ხონი — ქალაქი საქართველოში, იმერეთის მხარეში, ხონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ცხენისწყლის ნაპირას, ზღვის დონიდან 114 მ სიმაღლეზე, თბილისიდან 266 კმ, სამტრედიის რკინიგზის სადგურიდან 19 კმ.
ხონის ტერიტორიაზე ნაპოვნია გვიან ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი, თუმცა აქ მუდმივი დასახლება ფეოდალურ ხანაში აღმოცენდა. მისი დაარსება უკავშირდება აფხაზთა მეფე თეოდოს II–ს. XI საუკუნეში მეფე გიორგი I-ის დროს აშენდა ხონის ეკლესია ეკლესია დიდი ზომის ბაზილიკური, სამნავიანი, უგუმბათო ნაგებობაა.
1529 წელს ხონი გახდა საეპისკოპოსო ცენტრი, რამაც ხელი შეუწყო მის ტერიტორიულ ზრდასა და სამეურნეო-ეკონომიკურ აღმასვლას. ხონში ნაპოვნია „კოლხური თეთრის“ 1270 მონეტა, ასევე ბიზანტიური და თურქული მონეტები. XVIII ს-ში ხონი წარმოადგენდა მნიშვნელოვან სავაჭრო პუნქტს.
“არს ხონსა ეკლესია დიდი, გუმბათიანი, შვენიერ-ნაგები. ზის ეპისკოპოზი, მწყემსი ვაკისა“ (ვახუშტი ბატონიშვილი)
რუსეთის იმპერიის მიერ იმერეთის სამეფოს დაპყრობისა და რუსული მმართველობის პერიოდში ხონი გახდა ვაკის მაზრის ცენტრი. 1820-იან წლებში ხონის მოსახლეობა 250 ოჯახი იყო. ქალაქში იყო ბაზარი და ეკლესია. 1846 წლიდან ქუთაისის გუბერნიის შექმნის შემდეგ ხონი ქუთაისის მაზრაში შედიოდა. 70-იანი წლებიდან იგი იყო საპოლიციო უბნის ცენტრი.
ხონი განსაკუთრებით განვითარდა XIX საუკუნეში. 20-30-იან წლებში ის უკვე მჭიდროდ დასახლებული პუნქტი იყო. 50-იან წლებში აქ გაიხსნა თამბაქოს ბაზრობა. ხონის, როგორც სავაჭრო ცენტრის ფუნქცია განპირობებული იყო მისი მდებარეობით დასავლეთის მთიანი და დაბლობი ტერიტორიების შესაყართან. 1865 წელს ხონში პირველი თეატრალური წარმოდგენა გაიმართა. 1883 წელს ნესტორ წერეთელმა და მისმა ძმამ გახსნეს ქართული წიგნის მაღაზია. 1907 წელს ჩამოყალიბდა თეატრალური დასი. ხონში ჩამოყალიბდა პირველი სასულე ორკესტრი საქართველოში 1890 წელს. XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან დაბა ხონი ქუთაისის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო და სამრეწველო ცენტრი იყო იმერეთში. პარასკეობით იმართებოდა დიდი ბაზრობა. გამართული იყო წყლის ძრავაზე მოქმედი ხე-ტყის და საფეიქრო ფაბრიკები, მოქმედებდა აგურ-კრამიტის ქარხანა, აღმავალი გზით ვითარდებოდა მეაბრეშუმეობა. ხონი იყო საქართველოში აბრეშუმის ძაფისა და ნართის დამზადების უმსხვილესი ცენტრი. ხონი ქალაქად გამოცხადდა 1921 წელს. 1926 წლისთვის ხონის მოსახლეობა შეადგენდა 9010 ადამიანს, ხოლო ფართობი 24,4 კმ²-ს.
1936-1989 წლებში ხონს წულუკიძე ერქვა. ისტორიული ნაგებობებიდან შემორჩენილია წმინდა გიორგის ეკლესია (VIII-IX საუკუნეები) და სამასწავლებლო სემინარია (1881 წ.).
ხონში არის ჩაის, მსუბუქი და კვების მრეწველობის საწარმოები; თეატრი, ა. წულუკიძის სახლ-მუზეუმი. ხონში 1996 წლიდან არის ხონისა და სამტრედიის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია. სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებით უკავშირდება წყალტუბოს, სამტრედიას, ქუთაისს, მარტვილს, ბანძას. უახლოესი რკინიგზის სადგურია სამტრედია (22 კმ). ქალაქში არის ჯანდაცვისა და კულტურის დაწესებულებები, ოთხი საჯარო სკოლა.
კომენტარები