მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ხარაგაული – გაიგე შენი მუნიციპალიტეტის ისტორია

ხარაგაული – გაიგე შენი მუნიციპალიტეტის ისტორია

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, იმერეთის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრია დაბა ხარაგაული.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი მდებარეობს საქართველოს ცენტრალურ ნაწილში. მუნიციპალიტეტს დასავლეთით ესაზღვრება ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები, სამხრეთით ბორჯომის, აღმოსავლეთით ხაშურის, ჩრდილოეთით კი ჭიათურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტები. მუნიციპალიტეტის ფართობია 913,9 კმ².

მუნიციპალიტეტში 78 დასახლებული პუნქტია: 1 დაბა და 77 სოფელი, რომლებიც იყოფა 20 ადმინისტრაციულ ერთეულად: 1 დაბა, 16 თემი, 3 სოფელი (ხარაგაული, ბაზალეთი, ბორითი, ვარძია, ვახანი, ზვარე, კიცხი, ლაშე, ლეღვანი, მოლითი, ნადაბური, სარგვეში, საღანძილე, ფარცხნალი, ღორეშა, წიფა, წყალაფორეთი, ხევი, ხიდარი, ხუნევი).

მუნიციპალიტეტის ძირითადი წიაღისეულია მარმარილო (მოლითის, მარელისის, ბჟინევის და საქასრიის საბადოები), კირქვა (ხარაგაულის), კვარცის ქვიშა (ქროლის), ცარცი (ბაზალეთის და საქასრიის), მინერალური საღებავი (უბისის), მინერალური სამკურნალო წყლები (ნუნისის, ზვარეს, უკანჭალის).

მუნიციპალიტეტის ტერიტორია დასახლებული იყო ქვის ხანიდან. მდინარე ჩხერიმელას მარჯვენა ნაპირას, ხანდების კლდეში ნაპოვნია ზედა პალეოლითის ხანის ადამიანის მღვიმე-ნამოსახლარი, დევისხვრელი. სოფელ ბორში 1938 წელს ჩატარებულმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ აღმოაჩინა ათიოდე ჰექტარზე ბუდეებად გაფანტული ძვ. წ. I ს. – ძვ. წ. III ს. ბრაინჯაოს ხანის საგვარეულო და საოჯახო სამაროვნები. მათ შორის II-III სს. 2 მდიდრული ნეკროპოლი. ნაპოვნი ნივთები ინახება სანქტ-პეტერბურგის მუზეუმში ერმიტაჟი. სავარაუდოა, რომ სოფელი ბორი პიტიახშთა ერთ–ერთი რეზიდენცია იყო. არქეოლოგიური მასალა აღმოჩენილია ასევე სოფელ ბეჟათუბანში, საგვეშში, ლეღვანსა და გოლათუბანში.

ფეოდალურ ხანაში მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა არგვეთის საერისთავოში, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობის იყო, რადგან მასზე გადიოდა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი გზები. 1774 წელს აქ მოხდა ჩხერის ბრძოლა იმერეთის სამეფოსა და ოსმალეთის იმპერიის ჯარს შორის. ცენტრალური მნიშვნელობის იყო ვახანის ციხე, სადაც 1804 წელს გაფორმდა ელაზნაურის შეთანხმება, რომლითაც იმერეთის სამეფო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა.

1917 წლამდე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრაში. 1921-1929 წლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა ქუთაისის მაზრაში. 1930 წლიდან შეიქმნა ხარაგაულის რაიონი. 1932-1989 წლებში მას ორჯონიკიძის რაიონი ეწოდებოდა.

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის 2005 წლის 16 დეკემბრის №2304-რს ბრძანების საფუძველზე მოხდა საქართველოს რაიონების რეორგანიზაცია, რის შედეგადაც არსებული რაიონები შეიცვალა მუნიციპალიტეტებად. სსიპ „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის“ (ს/ნ. 243570989) გადამხდელად რეგისტრაციის თარიღია 2006 წლის 20 ნოემბერი, ხოლო რეგისტრაციის თარიღი — 2006 წლის 27 ნოემბერი.

