DMO იმერეთის ინფორმაციით, იმერეთს არაბეთის გაერთიანებული საემიროდან ჩამოსული 200 საერთაშორისო მედიაწარმომადგენელი, ბლოგერი და ინფლუენსერი სტუმრობს, რომლებიც რეგიონის ღირშესანიშნაობებს, დაცულ ტერიტორიებს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, იმერულ მარნებსა და გასტრო სახლებს ესტუმრებიან.
ცნობილი მასშტაბური პროექტის მონაწილეებს “Let’s GET LOST with WIZZAIR“ – “მოდი, დავიკარგოთ Wizz air-თან ერთად“ ქუთაისი და იმერეთის რეგიონი 26-28 აგვისტოს ჩათვლით მასპინძლობს.
ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, “სამი დღის განმავლობაში სტუმრად მყოფი 200 ბლოგერის და ინფლუენსერის დახმარებით სამი დღის განმავლობაში კიდევ 30 მილიონი უცხოელი ადამიანი გაიცნობს იმერეთს. ეს კი ნიშნავს დამატებით ახალ ტურისტებს და დამატებით შემოსავალს”.
ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ქუთაისის მერიის ყოფილი თანამშრომელი და სამოქალაქო აქტივისტი ლევან ჭანჭალეიშვილი ეხმაურება.
“ეს 200 ბლოგერი საიდან მოიტანეს არ ვიცი, მაგრამ რეალობა ასეთია:
“ვიზეარი” ყოველწლიურად ატარებს კონკურსს და ვინც კარგ და კრეატიულ პოსტს, ფოტოს ან იუმორისტულ სურათს დადებს უფასო ბილეთს და ორი ღამის სასტუმროს აძლევს. ეს ხალხი ჩვეულებრივი “ვიზეარის” ტურისტები არიან. მოგზაურთა კლუბიდანაც იყო რამოდენიმე წასული “დასაკარგად”, ჭკვიანი და ნიჭიერი ადამიანები, მაგრამ არა ბლოგერები ან ტურისტულ მასაზე გავლენის მქონე ტიპები.
მიმართულება ბოლო დღემდე არ ჟღერდება, ამიტომ არ მიკვირს ასე ბოლო დღეს რომ გავიგეთ.
ძალიან, ძალიან მაგარია “ვიზეარმა” ქუთაისი რომ შეარჩია. მაგ კომპანიას უდიდესი წვლილი აქვს ქალაქის წინაშე”, – წერს სამოქალაქო აქტივისტი.
კომენტარები