ქუთაისის არქიელის გორის წმიდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძარი ერთ-ერთი ისტორიული ტაძარია ქუთაისსა და მთელ საქართველოში.
მე-19 საუკუნის შუა წლებში, ქუთაისში, არქიელის გორაზე რამდენიმე ძველი ტაძარი იდგა, რომელთაგან ღმრთისმსახურება მხოლოდ ერთში, წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში აღესრულებოდა. აღნიშნული ტაძარი, რომელიც ძალიან პატარა ზომისა და უბრალო ქვით ნაშენი იყო, ზოგიერთი ცნობით მე-9 საუკუნეში, ერთ-ერთი დოკუმენტის თანახმად კი 1500 წელს ყოფილა აგებული.
ტაძრის ტევადობის სიმცირისა (მასში ორმოც კაცამდე ძლივს ეტეოდა) და სიძველის გამო, 1862 წელს მრევლმა გადაწყვიტა ახალი ეკლესიის აგება. მრევლის სიღარიბის მიზეზით, მშენებლობა დიდხანს გაგრძელდა.
1882 წელს ახალმა კომიტეტმა ენერგიულად დაიწყო მუშაობა, შემდეგ შემადგენლობით: მღვდელი იოსებ აბრამიშვილი, ისიდორე და ბესარიონ გაბაშვილები, ვასილ, მაქსიმე და ლუკა აბულაძეები, მიხეილ ქუთათელაძე და დიმიტრი ალავიძე. უწმიდესმა სინოდმა ტაძრის მშენებლობისთვის გამოყო 3000 მანეთი, გენერალ-ლეიტენანტმა გროსმანმა – 800 მანეთი, სიმონ ალერწიანის ქვრივმა – 200 მანეთი, ნიკოლოზ მიხაილოვის ქვრივმა – 150 მანეთი. დიდი შემოწირულობა გაიღეს ტაძრის გალავანში იქვე დაკრძალული კონსტანტინე დადეშქელიანის მემკვიდრეებმა.
1889 წელს დასრულდა ტაძრის აგება. კანკელი დაამზადა ადგილობრივმა ოსტატმა ხუციბერიძემ, ხოლო ხატები კიევ-პეჩორის ლავრიდან გამოიწერეს. ტაძარი ნათალი ქვით ააგეს ბერძენმა ოსტატებმა: გიორგი შაბლახოვმა და ქრისტეფორე თოფალოვმა.
1891 წლის 15 სექტემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა წმიდა გაბრიელმა (ქიქოძე) საზეიმოდ აკურთხა ახლადაგებული ტაძარი, რომელსაც 200 მანეთად ღირებული სახარება შეწირა მე-2 გილდიის ვაჭარმა, დიმიტრი ბახტაძემ. 1940 წლის ივნისში, ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ წმიდა გიორგის ტაძარში ღმრთისმსახურება გააუქმა. ტაძრის, ენკენიის სახით კურთხევა შეასრულა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა ეფრემმა (სიდამონიძე) შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი). 1946-1947 წლებში წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი, ქუთაის-გაენათის ეპარქიის საკათედრო ტაძარი იყო.
ქუთაისის არქიელის გორის წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის გალავანში არაერთ საფლავს შორის ორი გამორჩეული და ისტორიული საფლავია, რომელთაგან ერთში სვანეთის უკანასკნელი მთავარი კონსტანტინე დადეშქელიანი, ხოლო მეორეში გურიის მთავარ ვახტანგ მესამის შვილთაშვილი და გურიის სამთავრო ტახტის ერთ-ერთი მემკვიდრე, პოეტი მამია გურიელი განისვენებს.