მუნიციპალიტეტის მთავარი მდინარეა ძირულა. მისი შენაკადებია — მარჯვნიდან: ხელმოსმულა, დუმალა, ვაშლეურა, მეჩხეთურა; მარცხნიდან: ბორიმელა, რიკოთულა, გედსამანისწყალი, ბჟინეურა საკასრია, ღორეშისხევი. ძირულის მთავარი შენაკადი ჩხერიმელა თითქმის მთლიანად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ფარგლებშია. მისი შენაკადებია — მარჯვნიდან: თორზილაწყალი, ბლისხევი, ბალინწყალი, სილიღელე, ყორნება; მარცხნიდან: აბანოსღელე, ნუნისისწყალი, ვახანისწყალი, ბჟოლისხევი, ლეღვანურა, რუთიღელე და სხვა. მუნიციპალიტეტის დასავლეთ ნაწილში მოედინება მდინარე ბორიმელა.

რკინისჯვრის ქედზე, მწვერვალ სამეცხვარიოს აღმოსავლეთით მდებარეობს სამი მცირე ტბა. მდინარე ძირულა და მისი შენაკადები საზრდოობს უმთავრესად თოვლისა და წვიმის წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზაფხულში, წყალმოვარდნა — შემოდგომა-ზამთარში. ჩხერიმელა შერეული საზრდოობის მდინარეა. წლიურ ჩამონადენში ჭარბობს წვიმის წყალი. წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმცირობა — ზაფხულსა და ზამთარში, წყალმოვარდნები — შემოდგომაზე. მდინარეები გამოყენებულია წისქვილების ასამუშავებლად.

მუნიციპალიტეტი მდიდარია ტყეებით. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნაწილი. მთისწინეთსა და დაბალ მთებში გავრცელებულია წიფლნარ-რცხილნარი. მასთან ერთად არის წაბლი, მუხა, ცაცხვი, იფანი და სხვა. ზოგან გვხვდება წაბლნარ-რცხილნარისა და წაბლნარის მცირე კორომები. საშუალმთიან ზონაში ქვეტყეს ქმნის მარადმწვანე ბუჩქნარი: შქერი, ბაძგი, წყავი, თაგვისარა. ფოთოლმცვივანთაგან მთავარია იელი და ზღმარტლი. ბევრია მხვიარა: კოლხური სურო, ეკალღიჭი, კატაბარდა და სხვა. საშუალმთიან ზონაში გაბატონებულია წიფლნარი. მესხეთის ქედის ტყის ზემო სარტყელში გარდა ფოთლოვანებისა, არის წიწვნოვნებიც: ნაძვნარ-სოჭნარი; ზოგან ნაძვნარი, რომელსაც წიფელი ურევია. მდინარეების, ძირულისა და დუმალის წყალგამყოფზე შემორჩენილია ფიჭვნარი. მუნიციპალიტეტის ტყის ზემო საზღვართან სუბალპური მეჩხერი ტყეა: მაღალმთის მუხა, ნეკერჩხალი, არყი. უფრო მაღლა სუბალპური მდელოებია.

მუნიციპალიტეტის მთის ტყეებში ბინადრობს კავკასიური ირემი, მურა დათვი, ფოცხვერი, მელა, მგელი, კვერნა, მაჩვი, დედოფალა. ბევრია კურდღელი. ფრინველებიდან აღსანიშნავია: კავკასიური როჭო, მწყერი, შაშვი, კოდალა, ქორი, ყვავი და სხვა. მდინარეებში გავრცელებულია: ქაშაყი, კოლხური ტობი, ციმორი, კოლხური წვერა, ღორჯო. მდინარეთა ზემო დინებაში არის კალმახი.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლებიდან უმნიშვნელოვანესია უბისის მონასტერი, IX საუკუნის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც გამოირჩევა XIV საუკუნეში მხატვარ დამიანეს მიერ შესრულებული ფრესკებით.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა დევისხვრელისა და კოზმანის მღვიმეები, მელის ციხე (X-XII სს.), შუა საუკუნეების ვახანისა და ჩხერის ციხეები, საკულტო ნაგებობები: ნუნისის ღვთისმშობლის ეკლესია IX-X საუკუნეების მიჯნის ძეგლი და განვითარებული შუა საუკუნეების კახორი. სოფელ საქასრიაში დგას წმინდა გიორგის სახელობის IX-X სს, სავანის ეკლესიის ნაშთები.

კომენტარები