Eliots Sustainability.
კომენტარები