კონსტანტინე (მურზაყან) დადეშქელიანი
კონსტანტინე (მურზაყან) დადეშქელიანი დაიბადა 1826 წელს. მას მოღვაწეობა მოუხდა რუსული ცარისტულ-იმპერიალისტური უღლის ქვეშ მგმინავ საქართველოში. სწორედ, რუსეთის ოფიციალურ მოხელეებთან დაპირისპირებას შეეწირა მისი ამქვეყნიური სიცოცხლეც. ქუთაისის გუბერნატორმა ალექსანდრე გაგარინმა თავისთან დაიბარა კონსტანტინე დადეშქელიანი და 1857 წლის 22 ოქტომბრის შეხვედრისას განუცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ის (კონსტანტინე დადეშქელიანი) უნდა გადაესახლებინათ, რის გამოც მოხდა მწვავე დაპირისპირება დადეშქელიანსა და გაგარინს შორის. მთავარმა სასიკვდილოდ დაჭრა გაგარინი. დადეშქელიანს გაქცევაც უცდია, მაგრამ ის დააპატიმრეს და სამხედრო-საველე სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, იმავე წლის 5 ნოემბერს ქუთაისში დახვრიტეს. 1862 წლამდე კონსტატინე დადეშქელიანი დახვრეტის ადგილზე იყო დაკრძალული. 1862 წლის 5 აპრილს ის გადაასვენეს ქუთაისის არქიელის გორის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარის გალავანში. კონსტანტინე დადეშქელიანის გადასვენებას ხსენებული ტაძრის ეზოში პირადად ხელმძღვანელობდა იმერეთის ეპისკოპოსი წმიდა გაბრიელი (ქიქოძე). მთავრის ქვრივს, რუსუდან შარვაშიძეს დიდძალი შეწირულობა გაუღია არქიელის გორის წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის მშენებლობაში.
მამია გურიელი
რაც შეეხება მამია გურიელს, ის დაიბადა 1836 წლის 9 თებერვალს (ახ.სტ.). მისი მამა, დავით გურიელი იყო გურიის მთავარ ვახტანგ მესამის შვილიშვილი. მამია გურიელი, როგორც პოეტი და შემოქმედი, მეცხრამეტე საუკუნის საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია. ის იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. სიცოცხლის ბოლო წლები მან საკმაოდ მძიმე პირობებში გაატარა. მისი ცხოვრებისეული მდგომარეობა ასევე დაამძიმა ერთადერთი შვილის, კახაბერ გურიელის თვითმკვლელობამ. 1891 წლის 6 აგვისტოს (ახ.სტ.) მამია გურიელი გარდაიცვალა. ის დაკრძალეს ქუთაისის არქიელის გორის წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის გალავანში.
მამია გურიელის საფლავი
1910-იან წლებში ცნობილმა ქართველმა პოეტმა გალაკტიონ ტაბიძემ დაწერა ლექსი „მამია გურიელის საფლავზე“:
“თავ-დახრილი, მწუხარე, ვდგევარ მე შენს საფლავთან,
ცოცხალთ სამყოფ-ბინისგან უნუგეშოდ ლტოლვილი,
და ფიქრები გარშემო ირევიან თანთადან,
ვდგევარ აქ ყველასგან დევნილ-უარყოფილი…
და საფლავში მდებარე, უფრო ახლო ხარ ჩემთან,
ვინემ ცოცხალთა გუნდი, ეგ გუნდი გარეწარი.
მინდა ბევრი რამ გითხრა, რის თქმას ვერ ვბედავ სხვებთან,
მაგრამ შენც დავიწყების გფარავს შავი ზეწარი.
მოგატვილა ცხოვრებამ და სამარემდე გდევნა,
წაგართვა ყველაფერი, ჩაგიქრო ყრმობის დილა,
მხოლოდ ერთი სიკვდილის, მარადისობის ხვევნა
ცხოვებამ ვერ მოგისპო, ყოფნამ ვერ დაგიჩრდილა.
ოჰ, მაინც მეცოდები, საშინლად მეცოდები,
ტკბობა და ნეტარება სიცოცხლეშივე გსურდა,
ქვეყნათ ვერ მოისმინე თანაგრძნობისა ხმები,
და მომავლის იმედი ისე გაგინადგურდა…“.
კონსტანტინე დადეშქელიანისა და მამია გურიელის საფლავები ამ დრომდე სრული სახით დაცული და შემონახულია ქუთაისის არქიელის გორის წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის გალავანში.
კონსტანტინე დადეშქელიანის საფლავი
მთავარი ფოტო: ქუთაისის არქიელის გორის წმიდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძარი
ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი
კომენტარები