რამდენიმე მიზეზიდან ერთ-ერთი, რის გამოც ადამიანები ვაქცინაციაზე უარს ამბობენ, არის გავრცელებული ინფორმაცია, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს ადამიანის დნმ-ის (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა) შეცვლა შეუძლია.
სპეციალისტები განმარტავენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია მითია და რეალობასთან საერთო არაფერი აქვს.
COVID 19-ის ვაქცინების ნაწილი, მაგალითად – „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ვაქცინები მზადდება საინფორმაციო რიბონუკლეინის მჟავის გამოყენებით. საქართველოს დავაადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ ვაქცინის რნმ-ს არ შეუძლია ადამიანის დნმ-ის შეცვლა. რეალურად, ვაქცინის რნმ არ შედის უჯრედის ბირთვში, რომელშიც დნმ ინახება. შესაბამისად, ვაქცინის რნმ-ს არანაირი შეხება არ აქვს ადამიანის დნმ-თან.
რა უნდა ვიცოდეთ მ-რნმ ვაქცინებზე
მ-რნმ ვაქცინები შეიცავენ არა ვირუსს ან მისი ცილის (სპაიკცილის) ფრაგმენტს, არამედ – ინფორმაციულ ანუ მესენჯერ-რნმ-ს, რომელიც სპაიკცილის ინფორმაციის მატარებელია. ვაქცინის შეყვანის შემდეგ ორგანიზმი იწყებს სპაიკცილის წარმოქმნას, რომელსაც ამოიცნობს იმუნური სისტემა და იწყება იმუნური რეაქცია – ანტისხეულების გამომუშავება. სწორედ ეს ანტისხეულები იცავს მომავალში ორგანიზმს ინფიცირებისგან. შემდგომში, ვირუსის ორგანიზმში მოხვედრისას, იმუნური სისტემა დროულად ამოიცნობს მის ზედაპირზე არსებულ სპაიკცილას, როგორც უცხოს, და ვირუსს დაავადების გამოწვევამდე ანადგურებს.
ვინაიდან მ-რნმ ვაქცინა არ შეიცავს ცოცხალ ან ინაქტივირებულ ვირუსს, მას არ შეუძლია გამოიწვიოს კოვიდის ინფექცია. ვაქცინაციიდან რამდენიმე დღეში მ-რნმ თავისით იშლება.
კორონავირუსის საწინააღმდეგო მ-რნმ ვაქცინებია – “მოდერნა“ და „ფაიზერი“.
კომენტარები