მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“მოვითხოვთ, ჩვენი მოძღვარი დაუბრუნდეს თავის სამწყსოს”, – მრევლი საპატრიარქოს ღია წერილით მიმართავს

“მოვითხოვთ, ჩვენი მოძღვარი დაუბრუნდეს თავის სამწყსოს”, – მრევლი საპატრიარქოს ღია წერილით მიმართავს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  მოსახლეობა საქართველოს საპატრიარქოს ღია წერილით მიმართავს. ისინი იოანე ნათლისმცემლის ტაძარში მამა გიორგი ნებიერიძის დაბრუნებას ითხოვენ.

მრევლი ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტს მეუფე იოანეს ცილისწამებაში, ტყუილში, გულგრილობაში და კრიმინალური სამყაროსთან დაახლოებულ პირებთან მჭიდრო თანამშრომლობაში ადანაშაულებენ.

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი” მრევლის ღია წერილს უცვლელად გთავაზობთ.

“სოფელ დერჩის იოანე ნათლისმცემლის მრევლის მიმართვა საქართველოს საპატრიარქოსადმი.

სოფელ დერჩში ქრისტიანული სარწმუნოება ჯერ კიდევ ადრეფეოდალურ ეპოქაში იკიდებს ფეხს, რისი დასტურიც გახლავთ ამ პერიოდიდან შემორჩენილი წმინდა გიორგის ტაძრის ნაშთები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია X-XIV საუკუნეებში აგებული იოანე ნათლისმცემლის მონასტერი. XIX საუკუნეში სოფელმა გაბრიელ ეპისკოპოსის ლოცვა კურთხევით კიდევ ერთი-მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარი ააგო.

ცხადია XX საუკუნეში, საბჭოთა ათეიზმის პერიოდში, ისე როგორც საქართველოს უმრავლეს სოფლებში, დერჩშიც შეწყდა წირვა-ლოცვა.

ქრისტიანული ცხოვრების ხელახალი აღორძინება დერჩში და მის მიმდებარე სოფლებში (მექვენა, ბენთქოულა, დღნორისა, ჭაშლეთი, საჩხეური, ლეხიდრისთავი) 2005 წლიდან დაიწყო, როდესაც ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსის კალისტრატეს ლოცვა კურთხევით დერჩში დაარსდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერი და აქ გამოიგზავნა ახალგაზრდა მღვდელმონაზონი მამა გიორგი (ნებიერიძე). ქრისტეს და მოყვასისათვის თავდადებულმა მოძღვარმა უდიდესი სითბო და სიყვარული შემოიტანა მოსახლეობაში. სოფელში ახალი, ქრისტიანული ცხოვრება დაიწყო. არ არსებობდა არანაირი ჭირი თუ ლხინი მამა გიორგი სოფლის გვერდში რომ არ მდგარიყო. ეს იყო უაღრესად ამაღელვებელი პროცესი, როდესაც ჭეშმარიტი მწყემსის ლოცვით და შრომით თითქმის ერთი საუკუნის განშორების შემდეგ მოსახლეობა  კვლავ ქრისტეს უბრუნდებოდა. რამდენიმე წლის შემდეგ ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ მამა გიორგი გელათის მონასტერში გადაიყვანა იქ შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად. მიუხედავად ამისა მოძღვარს სოფელი და მონასტერი მაინც არ მიუტოვებია და კვირაში რამდენიმე დღეს აუცილებლად დერჩში ატარებდა. როდესაც სოფელში მამა გიორგის ავტომობილი გამოჩნდებოდა გახარებული მოსახლეობა ერთმანეთს ახარებდა – მამა გიორგი დერჩშია, ჩვენთანაა. შემდეგ იყო ბაგრატის ტაძრის აღდგენა და აწ განსვენებულმა მეუფე კალისტრატემ როგორც ერთ-ერთი ყველაზე სანდო სასულიერო პირი, აქაც მამა გიორგი განამწესა.  გელათისა და ბაგრატის მონასტრებშიც უაღრესად ნაყოფიერი იყო მამა გიორგის მოღვაწეობა, რისი დასტურიც ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აქ მის ირგვლივ შემოკრებილი მრავალრიცხოვანი სულიერი შვილები და მრევლია. უნდა აღვნიშნოთ, რომ არც ამ შემთხვევაში მიუტოვებია მოძღვარს ჩვენი სოფელი, უფრო მეტი – მან ერთმანეთთან დააახლოვა გელათის, ბაგრატის და დერჩის მრევლი, როგორც ქრისტეს ერთი დიდი ოჯახი.

სამწუხაროდ, ყველაფერი შეიცვალა, როდესაც ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსი გახდა მეუფე იოანე (გამრეკელი). მართალია თავიდან მან თითქოს კარგი დამოკიდებულება გამოამჟღავნა მამა გიორგის და დერჩის მონასტრისადმი, მაგრამ დროთა განმავლობაში, როდესაც დაინახა თუ რა დიდი სიყვარულით სარგებლობდა მამა გიორგი მრევლის და მოსახლეობის მხრიდან, დაიწყო თითიდან გამოწოვილი და ყალბი ბრალდებებით მისი შევიწროება. 2024 წლის სექტემბერში მან უკანონოდ გააძევა ჩვენი საყვარელი მოძღვარი ეპარქიიდან. აქედან მოყოლებული მისი მრევლი დავრჩით უნუგეშოდ და უპატრონოდ. განსაკუთრებულ ტკივილს გვაყენებს ის ფაქტი, რომ მეუფე იოანე გამრეკელთან დაახლოებული რამდენიმე სასულიერო პირი და ასევე კრიმინალური წარსულის პიროვნება ეპარქიაში მამა გიორგის შესახებ ავრცელებს სხვადასხვა ბინძურ ცილისწამებას და ცდილობს მოსახლეობაში მისი ავტორიტეტის შებღალვას. ასევე ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ მამა გიორგის ეპარქიიდან გაძევების შემდეგ მეუფე იოანე არ მოსულა ჩვენთან, არანაირი ახსნა განმარტება არ გაუკეთებია მრევლისთვის თუ რატომ დაგვტოვა მოძღვრის გარეშე, არანაირი ნუგეში და მამობრივი სითბო მისგან არ მიგვიღია და გვიგრძნია. უფრო მეტიც – რამდენიმე ხნის წინ სოფლის მრავალრიცხოვანი მრევლი მივიდა მოკრძალებული თხოვნით, რომ დაებრუნებინა მამა გიორგი სოფლისთვის. მან  არათუ არ შეისმინა მოსახლეობის თხოვნა, არამედ განუცხადა მრევლს – მამა გიორგის თქვენთან არ უნდოდა ყოფნა ამიტომ იჩივლა და თავისი ნებით გადავიდა ეპარქიიდან და მე რა გიყოთო. ეს არის სიცრუის და ცინიზმის მწვერვალი. ჩვენ ვართ უაღრესად შეურაცხყოფილები და იმედგაცრუებულები, ამიტომ მივმართავთ საპატრიარქოს დახმარებისათვის. ჩვენ მოვითხოვთ (და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ) რომ ჩვენი მოძღვარი დაუბრუნდეს თავის სამწყსოს. აუცილებლად მიგვაჩნია, რომ ჩვენი ტკივილი და გასაჭირი მივიდეს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ყურამდე, რომლის უდიდესი ქრისტიანული სიყვარულისა და მზრუნველობის იმედად ვრჩებით”, – აღნიშნულია ღია წერილში.

 

კომენტარები